სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 91 პროცენტის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, მზადყოფნას გამოთქვამენ შ.პ.ს. ტელეკომპანია „საქართველოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადასცენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „რუსთავი 2“-მა უარით უპასუხა ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას ტელეკომპანიის 40 პროცენტის კოლექტივისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და შეაგება შემხვედრი ინიციატივა, რომელიც სწორედ საკონტროლო პაკეტის გადაცემას ითვალისწინებდა იმისთვის, რომ კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართვას ფიქტიური სახე არ ჰქონდეს და ვითარების რეალურად შეცვლას ემსახურებოდეს. ძმები ყარამანიშვილები ადასტურებენ, რომ ისინი თანახმანი არიან, ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავიდეს, მედიაექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ტელევიზიას რეალური სარედაქციო დამოუკიდებლობის შანსები გაუჩნდა.
Your browser doesn’t support HTML5
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აქციების 91 %-ის მფლობელებმა, ლევან და გია ყარამანიშვილებმა, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს წილების ღიად და სამართლიანად გადანაწილების შესახებ კონსულტაციების დაწყება 23 მარტს შესთავაზეს. განცხადებაში, რომელიც მათ „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელეს, ნათქვამი იყო, რომ მზად არიან ტელეკომპანიის კოლექტივს უსასყიდლოდ გადასცენ წილის 40 პროცენტი, რომელიც დაყადაღებულია, მაგრამ მზად არიან ხელშეკრულებები გაფორმდეს ახლავე იმ პირობით, რომ ძალაში ყადაღის მოხსნისთანავე შევიდეს. თავის მხრივ, შეთავაზებაზე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების უარის თქმის პირველი მიზეზი, რომელიც საპასუხო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაასახელა, ემყარებოდა იმას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეთავაზება წარმოადგენს ფიქციას - წილების გადანაწილებას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა, რაც ნიკა გვარამიას თანახმად, არ არსებობს. შექმნილ ვითარებაში კი „რუსთავი 2“-ის მართვაში კოლექტივის რეალურად ჩართვის გარანტიების უზრუნველყოფას, ნიკა გვარამიას თანახმად, ყველაზე უკეთ თანამშრომლებისთვის ტელეკომპანია ,,საქართველოს“ საკონტროლო პაკეტის გადაცემა მოემსახურებოდა. შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილების წინადადების საპასუხო ინიციატივის დასაბუთებისას ნიკა გვარამიამ რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი:
“შპს ტელეკომპანია „საქართველო“ არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტს. კოლექტივისთვის მისი გადმოცემით, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები „რუსთავი 2“-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშრებით“.
თუმცა ამ ორმხრივი შეთავაზებების ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40-პროცენტიანი წილის კომპანიის თანამშრომელთათვის უფასოდ გადაცემას გულისხმობდა, გაუგებარი აღმოჩნდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიასთვის. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის კოლექტივის საპასუხო შეთავაზებას ტელეკომპანია „საქართველოს“ საკუთრების წილის 51 პროცენტის გადაცემის შესახებ, პაატა სალია ამბობს:
“ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება განხორციელდეს, ანუ მიიღოს კოლექტივმა ყარამანიშვილებისგან ტელეკომპანია „საქართველოს“ წილი, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს წილებს „რუსთავი 2“-ში. სამართლებრივად ამის განხორციელება შესაძლებელია და აქ ჩვენ არანაირი ინტერესები არა გვაქვს, ასე ვთქვათ, ვინაიდან, ისევე როგორც ყარამანიშვილები, ტელეკომპანია „საქართველოც“, იმედი გვაქვს, ერთ დღეს არ იქნება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მათ ნაცვლად იქნება რეგისტრირებული ხალვაში. ამდენად, იმ კომპანიაში, რომელსაც ხვალ შეიძლება არ ჰქონდეს „რუსთავი 2“-ის წილები რეგისტრირებული, წილის გადაცემაც, მე ვფიქრობ, მაინცდამაინც არ არის, ასე ვთქვათ, სწორი, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის აზრით კი, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული ეს უკანასკნელი პროცესი თავისთავად უპრეცედენტოა. იგი ვერ იხსენებს სხვა შემთხვევას ქართულ მედიაში, როდესაც მფლობელს კოლექტივისთვის ქონების ნაწილის გადაცემა შეეთავაზებინოს. რაც შეეხება ამ შეთავაზებების შინაარსს, ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ სწორი იყო პოზიცია, რომელიც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა აირჩიეს:
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ტიპის ქმედებამ, აქტმა უნდა გამოიწვიოს თუნდაც იგივე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, მაშინ, ალბათ, მათ უნდა ჰქონდეთ იმ მოცულობის პაკეტი, რომ შეეძლოთ მოახდინონ ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტირება. ასევე, ის 51 პროცენტი, რომელიც თავად კოლექტივმა ახსენა, მე ვთვლი, რომ სამართლიანია. სხვა შემთხვევაში პირადად მე ამ შეთავაზების არსს ვერ ვხვდები. ის ფორმალობა არ უნდა იყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცენტების დასახელებებში იქით-აქეთ ითქვას, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი“.
ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ თუ ბიზნესმენ ყარამანიშვილებს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის ქონების შეთავაზებით, მართლაც, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლების უზრუნველყოფა სურთ და პროცენტული გადანაწილებაც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება, პროცესი დადებითად უნდა შეფასდეს, სხვა მხრივ კი მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.