მედიცინაში გამოყენებული ანტიბიოტიკების უდიდეს ნაწილს ბაქტერიებიდან ან სოკოებიდან იღებენ. მაგრამ ცხოველებსა და ადამიანსაც შეუძლია დაავადებებთან საბრძოლველი ნივთიერებების, ატიმიკრობული პეპტიდების, გამოყოფა.
ამ პეპტიდების ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ იშვიათად ვითარდება ხოლმე მათ მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკელ და ბრაზილიელ მეცნიერთა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ზღვის ცხოველთა პეპტიდის, Clavanin A-ს ქიმიური მანიპულაცია მის ზემოქმედებას აძლიერებს და სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების, მათ შორის მულტირეზისტენტულის, წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამავე დროს პეპტიდი Clavanin A აძლიერებს იმუნიტეტს. კლინიკური კვლევის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ახალი საშუალება შეიძლება იქცეს კლასიკური ანტიბიოტიკების ალტერნატივად, რომელთა ქმედუნარიანობა სულ უფრო იკლებს.
გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის, სესარ დე ლა ფუენტეს თქმით, კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ერთი და იგივე პეპტიდი Clavanin A, რომლის სახეცვლილი ვარიანტი ბევრად უფრო ძლიერი ზემოქმედების აღმოჩნდა. მან და მისმა ბრაზილიელმა კოლეგებმა გამოიყენეს Clavanin A, რომელიც ზღვის ასციდიებიდან მიიღება და 23 ამინომჟავისგან შედგება.
ამ პეპტიდის ქიმიური სტრუქტურა მას უჯრედის მემბრანის გარღვევისა და უჯრედის შიდა შემადგენელი ნაწილების დაზიანების საშუალებას აძლევს. სწორედ ამაზეა დამყარებული მისი ანტიბაქტერიული მოქმედება.
მეცნიერებმა Clavanin A-ს მოლეკულას კიდევ ხუთი ამინომჟავა დაამატეს და მისი ე.წ. „ჰიდროფობიური“ ეფექტიანობა გაზარდეს. ქიმიურმა მანიპულაციამ გაამართლა. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მულტირეზისტენტული სტაფილოკოკებით დაავადებული ცხოველების განკურნების შანსები 60%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა დაუმუშავებელი პეპტიდით ზემოქმედების შემთხვევაში წარმატების შანსი 40% იყო.
სახეცვლილი პეპტიდი, ერთი მხრივ, ხვრეტს ბაქტერიის უჯრედის მემბრანას და ანადგურებს მის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურებს.
მეორე მხრივ, იგი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ უჯრედებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.
გარდა ამისა, სახეცვლილი პეპტიდი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემაკავებელი ნივთიერებების წარმოებას. ეს ამცირებს ძლიერი თანმდევი მოვლენების განვითარებას, რაც ახლავს ხოლმე თან ზოგიერთი ანტიბიოტიკით მკურნალობას.
მეცნიერები იმედებს ამყარებენ, რომ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე შეძლებენ შექმნან მედიკამენტი, რომელსაც ანტიმიკრობული ზემოქმედებაც ექნება და ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემასაც გააძლიერებდა მძიმე ბაქტერიული დაავადებების შემთხვევაში. ახლა ჯერი კლინიკურ ცდებზეა.