17 ოქტომბერს კიევში საკანონმდელო ორგანოს წინ შეკრებილმა ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა ნაშუადღევს კარვები გაშალეს და მოაგორეს სამხედრო-საველე სამზარეულო, რაც მოასწავებს, რომ „საერთო უკრაინული შეკრების“ მონაწილეთა ნაწილი თუ მესამე რევოლუციის არა, ხანგრძლივი საპროტესტო აქციისათვის ნამდვილად ემზადება. მოვლენათა შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასრულებს თუ არა ხელისუფლება აქციის მონაწილეთა სამივე ძირითად მოთხოვნას. ესენია: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.
პეტრო პოროშენკოს მკაცრი მითითება
ვერხოვნა რადის საგანგებო სესიის დაწყებამდე უკრაინის ხელისუფლებამ უსაფრთხოების საგანგებო ზომებს მიმართა, რათა თავიდან აეცილებინა ვითარების დესტაბილიზაცია ცალკეული, როგორც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უწოდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან.
აქცია უკრაინაში
„საერთო უკრაინული შეკრების“ მონაწილეთა მოთხოვნები:
- ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა
- საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება
- ახალი საარჩევნო კანონის მიღება
„მე გაგებით ვეკიდები აქციებს და პატივისცემით ვარ გამსჭვალული მათი მონაწილეების მიმართ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოვითხოვ ყველა სამართალდამცველი ორგანოსაგან უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაიმეორონ 2016 წლის 31 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, როდესაც ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ, რომელმაც ეროვნული გვარდიის ნაწილებით ალყაში მოქცეულ პრეზიდენტის სასახლეში 17 ოქტომბერს მალტის პრეზიდენტს უმასპინძლა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველმა უწყებებმა, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დილიდან ჩახერგა პრეზიდენტის სასახლესა და ვერხოვნა რადასთან მისასვლელი გზები, ხოლო მთავარ შესასვლელებთან აღიმართა სპეციალური მეტალოდეტექტორები, რომლითაც გულდასმით ამოწმებდნენ ანტისამთავრობო შეკრების ადგილისაკენ მიმავალ ყველა პირს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ რადიკალურად განწყობილი ელემენტები 17 ოქტომბრისათვის ამზადებდნენ პროვოკაციებს შესაძლო ძალისმიერი სცენარით, რაც ითვალისწინებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. უშიშროების სამსახურმა წარმოადგინა ფაქტები იარაღის, ფულის, კომპიუტერული ტექნიკისა და ისეთი ნივთების ამოღების, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პროვოკაციულ-ძალადობრივი ხასიათის მოქმედების ჩასადენად.
მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა, მედიას აცნობა, რომ იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი თანამებრძოლის, დავით საყვარელიძის, დაცვის წევრი.
მიხეილ სააკაშვილის რადიკალიზმი
ვერხოვნა რადის წინ საპროტესტო აქციის დაწყებამდე და შემდეგაც ყველაზე უფრო რადიკალურად იყო განწყობილი ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ახალი ძალების რუხის“ ლიდერია. უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი, რომლის ექსტრადიციასაც საქართველო ითხოვდა, 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან სასაზღვრო რეჟიმის დარღვევით გადავიდა უკრაინაში, რის გამოც ლვოვის პოლიციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მიუხედავად ამისა, ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდება უკრაინაში და ერთ-ერთი მთავარი ძალაა „დიდი პოლიტიკური რეფორმების“ ეგიდით მიმდინარე აქციისა, რომელშიც მონაწილეობენ ასევე ოპოზიციურად განწყობილი უკრაინელი დეპუტატები, მოძრაობა „ალტერნატივა“, „დემოკრატიული ალიანსი“ და საზოგადოებრივი აქტივისტები. ამასთან, თუ აქციის სხვა მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებას სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულებისაკენ მოუწოდებდნენ, ტრიბუნაზე ასულმა მიხეილ სააკაშვილმა - არც მეტი, არც ნაკლები - პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნას სხვა ლიდერები არ შეუერთდნენ, სააკაშვილმა ეს მოთხოვნა მოხსნა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ დაშლილიყვნენ ხუთშაბათამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეასრულებდა მიცემულ დაპირებას. ვერხოვნა რადამ სწორედ 19 ოქტომბერს გადაწყვიტა კენჭი უყაროს „დიდი პოლიტიკური რეფორმების“ მომხრე ძალების სამიდან ორ მოთხოვნას: პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობის გაუქმებას და ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას.
პირველი შეტაკება „პრორუსულ აქციაზე“
უკრაინული მედიის ცნობით, ნაშუადღევის 16 საათზე ვერხოვნა რადის წინ მოხდა შეხლა-შემოხლა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის, რის შედეგადაც დაშავდა ერთი აქტივისტი და ერთი პოლიციელი. შეტაკების დროს 60 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, თავი გაუტყდა, ხოლო უგონოდ მყოფი პოლიციელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. რაც შეეხება სხვა ინციდენტებს, შუადღისას ყოფილი ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლებმა პოლიციელებს დაახლოებით 30 რკინის ფარი წაართვეს. საერთო არეულობაში ვიღაცამ ბრბოში ცრემლმდენი გაზი გაუშვა. ამის პასუხად უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა, რომლებსაც გრუშევკსის ქუჩა და პარლამენტის შენობა ცოცხალ ალყაში ჰყავთ მოქცეული, თავზე ჩაფხუტები დაიხურეს და თავდასხმის მოსაგერიებლად მოემზადნენ.
„აქციის მონაწილეები იმთავითვე იყვნენ განწყობილნი შეტაკებისათვის, ხოლო სახალხო დეპუტატ სემენ სემენჩენკოს წარმომადგენელს თან ჰქონდა იარაღი“, - განუცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ზორიან შკირიაკმა, ტელეარხ „უკრაინა 112“-ს . მან „პრორუსული პროვოკაციების“ ერთ-ერთ მოთავედ დაასახელა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შკირიაკმა „წრეგადასული“უწოდა.