არაღიარებულთა შეხვედრა სოხუმში

ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა სოხუმში

7 ივლისს ორდღიანი ვიზიტით სოხუმს ეწვია სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, რომლის დელეგაციაში იმყოფებიან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, კულტურის მინისტრი და გენერალური პროკურორი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტები იმსჯელებენ ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე. ანატოლი ბიბილოვი სოხუმში რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდა.

Your browser doesn’t support HTML5

არაღიარებულთა შეხვედრა სოხუმში

ანატოლი ბიბილოვს საქართველო-რუსეთის საზღვარზე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია დახვდა. მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო ვლადისლავ არძინბას მემორიალი სოფელ ეშერაში, დღის მეორე ნახევარში კი ცხინვალელ კოლეგას რაულ ხაჯიმბამ უმასპინძლა. „საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“ - ასე შეაფასა საქართველოს ერთი სეპარატისტული რეგიონის ლიდერის სტუმრობა მეორე სეპარატისტულ რეგიონში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ:

შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია, ამიტომ მომზადდება სათანადო დოკუმენტაცია და სექტემბერში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, მომავალი წლიდან კი დაიწყება რესპუბლიკის გაზიფიკაცია...
ანატოლი ბიბილოვი

„ასეთი ვიზიტები, რომლებიც პირდაპირი დარღვევაა ნებისმიერი საერთაშორისო ვალდებულების, შეთანხმების თუ პრინციპის, ჩვენ ასეთ დროს ვრეაგირებთ არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით. ჩვენი ინსტრუმენტი არის დიპლომატიური მექანიზმები, საერთაშორისო ფორმატები და ყველა ის ფორუმი, სადაც საქართველოს სუვერენიტეტსა და საქართველოს ინტერესებზე შეიძლება იყოს მსჯელობა“.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ანატოლი ბიბილოვის სოხუმში ჩასვლა? ამ კითხვის პასუხად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმის“ თავმჯდომარე თემურ არბოლიშვილი ამბობს, რომ ვიზიტი სიმბოლურია და არანაირი ეკონომიკური ან პოლიტიკური შედეგები მას არ მოჰყვება:

„ერთმანეთში ელემენტარული აქტივობაც კი არ გააჩნიათ. მათი საერთო მიზანი და ამოცანა ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან საქართველოს და ეს ყველაფერი, თავისთავად ცხადია, კეთდება რუსეთის პირდაპირი დავალებით . არანაირი რეალური ბერკეტი მათ არ აქვთ იმისათვის, რომ ერთობლივი პროგრამები და აქტივობები განახორციელონ. საქართველოს სახელმწიფომაც არ უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება ასეთ ვოიაჟებს, არ ღირს ასეთ საკითხებზე გამოკიდება. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ საზოგადოებებს კონკრეტული ინიციატივები, იქნება ეს სატრანზიტო გზების გახსნა, ჰუმანიტარული პროგრამები, საგანმანათლებლო პროექტები ახალგაზრდებისთვის და ა.შ.“

თემურ არბოლიშვილის თქმით, ასევე სიმბოლური და არაფრისმომცემი იყო წლების წინ სოხუმსა და ცხინვალში საელჩოების გახსნა. ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელიც მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერები ცდილობენ შეავსონ ის ბუნებრივი დეფიციტი, რომელიც მათ საერთაშორისო ურთიერთობებში აქვთ.

ლევან გერაძე

„გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ეს უკანონო წარმონაქმნი აღიარებული არ არის, თუ არ ჩავთვლით რუსეთსა და მის რამდენიმე სატელიტს, ისინი ამგვარი ვიზიტებით ცდილობენ ამ დეფიციტის დაფარვას. მეორე ის, რომ მათ ერთი საერთო „კუკლავოდი“ ჰყავთ და პრაქტიკულად მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ და ქმნიან სახელმწიფოებრიობის ილუზიას იმ ჩარჩოებში, იმ ფარგლებში, რასაც მათ ეს „კუკლავოდი“ უწესებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან გერაძემ, რომლის თქმით, კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ ორივე რეჟიმს თავიანთ საზოგადოებებში სჭირდებათ იმის ჩვენება, რომ არსებობს თანამშრომლობის რეჟიმი საერთო მტრის წინააღმდეგ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ანატოლი ბიბილოვი სოხუმში ჩავიდა რუსეთიდან, სადაც ის „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ალეკსეი მილერს, შეხვდა. ვებსაიტ „ალანია ინფორმის“ ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა მიიღო დაპირება რეგიონის გაზიფიცირების თაობაზე.

„შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია, ამიტომ მომზადდება სათანადო დოკუმენტაცია და სექტემბერში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, მომავალი წლიდან კი დაიწყება რესპუბლიკის გაზიფიკაცია“, - ციტირებს ვებსაიტი ბიბილოვის სიტყვებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმის“ თავმჯდომარე თემურ არბოლიშვილიც ამბობს, რომ „გაზპრომმა“ თითქმის ბოლომდე დაასრულა კავკასიონის ქედის გავლით ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში გაზის გამანაწილებელი ქსელის შექმნასაც „გაზპრომი“ დააფინანსებს - პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 2,5 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარია. რაც შეეხება ტარიფს, ის დოტაციური იქნება და დროთა განმავლობაში გაუტოლდება ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ ტარიფს.