არაპოპულარულ პროფესიებზე სწავლება ბიუჯეტიდან დაფინანსდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში 21 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლების სრული კურსი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 2015/16 სასწავლო წლისათვის 8 უნივერსიტეტში სულ 5 653 ადგილი გამოიყო. გარდა ამისა, უკვე ორი წელია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 17 მიმართულებაზე სწავლა უფასოა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებისთვის ყველაზე სასურველპროფესიებად მაინც ბიზნესი, სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები რჩება.

ეკონომიკის სპეციალობა ერთ-ერთია იმ სამ მიმართულებას შორის, რომელზეც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სწავლა უფასო იქნება. დაფინანსებული ადგილების რაოდენობა სულ 120-ია. მათგან 70 ახალციხის, ხოლო 50 ახალქალაქის კორპუსისთვის განისაზღვრა. ეკონომიკის სპეციალობისთვის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. სახელმწიფოსგან ახალგაზრდებისათვის მსგავს ხელშეწყობას ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია აღნიშნული მიმართულებისადმი აბიტურიენტთა მოთხოვნილების დაბალი მაჩვენებლით ხსნის.

თემურ ინასარიძე სასურველ პროფესიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება. ერთი წლის წინ მან არჩევანი საჯარო მმართველობაზე გააკეთა და ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ იქონია. ახალგაზრდა სტუდენტი ამბობს, რომ დღესდღეობით პროფესიის არჩევას არა სურვილი, არამედ ფინანსური დაინტერესება განსაზღვრავს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ ახალგაზრდების დაინტერესება ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა. მიუხედავად ამისა,ზაზა სამსონიძე მიიჩნევს, რომ დღეისათვის ქვეყანაში გარკვეულ სპეციალობებზეკადრების ნაკლებობაა.

არქიტექტორი, გეოლოგი, ინჟინერი – ეს ის პროფესიებია, რომელთა მიმართაც ახალგაზრდების ინტერესმა წლებია იკლო. გეოლოგი ალექსი ბერიძე ამბობს, რომ ეს რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. გეოლოგის თქმით, არაპოპულარულ ფაკულტეტთა რიცხვში ის მიმართულებები მოხვდა, რომელთა დამთავრების შემდეგაც ახალგაზრდები დასაქმების კუთხით პრობლემებს აწყდებიან.

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დროს კანდიდატთა შერჩევა სამშენებლო და აგრარული მიმართულებებით გაუჭირდათ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის თქმით, კანდიდატები არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობებზე პოზიციები კვლავ ვაკანტური დარჩა.

რესპონდენტები ფიქრობენ,რომ პროფესიებზე, რომელთა მიმართ დღესდღეობით ინტერესი ნაკლებია, ახლო მომავალში სერიოზულიდეფიციტი გაჩნდება. ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და პრობლემის მოგვარების გზებიც დაისახოს. სპეციალისტების აზრით, ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების დაუფლების შემდეგ ახალგაზრდების დასაქმება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა. პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასეთია: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებანი, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები. პროგრამული დაფინანსება 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზეგაიცემა.