ზუგდიდის სოფელ შამადელაში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია სოფელ შამადელაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამადელაში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რამდენიმე მოთხოვნით. შამადელას მცხოვრებლების თქმით, ელექტროსადენების სიძველის გამო, მცირედი წვიმის ან ქარის დროსაც კი სოფელს ელექტროენერგია ეთიშება. მიუხედავად იმისა, რომ შამადელაში წყლის გაყვანილობა გაკეთდა, რამდენიმე დღის წინ წყლის საქაჩი გაფუჭდა და უბანი კვლავ წყლის გარეშე დარჩა. წყლისა და ელექტროენერგიის სრულყოფილად მიწოდების მოთხოვნის პარალელურად, მოსახლეობა გზის მოხრეშვას და სოფლის სკოლის გარემონტებას ითხოვს. დაწყებითი კლასების საგანმანათლებლო დაწესებულება ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მშობლებს ბავშვების სკოლაში ტარების ეშინიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი, პრობლემების მოგვარების მიზნით, არაერთხელ დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის წარმომადგენელს სოფელში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს:

„103 მოსახლეც არ არის. სამმა ოჯახმა უკვე დატოვა აქაურობა და წავიდნენ. არ არის სოფელში პირობები და მიდის მოსახლეობა. მეც მინდა წასვლა, 70 წლის კაცს, და გთხოვთ, რომ არ გამიშვათ. ამ ასაკის კაცი სად უნდა წავიდე აწი“.

„ხომ ვართ აქ ხალხი, ხომ ვართ აქ ადამიანები. პატარა ქარი და აქ ყველაფერი ჩაფუშულია, არ არის შუქი. გამრიცხველიანებას არ აკეთებ, წყალს არ აკეთებ, გზას არ აკეთებ. რა უნდა გამიკეთოს მაშინ გამგებელმა?!“

„ჩვენი გამგებელი შევაწუხე. მოვიდნენ აქ, გვითხრეს, წყალი იქნება, გზა იქნება და ყველაფერიო... მოგვატყუეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თავის მხრივ, გამგეობაში არ იზიარებენ უყურადღებობასთან დაკავშირებით მოსახლეობის პრეტენზიებს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, შამადელა ერთ-ერთი პირველი სოფელი იყო, სადაც წყლის გაყვანილობის სისტემა და წყლის მრიცხველები დამონტაჟდა:

„ორი დღეა, რაც წყალმომარაგება შეუწყდა შამადელას და ეს გამოწვეულია იმით, რომ გაფუჭდა წყალსაქაჩი. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ იქ, ნახეს და არ არის შემაშფოთებელი ფაქტი. უახლოეს მომავალში იწყება წყალმომარაგების აღდგენა ისევ. შამადელას უბანში დაგეგმილია გზების მოხრეშვა, მოწესრიგება“.

პრობლემის მოგვარების პირობას დებს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი გონერ პაპავა. მისი განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ სკოლაში სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებული აქვს, მაგრამ მანამდე მცირედი რეკონსტრუქცია ჩატარდება, რომსწავლის პროცესი არ შეფერხდეს:

„ადგილობრივი ხარჯებით და იმ სოფლის მოსახლეობის ჩართვით, ჩვენ გავაკეთებთ ახალ სველ წერტილს. ამას სულ ერთი დღე სჭირდება, მეტი არა. ასევე ორ ოთახში გაკეთდება პატარა სარემონტო სამუშაოები. მაგრამ ამ სკოლის დამოუკიდებლად განსაზღვრა 2019 წლისთვის არის განსაზღვრული, ანუ იქნება დამოუკიდებელი კაპიტალური შენობა. მანამდე კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. ისე, იმ უბნიდან ადგილზე იქ მხოლოდ რვა ბავშვია“, - განუმარტა ჟურნალისტებს გონერ პაპავამ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ინდივიდუალურად მოხდეს გამრიცხველიანება, ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ მიმდინარე წელს ვერ დააკმაყოფილებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ეკა ურიდიას განცხადებით, ძალიან ცოტა აბონენტია დარჩენილი გამრიცხველიანების გარეშე. კომპანია გაითვალისწინებს მოთხოვნას, თუმცა მიმდინარე წელს სამუშაოებს ვერ განახორციელებს.

„მე, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ამ დღეებში ჩავალ და შევხვდები მოსახლეობას, რათა პირადად მოვისმინო მათი პრობლემები, რომ სათავო ოფისს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდო“, - განაცხადა ეკა ურიდიამ.

სოფელ შამადელას მცხოვრებლები ამბობენ, რომ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებენ.