„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: მთავარი პრობლემა პოლიციელთა ქმედებების გამოუძიებლობაა

ანგარიშის წარდგენა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საკვანძო პრობლემად მიაჩნია პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაძლო დანაშაულის გამოძიების მექანიზმის არარსებობა. ორგანიზაციის თანახმად, რომლის ანგარიში შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას და სხვა საკითხებსაც, მათ შორის ე.წ. „ციანიდის საქმეში“ არსებულ ხარვეზებს, აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებს და სხვ. კვლავ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენციარულ სისტემაში და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები.

Your browser doesn’t support HTML5

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: მთავარი პრობლემა პოლიციელთა ქმედებების გამოუძიებლობაა

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში

“ადამიანის უფლებათა ცენტრი”:

  • გასულ წელს მთავარ გამოწვევად რჩებოდა პოლიციელთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების საკითხი;
  • გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა, საქმეების გამოძიება და პრევენცია;
  • დაუსჯელი რჩებოდა რელიგიური და ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შელახვის ფაქტები.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს მთავარ გამოწვევად რჩებოდა პოლიციელთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების საკითხი, იყო სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებათა შელახვის ფაქტები და მათი არაეფექტიანი გამოძიება. კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა, საქმეების გამოძიება და პრევენცია. დაუსჯელი რჩებოდა რელიგიური და ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შელახვის ფაქტები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ე.წ. გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე, მათ შორის ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე. ის 2017 წლის 29 მაისის საღამოს გაუჩინარდა თბილისიდან და მოგვიანებით აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დეტალები აქამდე ცნობილი არ არის. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, აფგან მუხთარლის საქმემ შეკითხვებიც გააჩინა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხთან მიმართებით:

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დღისით, მზისით გაიტაცეს თბილისიდან და ის უცებ აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და აქ ეჭვი ჩნდება, რომ ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით მოხდა მისი გატაცება, ვინაიდან ის იყო აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰქონდა ინტერესი, რომ ის დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში და გასამართლებულიყო გამოგონილი ბრალდებებით. ასეთი ფაქტები მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე“.

პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გადაცდომები კვლავ არის პრობლემა და კვლავ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ამ ტიპის დანაშაულებს გამოიძიებდა...
თამარ ავალიანი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში საუბარია საქართველოში მცხოვრები, დემირელის კოლეჯის ყოფილი მმართველის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც. ის გასული წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით. მას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, 21 ნოემბერს, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩაბუქს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის და, შესაბამისად, მან ოჯახთან ერთად ლტოლვილის სტატუსი უნდა მიიღოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ყველაზე მწვავედ გამოხატულ საკითხებს ჩამოთვლის:

„პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გადაცდომები კვლავ არის პრობლემა და კვლავ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ამ ტიპის დანაშაულებს გამოიძიებდა. ჩართულები ვართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების გამოძიების პროცესში. გამოვყოფდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს. ამ საქმეში არსებითად დაირღვა ადამიანის უფლებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, გაუთქმელობის ხელწერილმა შეზღუდა ადვოკატები უფლებამოსილების განხორციელებაში, სიძულვილით მოტივირებული დანაშულის გამოძიებისას მოტივის გამოკვეთა კვლავ პრობლემას წარმოადგენს“.

თამარ ავალიანი, ალეკო ცქიტიშვილი

თამარ ავალიანის თქმით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა პენიტენციარულ სისტემაში, უარყოფითად უნდა შეფასდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც აიკრძალა მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის მიმოწერა. ამასთან, პრობლემად რჩება სისტემაში კრიმინალური სუბკულტურა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობის საკითხი და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პრევენციის საკითხი.