სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი

20 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა არგანაშვილი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სამწლიანი გამოკვლევის შემდეგ გამოაქვეყნა მწვავე ანგარიში სახელწოდებით „უყურადღებოდ მიტოვებულნი“.

2010 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე DRI-იმ აღრიცხა საქართველოს რეზიდენტულ დაწესებულებებში მოთავსებულ შშმ ბავშვთა და მოზრდილთა უფლებების დარღვევის ფართო სპექტრი. ანგარიში უმძიმეს, ხშირ შემთხვევაში, შემაძრწუნებელ ფაქტებს შეიცავს, რომელსაც ანგარიშის ავტორების თქმით, ადგილი აქვს საქართველოში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სახელმწიფო ინსტიტუციებში.

DRI-იმ შეისწავლა და შეაფასა შშმ ბავშვთა მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფო ბავშვთა სახლებში. ანგარიშის მიხედვით, „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, პერსონალი აღნიშნავს, რომ შშმ ჩვილი ბავშვები მოკლებულნი არიან სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმები ფიქრობენ, რომ ბავშვებს არ ექნებათ კარგი ცხოვრება. შედეგად, თანამშრომლები ამბობენ, რომ ზოგჯერ ისინი მხოლოდ ელოდებიან ბავშვების სიკვდილს თავიანთ აკვნებში. 2009-2010 წლების 18-თვიან პერიოდში ადგილობრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშვები“ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღრიცხა შშმ ბავშვების 30% სიკვდილიანობა“.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ანა არგანაშვილთან


„DRI-ის კვლევამ გამოავლინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სიცოცხლის დასაწყისში არ უტარდებათ მკურნალობა, სიცოცხლის ბოლოს არ უტარდებათ ტკივილგამაყუჩებელი პროცედურები. DRI-ის პედიატრიის ექსპერტის მიერ შემოწმებული არც ერთი ბავშვი, რომელიც განიცდიდა საშუალო ან მწვავე ტკივილს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში არ იღებდა ტკივილის საწინააღმდეგო მკურნალობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს წამების შესახებ სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, „ბავშვებისათვის ტკივილის საწინააღმდეგო წამლებზე უარის თქმა მწვავე ქრონიკული ტკივილის დროს შეიძლება გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით აღვიქვათ, როგორც წამება“, - მითითებულია DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში:

„მე თავად მაქვს ნანახი ექიმების მიერ გაცემული ცნობა მითითებით „უპერსპექტივო“ და იმის გამო, რომ შშმ ბავშვი უპერსპექტივოა, ექიმები არ აკეთებენ ინტერვენციას. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით თავიდან ბოლომდე დისკრიმინაციულია. სასწრაფო დახმარებაც კი არ მიდის იმ ადეკვატურობით ჩვილ ბავშვთა სახლში, როგორც უნდა მიდიოდეს, ამიტომ ერთი ძიძა და აღმზრდელი ამ ბავშვებთან ვერაფერს გახდება“, - ამბობს ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლების დილის გადაცემის ეთერში.

მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია, რა რეაქცია მოჰყვა DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ჯანდაცვის სამინისტროსგან: „მათ რელევანტური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ ფაქტების შესახებ ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, როდესაც ომბუდსმენმა ანგარიში გამოაქვეყნა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ დააყენა საკითხი, რომ შშმ ბავშვების მიმართ მიდგომები შესაძლოა მოძველებულია. დღესდღეობით ამის მეტი არაფერია ცნობილი“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ასევე არსებობს რამდენიმე საეკლესიო დაწესებულება, სადაც არანაირი მონიტორინგის საშუალება არ არსებობს, რაც იძლევა არაერთი ეჭვის საფუძველს, რომ იქ შესაძლოა ირღვეოდეს ბავშვთა უფლებები: „ასეთი ბავშვთა სახლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. სახალხო დამცველის ერთ-ერთ ანგარიშში არსებობს ჩანაწერი, რომ მათ მიმართეს ასეთი ტიპის დაწესებულებებს, მაგრამ მათგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს. არ მინდა, რომ წინასწარი დასკვნა გავაკეთო, მაგრამ რა ჩანაწერიც არსებობს ანგარიშში საეკლესიო ტიპის დაწესებულებებში არსებული შესაძლო საფრთხეების შესახებ, სხვა ქვეყნებში, მონიტორინგის შემდეგ, დადასტურდა. არ მინდა, რომ ეს ჩემს ქვეყანაშიც დადასტურდეს. ერთადერთი გამოსავალია, რომ დაიწყოს მონიტორინგი და კითხვებს პასუხები გაეცეს. შესაძლოა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სანამ მონიტორინგი არ ჩატარდება, ნებისმიერი უფლებადამცველი ორგანიზაცია დასვამს ძალიან ბევრ მძიმე კითხვას. ჩვენ კი პასუხები არ გვექნება“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ანა არგანაშვილის თმით, ისინი არაფორმალურ საუბრებში ამბობენ, „ეკლესიაა და რა ვქნათ, ვერ შევამოწმებთ“: „მე ძალიან ვწუხვარ, როდესაც სახელმწიფო მოხელეს აქვს ეს დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის ბავშვზე ზრუნვის მომსახურების მომწოდებელი. სახელმწიფოს უწერია თავის ვალდებულებებში, რომ ყველა ბავშვის უფლებები უნდა დაიცვას, და არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სად არის ეს ბავშვი განთავსებული. ამიტომ ჩვენ, როდესაც სახელმწიფო მოხელისგან გვაქვს მოლოდინი, რომ მან თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მან რაღაცნაირად უნდა მოუაროს მორალურ-ეთიკურ დილემებს და პრობლემას მიხედოს“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც DRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მითითებული, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარომადგენლის ინფორმაციით, საეკლესიო ტიპის დაწესებულებებში 1500-მდე ბავშვი ცხოვრობს. ანგარიშის მიხედვით, „ეკლესიის დაწესებულებების მონიტორინგის სრული არარსებობა ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაში წარმოადგენს ტრეფიკინგის საშიშროებას იმ ბავშვებისთვის, ვინც იმყოფება სეგრეგირებულ, არარეგულირებად და დახურულ დაწესებულებებში“.