ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება კვლავ აქტუალური ხდება

ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ მსჯელობა პარლამენტში კვლავ აქტუალურია. თუ პარლამენტში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდნენ, კანონის მიღება 2016 წლის გაზაფხულზე უნდა მოვასწროთო, დღეს საკითხის გააქტიურება მომავალი თვიდან იგეგმება.

Your browser doesn’t support HTML5

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება კვლავ აქტუალური ხდება

„ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობის გააქტიურებას საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ივნისიდან დაიწყებს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, „კომერსანტთან" საუბრისას. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, სავარაუდოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იქნება, რომელიც შეხვედრას ორგანიზებას გაუწევს.

კაკულიას განცხადებით, მისი სურვილია სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნეს საკითხი განხილული და ყველა მხარის პოზიციები - შეჯერებული.

„კანონპროექტის შემუშავებისას ევროკავშირის კანონმდებლობის და ჩვენი რეალობის გათვალისწინება უნდა მოხდეს. გვსურს, რომ ჩვენი პოზიცია შევაჯეროთ ევროპულ პრაქტიკას, ვნახოთ ქართული თავისუფალი ბაზრის გამოწვევები და მთლიანობაში ჩამოვყალიბდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეხვედრაზე, პირველ რიგში, ადგილობრივი მწარმოებლები იქნებიან მიწვეულნი. ასეთი ტიპის კონსულტაციები, სამწუხაროდ, აქამდე ვერ გაიმართა. ვფიქრობ, რომ ასეთი გაფართოებული შეხვედრა ივნისში შედგება", - აცხადებს კაკულია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა 2015 წელს დაასრულა. დაანონსებული იყო, რომ მისი ამოქმედება ამავე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის დღემდე არ არის მიღებული.

ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეს უდიდეს სიკეთედ მიიჩნევდა. „ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ“, - ამბობდა ის.

მანამდე, 2014 წლის იანვარში, კანონის შემოღებასთანდაკავშირებით ინფორმაცია ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გაახმაურა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვა იყო. მაშინ კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა, რომ მოსაწონი შეიძლება ადგილობრივი მწარმოებლისთვის ყოფილიყო, იმპორტიორისთვის კი - მიუღებელი.

ზოგადად, ანტიდემპინგური კანონი იმპორტიორებს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას უკრძალავს.

როგორც ყველა შეზღუდვა, რომელიც ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით მიიღება, ესეც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას იწვევს, რადგან ბიზნესის ნაწილი შიშობს, რომ იგი რეალურად არა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, არამედ თავისუფალ კონკურენციას დააზარალებს. სწორედ ეს წინააღმდეგობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღემდე კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა.