კანდიდატების ურთიერთბრალდებები მარტვილში არჩევნების მეორე ტურის წინ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს 59-დან 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მათ შორის არის მარტვილი. აქ ერთმანეთს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და კოალიცია „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი დავით ინჯია დაუპირისპირდებიან.

იმ ფონზე, როცა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამეგრელოში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, მარტვილი გამონაკლისი აღმოჩნდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავე თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 17, 8%, მისმა კონკურენტებმა კი „ქართული ოცნებიდან“ 45,1%, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ 25, 95% მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება პირველივე ტურში ვერ მოიპოვა, არსებულ შედეგებს წარმატებულს უწოდებს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის მაჩვენებელი საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ის დარწმუნებულია, რომ ამჯერად გამარჯვებას დიდი უპირატესობით მოიპოვებს.

რაც შეეხება მის კონკურენტს, ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ რეალურად მეორე ტურში მარტვილშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა:

„ნაციონალების პარტია იყო, ნინოს სახით. სამწუხაროდ, ჩვენ გვაბრალებენ მათთან კავშირს, მაგრამ ფაქტი აგერაა. მოგიყვანთ ცოცხალ მაგალითებს. ვნახოთ, ვინ არის დავით ინჯიას შტაბში და ვინ უდგას გვერდით - ყველა მოქმედი ნაციონალები არიან, რომლებიც საკრებულოში და გამგეობაში ზიან ახლაც“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია „ქართული ოცნების“ კანდიდატს ეთანხმება მხოლოდ იმაში, რომ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ მარტვილის ორგანიზაციაში ნამდვილად არიან ყოფილი „ნაციონალები“, რომლებაც თავად მოისურვეს კონკურენტ პარტიაში გადასვლა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი არჩევნებში თავის დამარცხებასაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს:

„ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წევრები მიემხრნენ ბურჯანაძე-დემოკრატებს. სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჩემი კენჭისყრაც ცოტა დაგვიანებით მოხდა და ვიღაც-ვიღაცებმა ბურჯანაძე-დემოკრატებს დაუჭირეს მხარი“.

კოალიცია „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ მარტვილის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ მათთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, თუმცა სხვა მხრივ რაიმე პოლიტიკურ კავშირს პარტიასთან კატეგორიულად უარყოფენ:

„’ქართული ოცნების’ კანდიდატს არანაირი უფლება არ აქვს ბურჯანაძე-დემოკრატებზე ილაპარაკოს ასეთი ტონით. მას შეუძლია თავის პარტიაშიც მიმოიხედოს გარშემო“, - აცხადებს ირინა გადელია, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე მარტვილში. მეორე ტურში დავით ინჯიას გასვლას ის კანდიდატის „ღირსეულ“ თვისებებს უკავშირებს.

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ მარტვილის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

ცესკოს მონაცემებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 33, 640 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა 21, 26 -მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც 64, 88% - ს შეადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს 13 მუნიციპალიტეტსა და 8 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება.