რა სარგებლობა მოაქვს პრობიოტიკურ იოგურტს?

პრობიოტიკური იოგურტი შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებს, ბაქტერიებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ფლორას აუმჯობესებს. ყოველ შემთხვევაში, ასეა მიჩნეული მედიცინაში. ამერიკელმა მეცნიერებმა ცდების მეშვეობით ამ ვარაუდის შემოწმება გადაწყვიტეს.

ცდის პროცესში აღმოჩნდა, რომ პრობიოტიკური იოგურტი, მართალია, სერიოზულ გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ფლორის ნაირსახეობათა სპექტრზე, მაგრამ საგრძნობლად აუმჯობესებს ფლორის ნივთიერებათა ცვლას.

გამოკვლევის შედეგები ჟურნალ "Science Translational Medicine"-შია გამოქვეყნებული. ჯერჯერობით არაა ნათელი, რითაა გამოწვეული ეს ეფექტი.

ამ ტიპის გენეტიკური კვლევების საბოლოო მიზანია, კუჭ-ნაწლავის ბაქტერიები გამოყენებულ იქნეს, როგორც ბიოსენსორები და მათი მანიპულაცია მოხდეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, იუწყებიან ჯეფრი გორდონი და მისი კოლეგები სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.

მათ ექსპერიმენტში გამოიყენეს კომერციულად ხელმისაწვდომი პრობიუტიკური იოგურტი, რომელიც შეიცავდა ბიფიდობაქტერიებს და რძემჟავას სხვადასხვა ბაქტერიას. ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ზრდასრული ტყუპების შვიდი წყვილი შვიდი კვირის განმალობაში დღეში ორჯერ ჭამდა თითო ულუფას. ამ დროის განმავლობაში, ისევე როგორც ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ ოთხ-ოთხი კვირა მეცნიერები საცდელი პირების განავლის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ანალიზით ადგენდნენ კუჭ-ნაწლავის ფლორის შემადგენლობას.

გენეტიკურად იდენტური და ერთად აღზრდილი ტყუპების შემთხვევაში შედეგები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ იოგურტის მოხმარებით არ იცვლებოდა ბაქტერიების სახეობათა სპექტრი. იოგურტში შემავალი ბაქტერიები ვერ ახერხებდნენ კუჭ-ნაწლავის ფლორაში ხანგრძლივად ფეხის მოკიდებას.

მეორე ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მათ გამოიყენეს თაგვები, რომელთა კუჭ-ნაწლავი ბაქტერიებისგან თავისუფალი იყო. ცხოველებს შეუყვანეს 15 ტიპის ბაქტერიები, რომელთაგან ყველა შედის ადამიანის კუჭ-ნაწლავის ფლორაშიც. ამ ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ყველა გენის სეკვენციები ცნობილია. ასე, რომ გენეტიკური ანალიზის მეშვეობით შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ რომელი გენები იყო ჩართული. ადამიანის ბაქტერიების მქონე ცხოველებსაც მისცეს პრობიოტიკური იოგურტი. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ახალ ბაქტერიებს არ შეეძლოთ ძველებზე გავლენის მოხდენა.

ისევე, როგორც ტყუპების შემთხვევაში, თაგვების კუჭ-ნაწლავშიც ყველაზე დიდხანს გაძლებს ბიფიდობაქტერიებმა, ხოლო რძემჟავას ბაქტერია Lactococcus lactis მხოლოდ მოკლე ხანს ცოცხლობდა. იოგურტის სხვა ბაქტერიები კი სწრაფად კვდებოდა. მაგრამ გენეტიკური ანალიზისა და შარდის გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ თაგვების კუჭ-ნაწლავის ბაქტერიებში ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად შეიცვალა იოგურტის მიღების შემდეგ. განსაკუთრებით გააქტიურდა იმ ფერმენტების გენები, რომლებიც მართავს მცენარეული ნახშირწყლების გადამუშავებას. ეს ცვლილებები იოგურტით კვების დაწყებიდან პირველ დღესვე შეიმჩნეოდა და დიდხანს გრძელდებოდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი ძირითადად ბიფიდობაქტერიების ხარჯზე ხდება და ის დადებით გავლენას უნდა ახდენდეს ჯანმრთელობაზე. ზუსტი მექანიზმის დადგენა უნდა მოხდეს კუჭ-ნაწლავში დამკვიდრებული ბაქტერიების, პრობიოტიკური ბაქტერიებისა და ადამიანის კუჭ-ნაწლავს შორის ურთიერთმოქმედების შემდგომი შესწავლით. ასეთი გამოკვლევების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობის ახალი სტრატეგიისთვის.

სავსებით შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მხოლოდ ბაქტერიები, არამედ მათ მიერ წარმოქმნილი იოგურტის შემადგენელი ნაწილები.

მთელი რიგი მკვლევრების აზრით, ამ სფეროში ეს დღემდე ჩატარებული ყველაზე რთული და ყოვლისმომცველი გამოკვლევა სერიოზული ნაბიჯია იმის საბოლოოდ გასარკვევად, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს საკვების შევსებას პრობიოტიკური ბაქტერიებით.