ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებოდ არჩევნებისთვის გახსნილ მედიაცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორ თეონა გოგიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოიკვეთა, თუმცა მათი რაოდენობა არ აღემატებოდა წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებს.თეონა გოგიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს დაწერეს 15 საჩივარი, რომელთა ერთი ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს

„დაუკმაყოფილებელი საჩივრები ძირითადად შემაჯამებელ ოქმებს ეხება და ეს ის საკითხია, რომელიც კანონმდებლობამ დაარეგულირა და საარჩევნო ადმინისტრაციებს მისცა უფლება, რომ ადგილზე მოხდეს შესწორებების შეტანა და განმარტების დართვა ოქმისთვის. ყველაფერმა ამან ჩვენ გზა დაგვიკეტა და შემაჯამებელ ოქმებზე დავას ვერ ვაგრძელებთ. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან ტროტუარზე გაჩენილი სააგიტაციო წარწერები, რაზეც ვერ ვდაობთ, რადგან კანონი არ არეგულირებს ამ საკითხს“.

ე.წ. კოორდინატორები ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახდენდნენ ამომრჩეველზე და ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნები არა დემოკრატიულად, არამედ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და ამომრჩეველს არ ეძლეოდა უფლება დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი...
კონსტანტინე რატიანი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორ თეონა გოგიშვილისავე განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირებულია, თუმცა ზოგიერთი მათგანი თვისებრივად განსხვავდება გასულ წლებში დაფიქსირებული დარღვევებისგან. „შენების მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ახლად არჩეულ მერს, გიორგი ჭიღვარიას, დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, რადგან მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 18 %-მა და მათგან „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმა მისცა 24 ათასამდე მოქალაქემ, მაშინ როცა ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი. ალუდა გოგლიჩიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს, როგორც გარეგნულად მშვიდს და იმ დარღვევებზე ლაპარაკობს,რომლებიც, მისივე თქმით, წლების განმავლობაში მეორდება:

„ვიზუალური ეფექტი ხილული არ ყოფილა. თუ ადრე უფრო მეტი იყო ქმედებები, მაგალითად, დაშინების თუ ზეწოლის და ა.შ., ახლა უფრო მეტი იყო მოსყიდვის ფაქტები. პოლიტიკა შეიცვალა, მაგრამ შინაარსობრივად არაჯანსაღი გარემოა და თვისებრივად არაფერი იცვლება. ჩვენ ვიღებთ დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას და წარმოუდგენელია, რომ მან ჯანსაღი რეფორმები გაატაროს, რომლის გარეშეც ქალაქი მილევადი რეჟიმითაა“.

ბლოკ “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას, შეფასებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, გარემო არ გაუმჯობესებულა და მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი მიზანი უკეთესი საარჩევნო გარემოს შექმნა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად ვერ უზრუნველყო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და კონკურენტული გარემოს შექმნა :

„შეცვალეს საარჩევნო კანონში ისე მუხლები, რითაც გააუარესეს იგი. ჯერჯერობით როგორიც უნდათ, ისეთ კანონებს იღებენ და ისეთ არჩევნებს ატარებენ, გასდით და ამიტომ გააგრძელებენ“.

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, კონსტანტინე რატიანის, განცხადებით, წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებისას საარჩევნო უბნებთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ პარტიული კოორდინატორები, რაც ამომრჩეველზე ზეგავლენის ერთგვარი შესაძლებლობაა:

„ე.წ. კოორდინატორები ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახდენდნენ ამომრჩეველზე და ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნები არა დემოკრატიულად, არამედ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და ამომრჩეველს არ ეძლეოდა უფლება დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი“.

კონსტანტინე რატიანისავე განცხადებით, ყოველი არჩევნებისას მატულობს ცენტრალური ხელისუფლების სურვილი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჰყავდეს უფრო მეტი წარმომადგენელი, რაც ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას და არა დემოკრატიულ განვითარებას.