ამერიკის კონგრესის მკაცრი გადაწყვეტილება, საქართველო და განრისხებული რუსეთი

98 ხმით 2-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ამერიკის სენატმა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ძირითადად ეკონომიკური სანქციების რეჟიმს ამკაცრებს რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის. იმავე კანონპროექტს (419 ხმით 3-ის წინააღმდეგ) 25 ივლისს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატამ. ტექსტის თანახმად, ეს სამი ქვეყანა საფრთხეს უქმნის აშშ-ის კანონიერ ინტერესებს და გლობალურ უსაფრთხოებას, თუმცა დოკუმენტის უდიდესი ნაწილი რუსეთს შეეხება. დოკუმენტში სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები. მოსკოვმა უკვე გადადგა საპასუხო ნაბიჯი და უფლებები შეუზღუდა რუსეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ევროპელი მოკავშირეების ინტერესების დაცვაზეც აკეთებს აქცენტს, მისი შინაარსი ევროკავშირის მძაფრ უკმაყოფილებასაც იწვევს.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის კონგრესის მკაცრი გადაწყვეტილება, საქართველო და განრისხებული რუსეთი

“ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ მესიჯი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის... ის აწესებს მაღალ საფასურს რეგრესული და დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისთვის“, - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენჯელმა წარმომადგენელთა პალატის 25 ივლისის სესიაზე, როცა იქ სამი ქვეყნის - რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის - წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების საკითხს განიხილავდნენ. კანონპროექტი ძირითადად ამ სამი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ხასიათის სანქციების გაძლიერებასა და, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში სხვა ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის დამტკიცებამდე, 25 ივლისს გამართული 40-წუთიანი დებატების ფარგლებში, კონგრესმენები რუსეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს ძირითადად მკვეთრად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ედ როისმა, ეს ქვეყნები, გლობალური მშვიდობის გარდა, კონკრეტულად ამერიკის ინტერესების მტრებადაც დაასახელა:

„ეს სამი რეჟიმი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებს და თავისი მეზობლების სტაბილურობას არღვევს. ახლა ზუსტი დროა იმისთვის, რომ ძლიერი პასუხი გავცეთ მათ“.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით...

სირიაში ბაშარ ალ-ასადის „მკვლელი“ რეჟიმის მხარდაჭერის გარდა, რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის კონტექსტში კონგრესმენებმა დებატების ფარგლებში ბევრი ილაპარაკეს უკრაინაზე, მოლდავეთსა და საქართველოზე. შესაბამისად, კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ანექსია, ოკუპაცია, ძირგამომთხრელი პოლიტიკა, უნდა დაუბრუნოს ამ სახელმწიფოთა საზღვრების კონტროლის უფლება ადგილობრივ კანონიერ მთავრობებს და შეწყვიტოს თავისი უკანონო სამხედრო ყოფნა დამოუკიდებელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებზე. საქართველოს შემთხვევაში საგანგებოდ ესმება ხაზი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების დარღვევას:

„რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით. ამ მოთხოვნათა თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიყვანოს თავისი არმია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში თავისუფალი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ ჯგუფებს და კონფლიქტის ზონების მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას“.

კანონპროექტში აღნიშნულია ასევე, რომ 2018-2019 ფინანსური წლების განმავლობაში რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო ფონდში გამოყოფილი იქნება 250 მილიონი დოლარი, რომელიც, ამ ზეგავლენის შემცირების მიზნით, სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს და ასევე ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების პროცესში,მათ შორის: ალბანეთს, ბოსნიას, საქართველოს, მაკედონიას, მოლდავეთს, კოსოვოს, სერბიასა და უკრაინას.

პროექტი წარმოადგენს მორიგ ინიციატივას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოს მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან და კანონპროექტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაფიქსირება არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების სამართლებრივი შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის...
დავით ზალკალიანი

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის დამტკიცებამდე სამი დღით ადრე დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენჯელმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მიღწეულია ორპარტიული შეთანხმება სენატთანაც და რომ სენატიც უპრობლემოდ დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, რაც უკვე მოხდა. შემდეგ, კანონად ქცევისთვის, მას ხელი უნდა მოაწეროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს ინტერესების შესაბამისი „მეტად მნიშვნელოვანი“ კანონპროექტი ამავე სახით დაკანონდება და პრეზიდენტი ტრამპი მას ხელს მოაწერს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონპროექტი საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომებს იმეორებს და სულ უფრო ღრმავდება საქართველოს ურთიერთობები თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან:

„პროექტი წარმოადგენს მორიგ ინიციატივას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოს მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან და კანონპროექტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაფიქსირება არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების სამართლებრივი შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის... თქვენ იცით, რომ მანამდე კონსოლიდირებული ბიუჯეტის კანონში ჩაიდო პირველად ისტორიული ჩანაწერი, რომელიც პრაქტიკულად კრძალავს ამერიკის მიერ იმ ქვეყნების დაფინანსებას, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას ან რაიმე სახით ხელყოფენ საქართველოს სუვერენიტეტს.“

ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამტკიცებული კანონპროექტით უკმაყოფილო დარჩა რუსეთი. პირველი კომენტარი ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა და მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის სამწუხარო ამბავი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების მომავლისთვის და არანაკლებ სამწუხაროა საერთაშორისო სამართლის დარღვევის თვალსაზრისით. მსგავსი მოსაზრება გამოხატა, მაგალითად, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა ალექსეი პუშკოვმაც. ამასთან, ის თვლის, რომ რუსეთთან ერთად დაგეგმილი სანქციებით საქმე ევროპასაც გაუფუჭდება, რადგანაც კონგრესის კანონპროექტი მიზნად ისახავს მასშტაბური გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, განადგურებას. ეს არის გაზსადენი, რომელმაც რუსეთის გაზი გერმანიას უნდა მიაწოდოს და, პუშკოვის თქმით, ამ პერსპექტივას ბერლინი და გერმანული ბიზნესი ვერანაირად ვერ შეელევა. 27 ივლისს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც:

„ჩვენ, როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს და მოთმინებით ვიქცევით, მაგრამ რაღაც მომენტიდან ჩვენ პასუხის გაცემა მოგვიწევს“.

ამერიკის კანონპროექტს შეიძლება მოჰყვეს გაუთვალისწინებელი ცალმხრივი შედეგები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებზე. ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა, რომ, თუკი ჩვენი შეშფოთება სათანადოდ არ იქნება გათვალისწინებული, მზად ვართ შესაბამისად ვიმოქმედოთ უახლოეს დღეებში...
ჟან-კლოდ იუნკერი

ეს კომენტარი ვლადიმირ პუტინმა გააკეთა მანამდე, ვიდრე კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა. დამტკიცების შემდეგ კი მყისიერად გადაიდგა საპასუხო ნაბიჯი და შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს. კერძოდ, მათ 1 აგვისტოდან აღარ ექნებათ უფლება ისარგებლონ სასაწყობე ნაგებობებით მოსკოვში და აგარაკებით მოსკოვის მახლობლად. ასევე რუსეთში ამერიკის საელჩოსა და საკონსულოებს დაევალათ, რომ 1 სექტემბრიდან დასაქმებულთა შტატი 455 ერთეულამდე შეამცირონ, ანუ გაუტოლონ ამერიკაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულთა რიცხვს.

ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირშიც. მართალია, ბრიუსელი, ვაშინგტონთან შეთანხმებით, მყარად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა 26 ივლისს (კანონპროექტის სენატში დამტკიცებამდე), ამერიკამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს. წერილობით განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, აშკარად იგრძნობა ულტიმატუმის ტონიც:

„ამერიკის კანონპროექტს შეიძლება მოჰყვეს გაუთვალისწინებელი ცალმხრივი შედეგები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებზე. ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა, რომ, თუკი ჩვენი შეშფოთება სათანადოდ არ იქნება გათვალისწინებული, მზად ვართ შესაბამისად ვიმოქმედოთ უახლოეს დღეებში. ამერიკა, უპრველეს ყოვლისა, - შეუძლებელია ნიშნავდეს ევროპის ინტერესების ბოლო ადგილზე დაყენებას“.

როგორ მორიგდებიან ევროპა და ამერიკა, ჯერ არავის წარმოუდგენია. შეკითხვა იმის შესახებ, მივა თუ არა საქმე ბოლომდე და მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ დოკუმენტს, აქტუალური გახდა იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ახალი კანონპროექტი ზღუდავს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებასაც და, კერძოდ, მას აღარ ექნება სანქციების ცალმხრივად გაუქმების ბერკეტები.

თეთრი სახლიდან შერეული ხასიათის მესიჯები ვრცელდება. მაგალითად, 24 ივლისს სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი არსებითად მხარს უჭრს ამერიკელ კანონმდებლებს, თუმცა არსებობს გარკვული პირობაც:

„პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა, რომ მხარს უჭერს ამ სამი ქვეყნისთვის (რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა) სანქციების გახანგრძლივებას. მას არა აქვს განზრახვა გააუქმოს სანქციები, მაგრამ სურს დარწმუნდეს, რომ ეს არის საუკეთესო კანონპროექტი ამერიკელი ხალხისთვის. ის აპირებს შეისწავლოს ეს კანონპროექტი და ნახოს, რა სახეს მიიღებს საბოლოო ვარიანტი“.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 25 ივლისს - წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 27 ივლისს - სენატში დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი გარკვეულწილად შერბილდეს, თუმცა ძირითადი არსი უცვლელი დარჩება და, თუკი პრეზიდენტი ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ ახალ დოკუმენტს, ამერიკელ კანონმდებლებს შესწევთ ძალა დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო. თუმცა ანალიტიკოსები - მათ შორის საქართველოშიც - ვარაუდობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ბოლოდროინდელი სკანდალებიდან გამომდინარე, არ წავა იმ აღქმის ჩამოყალიბების რისკზე, რომ ის ზომაზე მეტად ითვალისწინებს მოსკოვის ინტერესებს.