ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს ძირითადად სომხური და რუსული არხებიდან ეცნობა. ამბობენ, რომ ქართულენოვანი ინფორმაციის მიღება ჯავახეთში რთულია, რადგან თანამგზავრზე მყოფმა ქართულმა არხებმა მისამართი შეიცვალეს. ერთადერთი არხი ახალქალაქში, სადაც სომხურ ენაზე საქართველოში მომზადებული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ადგილობრივი ტელეარხი "ატვ12“-ია, თუმცა, მისგან განსხვავებით, ასევე ადგილობრივი არხები "ატვ12+“ და "ჯავახქი“ საკუთარ სატელევიზიო ეთერში მხოლოდ რუსული და სომხური არხების ტრანსლირებას ახდენენ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემაა სახელმწიფო ენის უცოდინრობაც, რის გამოც ისინი ძირითადად რუსულ და სომხურ გადაცემებს უყურებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ენობრივი ბარიერის პრობლემა, ჯავახეთის მსგავსად, ქვემო ქართლშიც მწვავედ დგას, რის გამოც რეგიონალური ტელეკომპანია “მარნეული ტვ” გადაცემებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ამზადებს. ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე სინქრონულად ითარგმნება პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაც. ადგილობრივები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სწორედ ნათარგმნი “მოამბის” წყალობით ეცნობიან, რადგან მარნეულის ტელევიზია სახელმწიფოებრივად აზროვნებს, – აცხადებს ტელეკომპანიის დირექტორი. შალვა შუბლაძე ირწმუნება, რომ რეგიონალურ მაუწყებელს დასავლური კურსი აქვს აღებული და რეგიონალურ უმცირესობებთან სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
ჯავახეთის ორი ტელეკომპანია, რომელიც რუსული არხების ტრანსლირებას ახდენს, საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის შემადგენლობაში არ შედის, – აცხადებს "გარბის“ აღმასრულებელი დირექტორი. ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ "გარბის“ წევრი ტელეკომპანიების - ახალციხის “მეცხრე არხის”, ნინოწმინდის “ფარვანასა” და ახალქალაქის “ატვ 12–ის” - წვლილი სამცხე-ჯავახეთში ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საქართველოში 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. დოკუმენტში ვკითხულობთ: “საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისა და მისი სტრატეგიული პარტნიორების შესახებ ინფორმაციას არა ქართულენოვანი სატელევიზიო არხებიდან და ბეჭდვითი მედიიდან, არამედ სომხური, აზერბაიჯანული და რუსული ტელევიზიებიდან იღებენ”. ლაშა ტუღუში სახელმწიფოს ურჩევს, ეთნიკურ უმცირესობათა ინფორმირებისა და მათი ინტეგრირების შესაძლებლობათა გასაზრდელად, ამ ორი რეგიონისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს.