ნიუ-იორკში საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრეს

ნიუ-იორკში გაიმართა „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ მე-17 კონფერენცია, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საკითხს მიეძღვნა. 1998 წელს შეერთებულ შტატებში დაარსებული არაკომერციული კორპორაცია აშშ-სა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებასა და ვაჭრობის განვითარებას ემსახურება.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოსმთავარი ფუნქცია არის, რომ მოიზიდოს ის ამერიკული კომპანიები, რომელთაც შეიძლება საქართველოში მუშაობა შეძლონ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომაც, ამ კონფერენციაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარუდგენ მათ საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ ხალხის შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოყვანისთვის... შემდეგი ნაბიჯია მათთვის ბევრი შესაძლებლობის ჩვენება. იქიდან ერთიც რომ აირჩიოს და ერთმაც რომ გააკეთოს რაიმე, 5 მილიონი იქნება ეს, თუ 10 მილიონი, ეს ყველაფერი ისევ სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება და გარდა ამ ეკონომიკური ეფექტისა, ბევრი სხვა ეფექტიც მოჰყვება - აღნიშნავს მამუკა წერეთელი, "ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტი.

წლევანდელ კონფერენციში ცნობილი უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებთან და ინვესტორებთან ერთად მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებიც. მათ შორის იყვნენ ერიკ რუბინი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევრაზიის საკითხებში, და გიორგი კვირიკაშვილი - ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გასაღები ზოგადად განვითარებისთვის, ზრდისთვის, არა მარტო ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისთვის, არამედ დაწყებული თავდაცვიდან, დამთავრებული განათლებით, არ იქნება რესურსი საკმარისი ქვეყანაში ფინანსური არაფრისთვის, თუ არ იქნება ჯანსაღი ეკონომიკა, თუ ხალხი არ დასაქმდება, თუ ადამიანს იმედი არ გაუჩნდება, რომ თავისი შემოსავლით ხვალ შვილსაც გაზრდის, განათლებასაც მისცემს, სამსახურსაც იპოვის და ჯანმრთელობასაც დაიცავს თავისას, თავისი ოჯახისას და ასე შემდეგ - ამბობს მამუკა წერეთელი.

კონფერენცია, რომელიც გახსნა ენდერს ვიმბუშმა, სტრატეგიისა და განვითარების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა, სამი განყოფილებისგან შედგებოდა. მისასალმებელი სიტყვით გამოვდნენ ერიკ რუბინი და გიორგი კვირიკაშვილი. რუბინმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ყურადღება ექცევა არა მარტო თავდაცვის სფეროსა და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა მიმართულებებს, არამედ საქართველოს ეკონომიკასაც. გიორგი კვირიკაშვილმა პოტენციური ინვესტორებისთვის რამდენიმე საინტერესო მიმართულება წარმოადგინა, მათ შორის საპენსიო რეფორმა საფონდო ბირჟის განვითარებასთან ერთად, რამაც მსმენელების დიდი ყურადღება მიიპყრო.

კონფერენციის პირველ ნაწილში გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ენერგორესურსების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც არამარტო ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ემსახურება, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგობაზარზე მომარაგების დივერსიფიცირებაშიც. განხილვისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონის ვაჭრობის სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, მზარდ როლს.

„ბრიტიშ პეტროლიუმის“ ამერიკის განყოფილების უფროსმა დირექტორმა გრეგ სანდერსმა შაჰ-დენიზის გაზის საბადოს სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომდევნო წლებისთვის გამოყოფილი ორმილიარდიანი ინვესტიცია ჯერჯერობით საქართველოში ყველაზე დიდ ერთჯერად ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს. ამ პროცესში საქართველოს კომპანიებიც იქნებიან ჩართული, რაც დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნის. დანარჩენ გამომსვლელებს შორის იყვნენ დევიდ რობინსონი, კომპანია Tethys Petroleum-ის პრეზიდენტი და ჯეფრი სტოუნი, APR Energy-ს ერთ-ერთი დამაარსებელი.

კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნა საქართველოში დამწყები კომპანიების, ე.წ. „სტარტაპებისთვის“ და მათში დასაქმებული მეწარმეებისთვის განსაკუთრებული პირობების, ე.წ. ეკოსისტემების შექმნის აუცილებლობის თემას. გამომსვლელებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ახალი ბიზნესებისთვის ხელის შეწყობა საკანონმდებლო ბაზით, ინვესტიციებით, თუ არსებული გამოცდილების გაზიარებით.

დამსწრეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილმა ახალმა ორგანიზაციამ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“, რომელიც ორგანიზაციის მრჩეველმა ნატო ფიფიამ წარადგინა. კონფერენციის მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღეს უორენ ჰარბერმა, Exoventure-ის დირექტორმა, ჯობ ჰენინგმა Linkpad-ის დამაარსებელმა და რამდენიმე სხვა კომპანიის ხელმძღვანელმა.

შესვენების შემდეგ, რომელზეც ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, კონფერენცია მესამე, დასკვნითი განყოფილებით განახლდა. ამჯერად ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონკურენტუნარიან სფეროებზე, რომლებში ინვესტირებაც შედარებით უსაფრთხოა. საუბარი შეეხებოდა იმ რეფორმებს, გზებს და მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ქართული პროდუქცია ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტული გახდება.

გამომსვლელებს შორის იყვნენ მამუკა წერეთელი, კიმ მარკუსი - ღვინის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის Wine Spectator-ის აღმასრულებელი რედაქტორი, ჯენიკ რადონი კოლუმბიის უნივერსიტეტის და კომპანია Radon Law Office-ის წარმომადგენელი და ეფტიკის გრეგოს-მურგინაკისი, Delmar Group-ის დამაარსებელი.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზე და შემდეგი, რიგით მე-18 კონფერენციის მთავარ ამოცანებზეც ისაუბრეს.

ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკურენტუნარიან მიმართულებებზე, დარგებზე, რომელიც საქართველომ შეუძლია წარუდგინოს პოტენციურ ინვესტორებს და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი ასეთი კონფერენციისთვის, რომელიც იმედი გვაქვს, რომ საქართველოში გაიმართება, და რომც არ გაიმართოს საქართველოში და ამერიკაში იყოს, წარმოვადგინოთ 5-დან 10-მდე კონკრეტული, ქართული საინვესტიციო პროექტი, რომელსაც კომერციულად დასაბუთებული ბიზნეს-გეგმა ექნება, რათა განხორციელდეს ამ კომპანიაში ინვესტიცია და შესაბამისად პოტენციური პარტნიორი მოვუძებნოთ მას“ - ამბობს მამუკა წერეთელი.

„ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ პრეზიდენტის აზრით, ძალიან ხშირად პრობლემა სწორი ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმაა და არა იმდენად ინვესტიციებით დაინტერესებული კომპანიების მოძიება. მამუკა წერეთლის თქმით, მომავალ კონფერენციაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება და ამ მხრივ ის კიდევ უფრო ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე გამართული შეხვედრები.