რუსეთი ამერიკელ დიპლომატს ბრალს სდებს ჯაშუშობაში

შეერთებული შტატების საელჩო მოსკოვში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკელი დიპლომატი, რომელსაც მოსკოვში მდებარე საელჩოს შენობის წინ დაცვასთან ინციდენტი შეემთხვა, ჯაშუშია, რომელიც გარკვეული სადაზვერვო ოპერაციიდან ბრუნდებოდა. 30 ივნისს გაკეთებული ამ განცხადების ფონია ვითარება, როდესაც ორ ქვეყანას შორის თვალშისაცემად იზრდება ურთიერთპრეტენზიები დიპლომატთა ძირგამომთხრელი მუშაობის გამო.

ბოლო საჯარო ბრალდებები ხაზს უსვამს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის იმგვარ ესკალაციას, როგორიც „ცივი ომის“ დროინდელი „ჯაშუშთა ომისათვის“ იყო დამახასიათებელი. 6 ივნისს ამერიკელმა დიპლომატმა მხრის მოტეხილობა მიიღო მას შემდეგ, რაც 6 ივნისს მოსკოვის ცენტრში მდებარე აშშ-ის საელჩოს რეზიდენციის წინ, ტროტუარზე, დაცვამ იგი ძალის გამოყენებით შეიპყრო.

გაირკვა, რომ დაცვის წევრები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან დიპლომატის დაშავებაში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ განყოფილებიდან იყვნენ, რომლებიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოს დაცვასა და თვალთვალს ახორციელებენ. ამ ფაქტმა საფუძველი მისცა ვარაუდს, ხომ არ ჰყავდათ ამერიკელი დიპლომატი მიზანში ამოღებული როგორც შესაძლო დაზვერვის თანამშრომელი, - ასე დასვა საკითხი „ვაშინგტონ პოსტმა“, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ცნობა ზემოხსენებული ინციდენტის თაობაზე.

ამ ფაქტის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 30 ივნისს განაცხადა, რომ მილიციის თანამშრომელი ვინაობის დადგენის მიზნით ცდილობდა გაეჩერებინა მამაკაცი, რომელმაც დაცვის წევრს სახეში ხელი გაარტყა.

„მომხდარ შეხლა-შემოხლაში უცნობმა ხელი ჰკრა დაცვის წევრს და საელჩოში მიიმალა. ცნობილია, რომ აღნიშნული დიპლომატი, სინამდვილეში, ცენტრალური სადაზვერვოს სამმართველოს თანამშრომელია. იმ ღამეს იგი შენიღბული სახით, სადაზვერვო ოპერაციიდან ბრუნდებოდა“, განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსმა დიპლომატმა „ფანტაზიის ნაყოფი“ უწოდა ამერიკული მედიის მტკიცებას, თითქოს დაცვასთან შეტაკების დრო ამერიკელ დიპლომატს მხარი მოსტეხოდეს.

„ამერიკულ მხარეს პოსტზე მდგარი პოლიციელისათვის მადლობა უნდა ეთქვა იმისათვის, რომ მან უმწიკვლოდ შეასრულა საკუთარი ვალი და, პირიქით, სამაგალითოდ უნდა დაესაჯა თავისი დიპლომატი, რომელიც ნამდვილი ხულიგანივით იქცეოდა“ ,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერს მოსკოვის ამ ბრალდებაზე მეყსეული რეაგირება არ მოუხდენია. დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში კი საერთოდ უარი თქვეს ამ ინციდენტის კომენტირებაზე.

დიპლომატიური სარჩულის ქვეშ, რაც მათი ლეგალური დაცვის საშუალებად ითვლება საზღვარგარეთის ქვეყნებში, რეგულარულად მუშაობენ რუსეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები, რომელთა ვინაობა კონტრდაზვერვის უწყებებისათვის „პოლიშინელის საიდუმლოს“ წარმოადგენს.

როგორც აშშ-ის ხელისუფლების წყარომ უთხრა რადიო თავისუფლებას, ზემოხსენებული ინციდენტის თაობაზე მოსკოვსა და ვაშინგტონში დიპლომატები შეხვდნენ რუს კოლეგებს. ამ შეხვედრის ფონია რუსეთ-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაცემა „ცივი ომის“ შემდეგ. უკრაინის ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე ნატოსა და მოსკოვის სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა.

ამ ბოლო ხანებში მოსკოვში გახშირდა საგზაო პოლიციის მიერ ამერიკელი დიპლომატების გაჩერება და ჩხრეკა. ამას ემატება სხვა უცნაური ამბებიც. ცოტა ხნის წინ სახლში დაბრუნებულმა აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთახში მოწეული სიგარეტების ნარჩენები აღმოაჩინა, კიდევ ერთ თანამშრომელს კი სახლში ონკანი დახვდა მოშვებული.