ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები საქართველოში

„ღირსეული პარტნიორი 2016“

11 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა ორკვირიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016), რომელშიც 1300-მდე ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი სამხედრო მონაწილეობს. სამხედრო წვრთნების ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახელდება ქართული მსუბუქი ქვეითი ასეულის ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის გაზრდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის. „ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს, თუმცა სამხედრო წვრთნა წელს უფრო მასშტაბურ სახეს ატარებს. რა სარგებელს მოუტანს ამ სახის აქტივობა ქვეყნის უსაფრთხოებას და რა მესიჯს უგზავნის საქართველო ამით მტრებსა თუ პარტნიორებს?

„ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო – საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 11 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. გადაჭრით ითქვა, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“ და იქვე რამდენიმე არგუმენტიც დასახელდა :

„(საქართველო ნატოს წევრი) გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, ძალიან მტკიცე, მამაცი და თამამი ნაბიჯები გადადგა; გახდება იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად; გახდება იმიტომ, რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსათვის“.

აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება; აქ, ჩვენს სამშობლოში, არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით; აქ, საქართველოში, სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი – ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი - ურყევი და შეუცვლელი იყოს...
თინა ხიდაშელი

„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ასეულობით სამხედრო ნატოს წევრი ორი მოწინავე სახელმწიფოდან – შეერთებული შტატებიდან (650 სამხედრო) და დიდი ბრიტანეთიდან (150 სამხედრო). საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად წვრთნებში ჩართული იქნება (M1A2 ტიპის) ამერიკულ ტანკი „აბრამსი“ (სულ 8 ერთეული). გასული წლის მსგავსად, წვრთნის პროცესში ასევე მონაწილეობს ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ (სულ 7 ერთეული) და C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. სამხედრო მანქანები და ტანკები საქართველოში - და, კერძოდ, ფოთის პორტში - 2 მაისს ბორნით გადმოიზიდა ბულგარეთიდან, ხოლო 5 მაისს სამხედრო ტექნიკა ეშელონებით გადაიზიდა ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

ორკვირიანი წვრთნის ფარგლებში შეფასდება ქართველ სამხედროთა იმ ასეულის მომზადების დონე, რომელიც, შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ, შეძლებს ჩაერთოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მისიებში, რასაც, როგორც უმნიშვნელოვანეს ფაქტს, საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც გაუსვა ხაზი. ამასთან, თინა ხიდაშელის თქმით, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში „ყველაზე მასშტაბური და ისტორიული“ სწავლების მასპინძლობითა და პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტით „დიდი მონდომების“ მქონე პატარა ქვეყანა, საქართველო, სრულიად ნათელ მესიჯებს უგზავნის როგორც მოყვარეებს, ასევე მტრებს:

ხელისუფლების წარმომადგენლები „ღირსეული პარტნიორი“-ზე

„... რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება; აქ, ჩვენს სამშობლოში, არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით; აქ, საქართველოში, სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი – ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი - ურყევი და შეუცვლელი იყოს... თაობებს გაჰყვება ეს შემართება, თაობებს გაჰყვება ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი“.

თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართული მასშტაბური სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ მოსკოვს სასტიკად გააღიზიანებდა, ისევე როგორც საქართველოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ნატოსთან დაახლოების გზაზე. შესაბამისად, ანალიტიკოსებს არც ის გულისწყრომა და ბრაზი გაჰკვირვებიათ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. 6 მაისს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში უწყებამ „ღირსეულ პარტნიორს“ უწოდა „მიზანმიმართული პროვოკაცია“, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

სამხედრო მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ის ძალიან ბევრ მტერს ჩააფიქრებს, ვიდრე რაღაცას გადაწყვეტს...
ვახტანგ კაპანაძე

​მას მალევე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფლება თავად შეარჩიოს მეგობრები და პარტნიორები. როგორც სამხედრო საკითხების მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ალიანსის არაწევრი სახელმწიფოს – საქართველოს – გამო ნატო არ ჩაებმება სამხედრო კონფლიქტებში, მაგრამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერის დემონსტრირება – მათ შორის, „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებშიც – ქმნის მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორს ქვეყნის მტრებისთვის:

„ის, რომ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი – ნატო – და მისი წევრი ქვეყნები - განსაკუთრებით, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი - მონაწილეობენ ქართული არმიის წვრთნაში, აღჭურვაში, მისი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაში, მისი თავსებადობის დახვეწაში, რა თქმა უნდა, პირდაპირი სიგნალია ყველასთვის და, მათ შორის, რუსეთისთვისაც, რომ საქართველო არ არის მარტო და ქართული არმია კვლავაც არის ბრძოლისუნარიანი და მას შესწევს ძალა არა მხოლოდ წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მისიებსა თუ ოპერაციებში, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს საქართველოს გვერდით და იყოს ერთსულოვანი მის მისწრაფებებში ევროატლანტიკური მიმართულებით“.

„ღირსეული პარტნიორი 2016“

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჭრილში ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორის შესახებ 11 მაისს, ვაზიანის პოლიგონზე საერთაშორისო სამხედრო სწავლების საზეიმო გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც ილაპარაკა. „სამხედრო მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ის ძალიან ბევრ მტერს ჩააფიქრებს, ვიდრე რაღაცას გადაწყვეტს“, – განაცხადა მან და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები, გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილით, უკვე წლებია, ბავშვების მშვიდ ძილს იცავენ.

11 მაისს ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს ასევე აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ღირსეული პარტნიორი 2016“

საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის ორკესტრმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გახსნა. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა და წვრთნაში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონია საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა და, მაგალითად, 120-მა ამერიკელმა სამხედრომ განახორციელა საჰაერო-სადესანტო ოპერაცია ამერიკული სამხედრო თვითმფრინავიდან. განხორციელდა ასევე სამხედრო ტექნიკის დესანტირება. გაიმართა საჩვენებელი სროლაც.

11 მაისს საზეიმოდ გახსნილი საერთაშორისო სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ 24 მაისს საჩვენებელი წვრთნის დემონსტრირებით დაიხურება. ხოლო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ყველას მიეცემა შესაძლებლობა დაათვალიეროს წვრთნებში ჩართული სამხედრო ტექნიკა.