ანაკლიის პორტის საინვესტიციო პერსპექტივა

ანაკლია

აშშ-ში მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადასტურებს, რომ ინვესტორების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართაა. ეს მან გუშინ საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმის ,,Invest in Georgia’" დაწყებამდე აღნიშნა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ კომპანიების ვინაობა, რომლებიც ამ საინვესტიციო შესაძლებლობით დაინტერესდნენ.

ანაკლიის პორტში ინვესტიციების ჩადების მსურველებს სულ რამდენიმე დღე დარჩათ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა. ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბრისთვის იწურება.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს ოთხი ნავსადგური: ბათუმი (ოპერირებას ახორციელებს ყაზახური კომპანია იჯარის საფუძველზე. ნავსადგური ძირითადად ამუშავებს თხევად ტვირთს, ასევე, მშრალ ნაყარ ტვირთებსა და კონტეინერებს); სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც BP-ის საკუთრებაა; ფოთის პორტი, რომელიც ამჟმად დანიური “Maersk Group”-ის დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტის - „APM Terminals“-ის - საკუთრებაა (ნავსადგური ძირითადად ამუშავებს მშრალ ნაყარ ტვირთებსა და კონტეინერებს); საქართველოში ფუნქციონირებს ასევე ყულევის ნავსადგური, რომელიც SOCAR-ის საკუთრებაა და უმეტესად თხევად ტვირთებს ამუშავებს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებული ნავსადგურების სიღრმე არ არის საკმარისად დიდი მოცულობის, კერძოდ, PANAMAX ან VLC ტიპის გემების მისაღებად. შესაბამისად, საქართველოში დადგა საჭიროება აშენდეს შავი ზღვის ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ანაკლიის ნავსადგური, რომელსაც ექნება სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოტენციალი გაუმკლავდეს ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ტვირთბრუნვას.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ შეარჩიოს ინვესტორი, რომელიც ანაკლიის ნავსადგურს განავითარებს მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) ხელშეკრულების საფუძველზე.

მოწვევის თანახმად, ანაკლიიის ნავსადგური გამიზნული უნდა იყოს შერეული ტვირთისთვის - მოემსახუროს როგორც კონტეინერებს, ისე თხევად და მშრალ ნაყარ ტვირთებს. მშენებლობა უნდა დაიწყოს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში. მშენებლობის დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ შვიდ მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან შვიდი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ოც მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან თორმეტი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ორმოც მილიონ ტონა ტვირთს. საბოლოოდ ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 55 მილიონ ტონა ტვირთს.

ცხადია, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება არა მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ ამ ტვირთების მოზიდვა ანაკლიის პორტში, რაც არანაკლებ რთული და შრომატევადი სამუშაოა. ცხადია, იმ უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესების გარეშე, რომელთაც მსოფლიო სატრანსპორტო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავიათ, ამ მიზნის მიღწევაზე ფიქრი არარეალისტური იქნება. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული მსგავსი ინვესტორის შერჩევაც გაჭირდეს და ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კონკურსის ვადამ გადაიწიოს.