ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, შესაბამის განკარგულებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი მაინც აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ პარტიის აკრძალვა, რომლის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
Your browser doesn’t support HTML5
2016 წლის 30 მაისს „ცენტრისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეიმურაზ ხაჩიშვილმა, საჯარო რეესტრში წარადგინა 2016 წლის 29 მაისის პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და მოითხოვა ახალი მონაცემების რეგისტრაცია: რიგგარეშე ყრილობის ოქმის თანახმად, პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი და პოლიტიკური საბჭო, შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ირაკლი ჩუბინიძე, დავით ხაჩიშვილი. საჯარო რეესტრმა განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2016 წლის 2 ივნისს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან, საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს. საჯარო რეესტრმა შეაჩერა წარმოება და პარტიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა, თუმცა, როგორც სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით დევიძემ განმარტა, ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული:
ეს გახლავთ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის...თამარ ჟვანია
„დღეის მდგომარეობით, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს რეგისტრირებული“.
სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოაწერა განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ:
„ეს გახლავთ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ცენტრისტების“, და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი“.
თამარ ჟვანიამ 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ პარტიების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან საჯარო რეესტრში და ცდილობენ მიიღონ საარჩევნო რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრმა „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 აგვისტოს მიიღო, ხოლო ცესკოს თავმჯდომარემ განკარგულება 16 აგვისტოს გასცა, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტს, ნინო რიჟამაძეს, აფიქრებინებს, რომ ეს სახელმწიფო უწყებები სათანადო კოორდინაციის გარეშე მუშაობენ.
„მნიშვნელოვანია, რომ რეესტრმაც და ცესკომაც მეტი ყურადღება დაუთმონ მსგავს საკითხებს. ორივე უწყება ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, რაც არ არის გამოსავალი და ვერ უზრუნველყოფს სამომავლოდ კანონის დაცვას“, უთხრა ნინო რიჟამაძემ რადიო თავისუფლებას.
ნინო რიჟამაძე იმასაც ამბობს, რომ „ცენტრისტებს“ აღარ მიეცემათ ხარვეზის გამოსწორების საშუალება, რადგან ხელიდან იქნება გაშვებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა:
„ეს უკვე იურიდიულად დამდგარი ფაქტია: მათ არ ჰყავთ ხელმძღვანელი, ამიტომ ვერავინ პარტიის სახელით მოქმედებას ვერ განახორციელებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების გამო „ცენტრისტები“ ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მაინც აპირებს სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას:
„კანონმდებლობა ორ ნაწილად ყოფს საკითხს: ერთი, როცა ეხება რეგისტრაციის საკითხს და მეორე, ზოგადად, საქმიანობის ეტაპს. ჩვენ ვთვლით, რომ რეგისტრაციის დოკუმენტებში - მათ შორის, წესდებაში - შესაძლებელია ანტიკონსტიტუციური არაფერი ეწეროს პარტიას, მაგრამ მისი საქმიანობის მიზნები, რაც ვლინდება კონკრეტულ საარჩევნო დაპირებებსა და მოწოდებებში, იქცეს მისი აკრძალვის საფუძვლად“.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება როგორც „ცენტრისტების“ ლიდერთა ცალკეული საჯარო გამოსვლები, ასევე სარეკლამო კლიპები, რომელთა მიხედვითაც, პარტია ამომრჩეველს ჰპირდება რუსულ პენსიას, ორმაგ მოქალაქეობას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას.