1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიას, 95 წელიწადი გვაშორებს. საოცარი დამთხვევაა, რომ სწორედ თებერვლის მეორე ნახევარს, 23 თებერვალს, დაუკავშირდა სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია - ჩეჩნებისა და ინგუშების, როგორც არაკეთილსაიმედო და საბჭოეთისადმი მტრულად განწყობილი ხალხების, მასობრივი გასახლება.
საბჭოთა კავშირის ოფიციალური მონაცემებით, 1944 წლის 21-23 თებერვალს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში დეპორტირებული იქნა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი.
ჩეჩნებისა და ინგუშების გარდა, საბჭოთა დეპორტაცია განიცადეს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებმა, მათ შორის, ყალმუხებმა, ყარაჩაელებმა და ბალყარელებმაც, თუმცა ჩეჩნები და ინგუშები პროცენტულად ბევრად აღემატებოდნენ ყველა დანარჩენ რეპრესირებულ ხალხს. ასეთი მასობრივი დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად იქცა „ფაშისტი ოკუპანტებისათვის ხელშეწყობაში“ მათი დადანაშაულება. ჩეჩნებმა და ინგუშებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1957 წელს მიიღეს.
Your browser doesn’t support HTML5
2010 წლიდან მოყოლებული, 23 თებერვალი ჩეჩნეთში გლოვისა და ხსოვნის დღედ აღინიშნება, თუმცა, როგორც ჩემი კოლეგა ამინა უმაროვა, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი, ამბობს, რუსეთის მარიონეტი ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, დღეს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 72 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები დავიწყებას მიეცეს.
ამინა უმაროვა: „ჩეჩნეთში, 2014 წლიდან მოყოლებული, კატეგორიულად აკრძალულია დეპორტაციის უბრალოდ ხსენებაც კი. მოარული ხმების თანახმად, ვლადიმირ პუტინს უთხოვია კადიროვისათვის, არ ჩაეშხამებინა მისთვის სოჭის ოლიმპიადის განწყობა და არ ყოფილიყო არავითარი ხსენება დეპორტაციისა. თუ გახსოვთ, სოჭის ზამთრის ოლიმპიადა სწორედ დეპორტაციის ტრაგედიის მორიგ წლისთავს დაემთხვა. თუმცა მეზობელ ინგუშეთში, ჩვეულებრივად, ყოველ 23 თებერვალს იკრიბებიან და ნორმალურად აღნიშნავენ ტრაგედიის წლისთავს. ინგუშეთში მემორიალიც დგას დეპორტირებული და გადასახლებაში დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად. სხვათა შორის, ჩეჩნეთში, მისი პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის, დროს, ყოველი მხრიდან მოჰქონდათ „ჩურტები“ (ასე უწოდებენ ძალიან ძველ საფლავის ქვებს). ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ასეთი ისტორია: 72 წლის წინ, როდესაც ჩეჩნები და ინგუშები გაასახლეს, გროზნოს ცენტრში სამი დღის განმავლობაში იწვოდა ხელნაწერები, დოკუმენტები და ბიბლიოთეკებიდან გამოტანილი სხვადასხვა წიგნები, საფლავის ქვები კი შინსახკომელებმა აყარეს და მათ შემდგომში ხიდებისა და საღორეების ასაშენებლად იყენებდნენ. ცხადია, საბჭოთა პერიოდში დეპორტაციის ხსენება კატეგორიულად აკრძალული იყო, თუმცა ჩვენს ოჯახში 23 თებერვალს ბლინებს ვაცხობდით და მეზობლებს ვურიგებდით. მხოლოდ როცა წამოვიზარდეთ, მეხუთე-მეექვსე კლასში რომ ვიყავი, ბებიამ ასეთი ისტორია მიამბო. იგი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც პაპაჩემის დაღუპვის ამბავი მოვიდა. იგი საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა და სტალინგრადთან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. და, აი, ფეხმძიმე ბებია, ამ სამკუთხა ბარათით ხელში, სხვებთან ერთად შეაგდეს მატარებელში და გადაასახლეს, როგორც ოკუპანტების ხელშემწყობი ბოროტმოქმედი“.
უსაშინლესი დეპორტაცია - გადასახლების, დამცირებისა და შიმშილით სიკვდილის 13 წელი. გადასახლებაში ჩეჩნების მესამედი დაიღუპა. დიდი ნაწილი, წინააღმდეგობის გაწევის გამო, დეპორტაციის დროს დახვრიტა საბჭოთა შინსახკომის სადამსჯელო რაზმმა. ნაწილი გზაში დაიღუპა, უმეტესობა - გადასახლებაში, შიმშილითა და სიცივით...ამინა უმაროვა
72 წლის წინ, 1944 წლის 21-23 თებერვალს, საბჭოთა უშიშროების იმჟამინდელი შეფი, ლავრენტი ბერია, წარმოშობით ქართველი, მოსკოვიდან ხელმძღვანელობდა იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მონაწილეობით განხორციელებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში დეპორტირებული იქნა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი. ჩეჩნეთ-ინგუშეთში სპეცოპერაციის უხმაუროდ ჩასატარებლად, დაახლოებით, 120 ათასი ჯარისკაცი და მილიციონერი იქნა მობილიზებული.
ამინა უმაროვა: „ჩეჩნები შეხვედრის დროს, მისალმებისას, დღემდე იყენებენ გამოთქმას, რომელიც დეპორტაციის დროს გაჩნდა მათ ზეპირსიტყვიერებაში: „არაფერი თქვა, როდესაც დაგვაბრუნებენ“. რეპატრიაციის ლოდინის 13 წელი დეპორტირებული ჩეჩნებისთვის ლამის საუკუნეს გაუტოლდა. დედა მიამბობდა, რომ სკოლაში იყო, როდესაც რადიომ სტალინის გარდაცვალების ამბავი გადმოსცა. მასწავლებლები თურმე ხმამაღლა ტიროდნენ. მათი ასეთი განწყობა ბავშვებსაც გადაედოთ. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც საშინელება მოხდა და აქვითინდნენ. ამის დანახვაზე დედაც სხვებთან ერთად შიშით ატირებულა. შეუძლებელი იყო, რომ არ ეტირა სხვებთან ერთად, რადგან მათ მკვდარი სტალინისაც კი ეშინოდათ. რაც შეეხება სტალინის, ბერიას და გვიშიანის ქართულ წარმომავლობას, დედაჩემისგან ვიცი, რომ დეპორტირებული ჩეჩნები და მათი ახლობლები არასოდეს არ აიგივებდნენ ამ ჯალათებს ქართველ ხალხთან. ფოლკლორში შემორჩა სიმღერა „წყეულიმც იყავ, სტალინო!“ - ისინი სტალინს წყევლა-კრულვას უთვლიდნენ და მხოლოდ მას მიიჩნევდნენ მთელი ამ უბედურების მიზეზად. დეპორტაციის დროს, 1944-დან 1957 წლამდე, ჩეჩნებისათვის დაწესებული იყო ერთგვარი ტერიტორიული შეზღუდვა. ეს იყო 25- კილომეტრიანი ზონა, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც მათ 25- წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ანუ ერთი კილომეტრი ერთი წლის პატიმრობას უდრიდა. ასეთი საშინელი მდგომარეობის გამო, ჩეჩნეთის ინტელიგენცია ცდილობდა ხმა მიეწვდინა კრემლისათვის, მაგრამ მათ არავინ აძლევდა ამის საშუალებას და, სავარაუდოდ, ხრუშჩოვმაც მხოლოდ მაშინ მიიღო ჩეჩნეთის ინტელიგენცია, როდესაც პოლიტიკურად მიზანშეწონილად მიიჩნია დეპორტირებულ ჩეჩენთა ბედზე ლაპარაკი. მაგრამ მანამდე იყო უსაშინლესი დეპორტაცია - გადასახლების, დამცირებისა და შიმშილით სიკვდილის 13 წელი. გადასახლებაში ჩეჩნების მესამედი დაიღუპა. დიდი ნაწილი, წინააღმდეგობის გაწევის გამო, დეპორტაციის დროს დახვრიტა საბჭოთა შინსახკომის სადამსჯელო რაზმმა. ნაწილი გზაში დაიღუპა, უმეტესობა - გადასახლებაში, შიმშილითა და სიცივით, რადგან ზამთარსა და ყინვაში სახლებიდან აყრილ ადამიანებს უცხო ადგილას არავინ ელოდებოდა, ხოლო ყაზახები და ყირგიზები დეპორტირებულებს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რადგან მათთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომ კაციჭამიები მიჰყავდათ“.
ჩემმა კოლეგამ, ამინა უმაროვამ, გვიშიანი ახსენა. განვმარტავ, რომ საუბარია გენერალ მიხეილ გვიშიანზე, იმხანად საბჭოთა შინსახკომის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე, რომელიც, ლავრენტი ბერიას დავალებით, ადგილზე ხელმძღვანელობდა ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციას. არსებული ცნობებით, დეპორტაციის ოპერაციის დროს ჩეჩნეთის ერთ-ერთ სოფელში, ხაიბახში, გვიშიანის ბრძანებით, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოხდა.
ამინა უმაროვა: „გვიშიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩეჩნების გასახლების ისტორიაში. სხვათა შორის, დღემდე მივიწყებულია და კატეგორიულად იკრძალება მაღალმთიან სოფელ ხაიბახის მონახულება, სოფლისა, სადაც 72 წლის წინ შინსახკომელებმა ენით აუწერელი ტრაგედია დაატრიალეს. ამ ადგილებში ადამიანს ახლაც კი უჭირს გადაადგილება და წარმოიდგინეთ, 23 თებერვალია, მოდის თოვლი და როდესაც შინსახკომელებმა დანიშნულ ადგილს მიაღწიეს, ცხადი გახდა, რომ ამდენი ადამიანის გამოყვანა იქიდან შეუძლებელი იქნებოდა. მართალია, საბჭოთა ისტორიკოსები ჩეჩნებს არალოიალურად განწყობილ ხალხად მიიჩნევენ, მაგრამ მამაკაცების უდიდესი უმრავლესობა საბჭოთა არმიის რიგებში იყო გაწვეული, სოფლებში კი მოხუცები, ბავშვები და ფეხმძიმე ქალები რჩებოდნენ. სხვათა შორის, წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო, ჩეჩენ კაცთა უმრავლესობა გროზნოში ჩაიყვანეს, საბჭოთა არმიის დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად. იმავდროულად, სოფელ ხაიბახში ახლომდებარე ხუტორებიდანაც მოყარეს ხალხი და საკოლმეურნეო თავლაში შეყარეს. გვიშიანმა დაინახა, რომ ამდენი ხალხის ერთბაშად გაყვანას ვერ მოახერხებდა. შინსახკომელები დროშიც შეზღუდულნი იყვნენ: ოპერაცია, რომელსაც „ჩეჩევიცა“ უწოდეს, კრემლის ბრძანებით, სამ დღეში უნდა დაესრულებინათ (ეს კოდური სახელწოდება, ალბათ, იმიტომ შეარჩიეს, რომ „ჩეჩევიცა“ „ჩეჩენს“ ჰგავს ჟღერადობით). ასეთი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, „ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე“, ეტყობა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ზედმეტი ადამიანები ადგილზე დაეხვრიტათ. არსებობს გვიშიანის მიერ ბერიასთვის გაგზავნილი დეპეშა, რომელშიც ის უამინდობას უჩივის, რაც შეუძლებელს ხდიდა ერთბაშად ამდენი ადამიანის გამოყვანას, და მას რჩევას ეკითხება. სადეპორტაციოდ გამზადებული ადამიანები საჯინიბოში შეყარეს და უთხრეს: მოიცადეთ, ვიდრე შვეულმფრენებით ან დიდი თვითმავალი მანქანებით ჯგუფ-ჯგუფად გაგიყვანთო. ამ საუბარს შესწრებია ზიაუდინ მალსაგოვი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, რომელსაც, როგორც პარტიის წევრს, დავალებული ჰქონია აეხსნა ჩეჩნებისათვის, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა უშედეგო იქნებოდა და არავითარი ექსცესები არ ყოფილიყო. მაგრამ საჯინიბოში შეყრილი ხალხის დანახვაზე მალსაგოვი საშინლად აღშფოთებულა. ცხადია, იგი ვერაფრით გაუწევდა წინააღმდეგობას დეპორტაციას, მაგრამ ასეთ მოპყრობას აღუშფოთებია. თქვენ დანაშაულს სჩადიხართო, უთქვამს მალსაგოვს გვიშიანისათვის. ეს უკანასკნელი ისე იყო გაბრაზებული, დადგენილ ვადებში რომ ვერ ასრულებდა ბერიას ბრძანებას, რომ მალსაგოვს დახვრეტით დამუქრებია. საბოლოოდ, შინსახკომელებმა საჯინიბოს ცეცხლი წაუკიდეს. როდესაც შიგნით მყოფები მიხვდნენ, რომ ცოცხლად უპირებდნენ ამოწვას, ადამიანები გასასვლელს მიაწყდნენ. ხალხის დაწოლამ ვერ გაუძლო და საჯინიბოს კარები ჩამოვარდა. ამის დანახვაზე შეიარაღებულმა შინსახკომელებმა სროლა ატეხეს. გასასვლელი დახოცილთა გვამებით ჩაიხერგა, დანარჩენები კი საჯინიბოში ამოიწვნენ. ამ ყველაფერს ჰყავდა თვითმხილველები, იმ ჩეჩენი უხუცესების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ცოცხლები. მაშინ ისინი პატარები იყვნენ, მორიგეობით მწყემსავდნენ ცხვრის ფარებს მახლობელ ტყეებში და იქიდან ადევნებდნენ თვალს, რაც დაატრიალეს შინსახკომელებმა სოფელ ხაიბახში. სადამსჯელო რაზმის წასვლის შემდეგ, მწყემსები გამოვიდნენ ტყიდან და დამწვარი და დახვრეტილი ადამიანების გვამები საჩქაროდ დამარხეს. დათვლა არავის უფიქრია, რადგან დამწვართა გვამების გარჩევა, ერთი რომ, შეუძლებელი იყო და, თანაც, ჩქარობდნენ, რადგან შინსახკომელთა სხვა რაზმი არემარის ჩხრეკასა და სახლების წმენდას აწარმოებდა. ერთ-ერთ სახლში მათ იპოვეს ბიჭი, გვარად გაევი. მისი შვილი ცოცხალია და სწორედ იგია ავტორი წიგნისა „ხაიბახი - გამოძიება გრძელდება“.
ამას ჰყვება ჩემი კოლეგა ამინა უმაროვა, რომელმაც, ტრადიციის თანახმად, ამ 23 თებერვალსაც გამოაცხო ბლინები, საბჭოთა დეპორტაციის დროს დაღუპული წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად.
ისტორიკოსების შეფასებით, გადასახლების ადგილებში შექმნილი უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები ათეულ ათასობით ჩეჩენისა და ინგუშის სიკვდილის მიზეზად იქცა.