ელის მაკლეოდ-კოლტრეინი

ელის მაკლეოდ-კოლტრეინი

8 აგვისტოს სიუჟეტი „სიყვარულის ქალღმერთად“, ანუ „მოსეკად“ წოდებულ ები ლინკოლნს დავუთმე. მისი ქმრის, მაქს როუჩის, დამსახურებაც არ დამვიწყებია, თუ როგორ გამოძერწა მეუღლისგან ავანგარდული ჯაზის ხეირიანი ვოკალისტი. დღესაც ამ დიდი ოჯახის კიდევ ერთ რძალზე ვისაუბრებ. არც მეტი, არც ნაკლები - ჯონ კოლტრეინის მეორე ცოლზე, პიანისტ ელის მაკლეოდ-კოლტრეინზე.

ელისი 1937 წლის 27 აგვისტოს დეტროიტში დაიბადა. შეძლებული მშობლები ჰყავდა და, მათი წყალობით, კლასიკური მუსიკალური განათლება ბავშვობაშივე მიიღო. რაღაც ხანს ბაპტისტურ ეკლესიაში უკრავდა, მოგვიანებით კი ჯაზური მეტყველება თავად ბად პაუელმა შეასწავლა. ასე რომ, ები ლინკოლნისგან განსხვავებით, ელისი გათხოვებამდეც ხვითო პიანისტი ბრძანდებოდა, საშემსრულებლო ტექნიკაც უბადლო ჰქონდა და არც იმპროვიზაციულ აზროვნებას უჩიოდა. ხოლო “წმინდანს” 1962 წელს გადაეყარა. უფრო სწორად, თავად იოანე კოლტრეინელმა შეამჩნია, როცა 25 წლის უცნობ გოგონას კლუბ „ბერდლენში“ გადაეყარა. საქსოფონისტი გოგონას უჩვეულო ბგერითა თუ ბიბოპისეული ეშხით იქვე მოიხიბლა, ერთი ნახვა-მოსმენით შეუყვარდა და, როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე, მას მერე სულ სამი წელი იარეს, 1965 წელს კი დაქორწინდნენ.

http://www.youtube.com/embed/QUMuDWDVd20

ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა კოლტრეინის ტენორ-საქსოფონი რადიკალურ ავანგარდში გადაბარგებულიყო, მუსიკოსთა კოლექტიური იმპროვიზაცია, სახელად „Ascension“, უკვე ჩაწერილი ჰქონდა და საბოლოოდ გამიჯნოდა ჯაზის აკორდულ თუ ჰარმონიულ კანონებს. ალბომი გამოცდილი მსმენელისთვისაც მეტად რთული აღსაქმელი და იმდენად არაამქვეყნიური გამოდგა, რომ საქსოფონისტის კვარტეტის წევრებმა, მათ შორის, პიანისტმა მაკოი ტაინერმაც ვერაფერი გაუგო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ტაინერის დონის მუსიკოსის პოვნა კი პატარა საქმე არ გახლდათ. მაგრამ ხომ გაგიგიათ, ამქვეყნად უამრავი ქალია, ხოლო კარგი ცოლი - არცთუ ბევრიო. ჰოდა, ელისი კარგი ცოლიც გამოდგა და, ამავე დროს, ტაინერის ღირსეული შემცვლელიც. მეუღლის „გაღმაგასულ“, აქამდე გაუგონარ ავანგარდულ რიტმიკას, ჰარმონიასა თუ ლექსიკას ალღო მარტივად აუღო და საქსოფონისტის შემდეგ ალბომებში კლავიშებით შეეპასუხა.

http://www.youtube.com/embed/OF0UyR8RzrE

1967 წელს ელისი დაქვრივდა. რაღაც ხანს ქმრის მეგობრებთან - ფეროუ სანდერსთან, არჩი შეპთან, ჯო ჰენდერსონთან, ჯიმი გარისონთან, რაშიდ ალისთან და ჯეკ დეჟონეტთან - ითანამშრომლა, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფერისცვალება მოხდა. პიანისტი აღმოსავლური კულტურით დაინტერესდა, ინდური ფილოსოფიისა და მისტიკის სამყაროში თავით გადაეშვა. სახელიც კი შეიცვალა - ტურია სანგიტანანდად მოინათლა. ბუნებრივია, ამგვარი გატაცება მუსიკაზეც აისახა. ელისმა - არა, ამჯერად ტურიამ - ცხოვრების შემდგომი ნამოქმედარი ჯაზური და ინდური ინტონაციების საუცხოო ნაზავად აქცია. მაგალითისთვის 1970 წლის ალბომს “Journey in Satchidananda”-ს რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩევდი. პირველ რიგში, დასავლური და აღმოსავლური ინსტრუმენტები ერთმანეთს შეახვედრა, თავად კი, ფორტეპიანოს გარდა, არფაც გამოიყენა და, რაც მთავარია, ალბომი მუსიკოსის შემოქმედების ინდური ეტაპის საუკეთესო ნაშრომად ითვლება, იდუმალ და მომნუსხავ ულამაზეს მედიტაციას წარმოადგენს. ელისი - გნებავთ, ტურია - 2007 წელს გარდაიცვალა. მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

http://www.youtube.com/embed/JuDuNfqXnrc