აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ კომენტარი გააკეთა აფხაზეთის დასავლეთში რკინიგზის გასუფთავების სამუშაოების დაწყებაზე და განაცხადა, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარების მცირე ჯგუფმა დაიწყო ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის 33-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან უპასუხა ტრანსპორტის დე ფაქტო სამმართველოს ხელმძღვანელს ზურაბ ხაჯიმბას, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოების მიზანი აფხაზეთის გავლით ტრანზიტული მგზავრობის აღდგენაა. მიქვაბიას თქმით, მას მსგავსი ინფორმაცია არა აქვს. „სასურველია, რომ რკინიგზის კაპიტალური რემონტი დაიწყოს, თუმცა საკითხი ჯერ ასე არა დგას“ - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა არტურ მიქვაბიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.