„მოპოვებული მოქალაქეობა“ - აშშ-ის იმიგრაციის რეფორმის ცენტრში

რა უნდა მოუხერხდეს 11 მილიონამდე იმიგრანტს, რომელიც აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობს? - ამ შეკითხვის ირგვლივ ვაშინგტონში აქტიურად მსჯელობენ. გაჩნდა „მოპოვებული მოქალაქეობის“ ცნება, რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი რიჩარდ სოლაში ამ თემაზე მუშაობის პროცესში საქართველოდან წასულ კაცს შეხვდა, რომლის ბედიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკოსთა დებატების შედეგზე.

მამაკაცმა თავი გაგვაცნო სახელით „თომა“. ის 50 წელს გადაცილებულია და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში არალეგალურად ცხოვრობს. ინგლისური ცუდად იცის. ამბობს, რომ თავისი ქალაქი, ქუთაისი, ხუთი წლის წინ დატოვა, როცა აშშ-ის ტურისტული ვიზა მიიღო. მას შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულა.

აქ ყველაფერია - სამუშაო ადგილები, შემოსავალი. აქაურობა ძალიან განსხვავდება საქართველოსგან. ამიტომაც გადავწყვიტე დავრჩენილიყავი - ჩავთვალე, რომ, ბოლოს, რაიმე გზით მივიღებდი საბუთებსო, უთხრა თომამ ჩვენს კორესპონდენტს.

თომას თქმით, აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული ბევრი მიგრანტი ვიზით განსაზღვრულ ვადას გადააცილებს ხოლმე. თომას მსგავსად, ბევრი შოულობს სამუშაოს მშენებლობებზე. თომა ამბობს, რომ იქ დარჩენა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო:

„ოჯახს გამოკვება სჭირდება, რაღაც უნდა გავაკეთო. იმით, რომ მე აქ, ამერიკაში ვარ, ჩემი ოჯახი არ შიმშილობს, ჩემი ნათესავები არ შიმშილობენ. ბევრს დავეხმარე აქედან, რათა თავი გაეტანათ იქ. ზოგს ოპერაცია სჭირდებოდა, ფული იყო საჭირო. ვუგზავნიდი, ვეხმარებოდი. ამ ყველაფერს ამერიკას ვუმადლი. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, მაგრამ ამ ქვეყანასაც პატივს ვცემ. ეს ქვეყანა ჩემთვის ერთგვარად მეორე დედაა“.
ბიზნესების, შრომითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები შეშფოთებით ლაპარაკობენ იმ უარყოფით შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს იმიგრანტთა საკითხის გადაუჭრელობას. ამდენად, დღევანდელ დღეს ვითარება მომწიფებულად მიმაჩნია...
ოდრი სინგერი


ბარაკ ობამას აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ ინაუგურაციიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ თეთრმა სახლმაც და კონგრესის ლიდერებმაც იმიგრაციის რეფორმის საკითხი კვლავ პრიორიტეტულად აქციეს. დისკუსიის მთავარ თემას კი სწორედ არალეგალური მიგრანტების ბედი წარმოადგენს. თომას მსგავსად, ამ დისკუსიის შედეგს აშშ-ში 11 მილიონამდე არალეგალურად მცხოვრები ადამიანი ელოდება და შეიძლება ყველა მათგანს არც ისეთ შორეულ მომავალში აშშ-ის მოქალაქეობის მიღების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდეს.

ბრუკინგსის ინსტიტუტში მომუშავე აშშ-ის იმიგრაციის პოლიტიკის ანალიტიკოსი ოდრი სინგერი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მართლაც მომწიფდა ვითარება 1980-იანი წლების შემდეგ პირველი მასშტაბური საემიგრაციო რეფორმის გასატარებლად:

„როგორც ჩანს, ვითარება მართლაც ხელსაყრელია და წლების განმავლობაში ამაზე უკეთესი შანსი არ გვქონია. ამის სიმპტომებს ის ადამიანები თუ ადგილები ავლენენ, საიდანაც უწინ წინააღმდეგობა მოდიოდა - რესპუბლიკელთა წამყვანი ლიდერები პირველად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს აშშ-ში სტატუსის გარეშე მყოფი ადამიანების ლეგალიზაცია. ბიზნესების, შრომითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები შეშფოთებით ლაპარაკობენ იმ უარყოფით შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს იმიგრანტთა საკითხის გადაუჭრელობას. ამდენად, დღევანდელ დღეს ვითარება მომწიფებულად მიმაჩნია“.

აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების უმრავლესობა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდანაა. გავრცელებული მონაცემებით, 60 პროცენტამდეა მექსიკიდან. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან აშშ-ში 50 000-მდე მიგრანტი ცხოვრობს არალეგალურად და მათი რიცხვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
ნამდვილი რეფორმა ნიშნავს მოპოვებული მოქალაქეობის მისაღებად პასუხისმგებლობით სავსე გზის დადგენას - გზას, რომელიც მოიცავს განვლილი ცხვორების შემოწმებას, გადასახადების თუ ჯარიმების გადახდას, ინგლისურის შესწავლას და რიგში იმ ხალხის უკან დადგომას, რომელიც აქ ლეგალურად ცდილობს ჩამოსვლას...
ბარაკ ობამა


1986 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა 3 მილიონამდე მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას - იმედოვნებდა რა, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებდა მექსიკის საზღვრიდან ხალხის შედინებას. თუმცა შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა - მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრი ამერიკელი კანონმდებელი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად დღესაც მოქალაქეობის მოსაპოვებლად კონკრეტული გზის დასახვას მიიჩნევს - ნაწილობრივ იმის გამოც, რომ არალეგალურად მცხოვრებთა მასობრივი დეპორტირება შეუძლებელი ამოცანაა.

ამ პოზიციის მიმართ ნელ-ნელა კეთილგანწყობას ავლენს ბევრი რესპუბლიკელიც, განსაკუთრებით ცვლილების პროცესში არსებული დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლათინური წარმოშობის ამომრჩეველი გავლენიან ძალად წარმოჩნდა. მათმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ობამას, რომელიც ცნობილი იყო როგორც იმიგრანტთა ინტერესების მიმართ მეტი თანაგრძნობით განმსჭვალული კანდიდატი.

იანვრის ბოლოს ორივე პარტიის სენატორებისგან შემდგარმა ჯგუფმა - მათ შორის, წარსულში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა - საემიგრაციო რეფორმის გეგმა წარმოადგინა, რომელშიც ბოლო ეტაპად მოქალაქეობის მიღება იყო გათვალისწინებული.

ეს გეგმა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მომავალ თვეში კანონპროექტად გადაიქცევა, მოქალაქეობის მიღებას უკავშირებს აშშ-ის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას და სხვა ზომებს. სწორედ ამ საკითხების დაკავშირება იძლევა იმედს, რომ კანონპროექტი კონსერვატორთა მხარდაჭერას მოიპოვებს.

ბარაკ ობამა


თავად ობამას გეგმა არ ითვალისწინებს მსგავს კავშირს თუ პირობებს. თავის გეგმებზე პრეზიდენტმა 12 თებერვალს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრა:

„ნამდვილი რეფორმა ნიშნავს მოპოვებული მოქალაქეობის მისაღებად პასუხისმგებლობით სავსე გზის დადგენას - გზას, რომელიც მოიცავს განვლილი ცხვორების შემოწმებას, გადასახადების თუ ჯარიმების გადახდას, ინგლისურის შესწავლას და რიგში იმ ხალხის უკან დადგომას, რომელიც აქ ლეგალურად ცდილობს ჩამოსვლას“.

„მოპოვებული მოქალაქეობის“ საკითხი კიდევ თვეების მანძილზე დარჩება განხილვის და დისკუსიის საგნად.

იმიგრაციის რეფორმის პირველი განხილვა სენატში 13 თებერვალს მოეწყო და მაშინვე გამოიკვეთა პარტიებს შორის სხვაობა ამ საკითხთან მიმართებით. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, ობამას ადმინისტრაცია სასაზღვრო უსაფრთხოებას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებსო, ლეგალიზაციის მცდელობებს კი „ამნისტია“ უწოდეს.
თუ გავითვალისწინებთ ინტერესს, რომელსაც ამ საკითხის მიმართ ავლენენ პოლიტიკოსები და სხვა ლიდერები, ასევე საზოგადოების მხარდაჭერას, სავარუდოდ, რაღაც ცვლილებას ვიხილავთ. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, ამას კონრეტულად რა სახე ექნება...
ოდრი სინგერი


მოქალაქეობის მიღების საკითხს ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. 13 თებერვალს „ასოშიეიტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სპიკერმა ჯონ ბეინერმა არ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტს, რომელშიც მოქალაქეობის მინიჭება იქნება გათვალისწინებული. ახლახან გამართულ სხდომაზე პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ გუდლატემ მიანიშნა, რომ შეიძლება არსებობდეს შუალედური გზა „მასობრივ დეპორტაციებსა და მოქალაქეობის გაცემას შორის“.

თუმცა ბევრი ანალიტიკოსი მაინც ვარაუდობს, რომ იმიგრანტთა ლეგალიზაციის ინიციატივას ხორცშესხმა უწერია. მათ შორისაა ოდრი სინგერიც:

„ამგვარი პროგრამის ამუშავებისა და მისთვის შესაფერისი კანდიდატების შერჩევის საკითხი წინაღობას შექმნის. და მაინც, მე ვფიქრობ, რომ თუ გავითვალისწინებთ ინტერესს, რომელსაც ამ საკითხის მიმართ ავლენენ პოლიტიკოსები და სხვა ლიდერები, ასევე საზოგადოების მხარდაჭერას, სავარუდოდ, რაღაც ცვლილებას ვიხილავთ. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, ამას კონრეტულად რა სახე ექნება“.

ამასობაში აშშ-ში ქუთაისიდან ჩასული და ჯერჯერობით არალეგალურად მცხოვრები თომა ამბობს, რომ მზად არის დაიწყოს გადასახადების გადახდა და აშშ-ის მოქალაქეობის მისაღები პროცედურების გავლა.

მისი თქმით, ამ ინიციატივის განხორციელება მის გარდა ბევრ იმიგრანტს მისცემს ოცნების ახდენის შესაძლებლობას - გამოვიდნენ ჩრდილიდან და იმუშაონ იმისთვის, რომ მალე აშშ-ის სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ:

„ეს თუ მოხდა, ამ ქვეყნისა და პრეზიდენტისთვის ვილოცებ“.