ასობით ბავშვი ბაგა-ბაღის გარეშე

რუსთავი

რუსთავში საბავშვო ბაგა-ბაღების მწვავე დეფიციტია, ასობით ბავშვი სკოლამდელი აღზრდის გარეშე რჩება, რაც, წლიდან წლამდე, მშობლების უკმაყოფილებას იწვევს.

წელს ვითარება, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ რუსთავის მერიამ ბაღებში რამდენიმე ათეული ადგილის დამატებისთვის იზრუნა.

Your browser doesn’t support HTML5

ასობით ბავშვი ბაგა-ბაღის გარეშე

მაგალითად, ახალგაზრდა დედამ, ელენე ტუღუშმა წელს ისევ, როგორც შარშან, ვერ მიიყვანა ბავშვები ბაღში. სამი შვილის დედა ამბობს, რომ ელექტრონული რეგისტრაცია კი გაიარეს, მაგრამ შვილები წელსაც, ე.წ მხოლოდ სარეზერვო სიაში მოხვდნენ.

რუსთავის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელების ონლაინრეგისტრირება 2103 წლიდან ხდება. ამისათვის, რუსთავის ბაგა-ბაღების მუნიციპალურმა გაერთიანებამ სპეციალური ვებგვერდი ილიას უნივერსიტეტის დახმარებით შექმნა. ბაგა-ბაღებში მოხვედრის მსურველთა რიცხვი უკვე რამდენიმე წელია აღემატება არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ამიტომ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის მისაღწევად – ერთადერთი უპირატესობა მშობლებს შორის რეგისტრაციისას გამოჩენილი სისწრაფეა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის აღიარებით, ადგილობრივი სკოლამდელი დაწესებულებების მწვავე დეფიციტია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსთავში მოსახლეობის ბუნებრივი მატება შეინიშნება, შესაბამისად, იზრდება ბავშვების რაოდენობაც.
„წლების განმავლობაში, როცა ბაღები დატვირთული არ იყო, გასხვისდა, დაინგრა, 2007 წლამდე გვქონდა 28 ბაღი, 6 ბაღი გასხვისდა იმ პერიოდში. ამან მოგვცა სავალალო მდგომარეობა, თუმცა, უფრო ადრე, 44 ბაღი ჰქონდა რუსთავს “.

ეკა ხუციშვილის თქმით, ასეთ პირობებში ონლაინრეგისტრაცია ერთადერთი სამართლიანი გამოსავალია, იმის მიუხედავად, რომ ასობით ბავშვი მაინც ბაგა-ბაღების გარეთ რჩება.

თუმცა მისი სიტყვებითვე, ახალი რეგულაციით, არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლამდელი აღზრდის გარეშე. გამოსავალი ახალი ბაღების აშენებაა. მისივე ცნობით, წელს დეკემბერში მე-10 ბაღი გაიხსნება, რომელიც, დამატებით, 160 ბავშვს მიიღებს.
საჯარო ბაღების გარდა, რუსთავში კერძო ბაღებიც არსებობს, გადასახადი 150 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს.

მაია წიკლაურმა ორი წლის შვილი ყველაზე ძვირადღირებულ ბაღში მიიყვანა. მშობლის თქმით, პირობები კარგია, მაგრამ სასურველია ინფრასტრუქტურის სრულყოფა, მაგალითად, ეზოში მწვანე საფარის არსებობა, სათამაშოების მრავალფეროვნებაც უკეთესის სურვილს ტოვებს, ყველაზე დამაფიქრებელი მაინც გათბობის სისტემაა.
„არა აქვთ ცენტრალური გათბობა, აქვთ ოთახებში დამონტაჟებული კარმები, ასეთი ტიპის გამათბობლები სახიფათოა, მითუმეტეს, მგონია, რომ ასეთი ტიპის გათბობა საბავშვო ბაღებში არ უნდა იყოს. ფანჯარა მაინც უნდა დატოვონ ღია მუდმივად“.

მაია წიკლაური ფიქრობს, რომ მისთვის მიუღებელი გათბობის სისტემის გამო, შესაძლებელია, ზამთარში შვილი ბაღიდან გამოიყვანოს.