აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს, მწვავე კრიტიკა რუსეთს

ირაკლი კობახიძე და დავით ბაქრაძე აშშ-ის კონგრესში გამართულ მიღებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს კონგრესმენებთან. ირაკლი კობახიძის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაზე კონგრესში სიტყვით გამოსული სენატორები და კონგრესმენები საქართველოს სრულ მხარდაჭერას აღუთქვამენ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ფონისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა, მიიწვია “National Prayer Breakfast“-ზე, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება ვაშინგტონში. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიწვეული ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს, მწვავე კრიტიკა რუსეთს

ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში

  • აშშ-ის კონგრესში გაიმართა მიღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად.
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს.
  • 10 თებერვლამდე გრძელდება ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში.

საქართველოს სრული მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მწვავე კრიტიკის ფონზე - ასეთია განწყობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დახვდა. ირაკლი კობახიძის პატივსაცემად კონგრესში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ, სიტყვით გამოსვლა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს. ტედ პოს განცხადებით, საქართველოს არსებობა უწევს რთულ სამეზობლოში, რუსეთის აგრესიული პრეზიდენტის პოლიტიკის პირისპირ, პრეზიდენტისა, რომელსაც კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი. პუტინს მან რუსული დათვი და ციმბირელი პლებეი უწოდა:

„ამიტომაც, პირველად თავს დაესხა და შეიჭრა საქართველოში, ვინაიდან საქართველო იყო და არის რეგიონში უძლიერესი დემოკრატია. მას სჯეროდა, რომ თუ გატეხდა საქართველოს, გატეხდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ - უკრაინას, მანამდე - ყირიმს და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. ვფიქრობ, მსოფლიო ხედავს ამ სურვილებს და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის გვერდით იდგეს მყარად, რომ დარწმუნდეს, რომ ისინი რჩებიან თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნებად და არ იქცევიან რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტებად“.

ავტორიტარული რეჟიმებით გარშემორტყმული საქართველოს დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა:

ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვითგამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს...
დევიდ პრაისი

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვითგამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი და ჰქონდეს მჭიდრო კავშირი დასავლეთთან“.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების კონგრესმენებს წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და უმნიშვნელოვანესი პარტნიორობისთვის. მისი შეფასებით, გასული წელი გამორჩეული იყო ორმხრივ ურთიერთობათა გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და კონგრესს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი მხარდამჭერი მტკიცე გზავნილებისთვის. მისი თქმით, ორ ქვეყანას აქვს საერთო ღირებულებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობას:

„ეს ღირებულებებია ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, თავისუფალი ვაჭრობა, ლიბერალური ეკონომიკა და, რაც მთავარია, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც იზიარებს ყველა ის ერი, რომელსაც სურს დემოკრატიულ ქვეყნებთან მეგობრობა. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და რაც მას განსაკუთრებულად აძლიერებს“.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები მიანიშნებს იმ დიდ მუშაობაზე, რომელიც კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს მხარდასაჭერადაა გაწეული. გზავნილი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია და რომ ის აძლიერებს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, დიდი ხანია ისმის, მიუხედავად ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებებისა, მაგრამ ამ გზავნილების შინაარსის სიმტკიცე, გიორგი რუხაძის სიტყვებით, განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა - მათ შორის იმან, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოვლენის შემდეგ კონგრესის პოლიტიკა გახდა უფრო კრიტიკული, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები რუსეთის მიმართ იყო შედარებით რბილი. კონგრესმა, ფაქტობრივად, პრეზიდენტს ხელიდან გამოჰგლიჯა საგარეო პოლიტიკის წარმოების ბერკეტები - განსაკუთრებით, რუსეთის მიმართ კრიტიკის ბერკეტები:

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად მუშაობს აშშ-თან და იქ ჩვენი ელჩიც აქტიურობს. თან ამას ემატება ლობისტური ძალისხმევა, რომელსაც ეწევა ჩვენი სახელმწიფო. ამას გარდა, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარებაა ისეთი, რომ ხელს უწყობს ასეთ ძლიერ გზავნილებს და საკანონმდებლო მხარდაჭერასაც...
გიორგი რუხაძე

“გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესი ყოველთვის უფრო ანტირუსულად იყო განწყობილი, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი და სახელმწიფო სამდივნო, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვანი ხმა საგარეო პოლიტიკაში - და, კონკრეტულად, საქართველოსა და რეგიონთან მიმართებაში - უკვე ისმის საკანონმდებლო ორგანოდან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად მუშაობს აშშ-თან და იქ ჩვენი ელჩიც აქტიურობს. თან ამას ემატება ლობისტური ძალისხმევა, რომელსაც ეწევა ჩვენი სახელმწიფო. ამას გარდა, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარებაა ისეთი, რომ ხელს უწყობს ასეთ ძლიერ გზავნილებს და საკანონმდებლო მხარდაჭერასაც”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში უკვე შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს. მან ირაკლი კობახიძე მიიწვია “National Prayer Breakfast“-ზე, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება ვაშინგტონში. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში 10 თებერვლამდე გრძელდება.