რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანიას, რომელიც ანაკლიაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ახორციელებს, ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ საგანგებოდ დაანონსებული პროექტი არ ხორციელდება, მოსახლეობას წყალი სახლში შესდის, იტბორება ტერიტორია და ზიანდება ინფრასტრუქტურა, რომელზეც მილიონობით ლარია დახარჯული:
„ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი, რაც ახლა ხდება ანაკლიაში. ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო მთლიანად დაზიანებულია პატრიოტთა ბანაკის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა. ტენდერი იყო გამოცხადებული 2012 წელს, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც დროულად უნდა დაეწყო ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, მაგრამ 2013 წელს ეს ტენდერი გამოცხადდა ჩაშლილად. ბატონი ნარმანია აქ მინისტრის რანგში იყო ჩამოსული და მას შემდეგ გავიდა ზუსტად 2 წელი. იმან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიაში არაფერი გაკეთებულა, იმან, რომ დაგვიანდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, გამოიწვია ის, რომ ახლა აქ დაზიანებულია მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება და ზღვა უკვე პრობლემას უქმნის მოსახლეობასაც“.
დეპუტატის სიტყვები დაადასტურეს სანაპიროსთან მდებარე სახლების მეპატრონეებმა. ანაკლიელების თქმით, ზღვის დონე ყოველწლიურად კლებულობს და ხშირად იტბორება მათი ეზო და სახლი. მიუხედავად იმისა, რომ მათ პირად საუბარში ნაპირსამაგრი სამუშაოების შენელება დაადასტურეს, ჩაწერაზე ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი რესპონდენტი, ნათელა შამახია, დასთანხმდა:
„ზღვა დაახლოებით 12 მეტრით ამოიწია და დიდი შტორმის დროს მივარდება სახლში. ეზოს სილით მივსებს. მეზობლებმა, აქაურმა მცხოვრებლებმა განცხადება დავწერეთ და გავაგზავნეთ. მთავრობას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებითაც კი არა“.
ანაკლიაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ქართული ჰიდროსაინჟინრო კომპანია ახორციელებს, სამშენებლო პროექტის ავტორ კორეულ კომპანია „დოხვას“ ზედამხედველობით. სამუშაოების შეფერხების მთავარ მიზეზად ჰიდროსაინჟინრო კომპანიის წარმომადგენელი წვიმიან ამინდებს ასახელებს. არჩილ სამუშიას განმარტებით, მიუხედავად ხელისშემშლელი ბუნებრივი მოვლენებისა, კომპანია ვალდებულებებს ხელშეკრულების მიხედვით ახორციელებს:
„ზღვა როგორც გვაძლევს მუშაობის საშუალებას, ისე ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში. ვმუშაობთ 2013 წლის აგვისტოს თვიდან და პირველი ეტაპი - სახმელეთო სამუშაოები - სრულიად დასრულებულია. საზღვაო სამუშაოებისგან გაკეთებულია ორი სექცია და ახლა მესამეს ვაკეთებთ. დღესდღეობით ტარდება სახმელეთო სამუშაოები“.
რაც შეეხება პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიას, არჩილ სამუშიას თქმით, აქაც მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ზღვის მიერ ტერიტორიის მიტაცებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები, რაც, მისი აზრით, გამორიცხულია მშენებლობისას დაშვებულ შეცდომას გამოეწვიოს. „პროექტია დადებული და როგორიც პროექტია... ნახაზების მიხედვით ვმუშაობთ. ზედამხედველებიც გვყავს, კორეელები, და მაგათ გარეშე ერთ ნაბიჯს არ ვდგამთ“.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ნაპირსამაგრი სამუშაოები 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში დაგეგმილია 4-კილომეტრიანი დამცავი ზოლის მშენებლობა, რისთვისაც, ჯამში, 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.