ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, კახეთის 5 ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს. რეგიონის 6 ოლქიდან 50-პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი შიოლაშვილმა. ის ამბობს, რომ მეორე ტურში მის კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“ გამარჯვება არ გაუჭირდებათ.
Your browser doesn’t support HTML5
მეორე ტურში კახეთის 5 ოლქში ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილებზე გასული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. მათ შორის არის „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილი. ის ლაგოდეხი-ყვარლის ოლქში იყრის კენჭს. მან პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე მეტი ხმები მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ დეპუტატი გამხდარიყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავში, გიორგი ბოტკოველი, ამბობს, რომ ის მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სესიაშვილს დაუპირისპირდება და თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კახეთის რეგიონში არჩევნებმა და ხმის დათვლის პროცესმა, ზოგადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა უბნებზე საჩივრები მაინც დაიწერა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი კახეთში,ზურაბ მირზიკაშვილი, გვეუბნება, რომ საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება, რომლებიც, სავარაუდოდ, შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
როდის გაიმართება მეორე ტურები, ჯერ უცნობია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 51-ში გაიმართება.