ალცჰაიმერის დაავადების დროს თავის ტვინში ჭარბად წარმოიქმნება პეპტიდი ბეტა ამილოიდი. სისხლძარღვების მეშვეობით აღარ ხდება ორგანიზმიდან ამ ცილების სრულფასოვნად ტრანსპორტირება და ის პლაკის სახით გროვდება ტვინის უჯრედებს შორს. ეს იწვევს ნერონების კვდომას, რაც გავლენას ახდენს თავის ტვინის ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა მეხსიერება.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ახლახან თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად ულტრაბგერების გამოყენებით მოახერხეს თავის ტვინში დაგროვილი ბეტა ამილოიდის პლაკის მოშორება, რის შედეგადაც ცხოველებს მეხსიერება გაუუმჯობესდათ. ამ თერაპიის დროს აქტიურდება ე.წ.ჰემატოენცეფალური ბარიერი - ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ზურგის ტვინის არხის სითხესა და თავის ტვინს შორის. ამავე დროს ულტრაბგერის ზემოქმედებით თავის ტვინში აქტიურდება იმუნური უჯრედები, რომლებიც ტვინიდან ამილოიდის პლაკის ტრანსპორტირებას აჩქარებს.
გამოკვლევის ატვორების, ბრისბეინის კუინსლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლების, გერჰარდ ლაინენგასა და იურგენ გიოტცის თქმით, ულტრაბგერით მკურნალობის მეთოდის კვლევა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, როგორც ისინი წერენ, ადამიანზე ამ მეთოდის გამოცდას ჯერ კიდევ ბევრი წინაღობა უდგას წინ. პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ის, რომ ადამიანის ტვინი ბევრად დიდი თაგვისაზე, არამედ ისიც, რომ ადამიანის თავის ქალის სისქე ართულებს ამ მეთოდის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებას.
მეცნიერთა კვლევა თავდაპირველად სულ სხვა მიზანს ისახავდა. მათ სურდათ, ულტრაბგერის მეშვეობით გაეზარდათ ჰემატოენცეფალური ბარიერის გამტარუნარიანობა. საამისოდ გათვალისწინებული იყო თავის ტვინის სისხლძარღვების კედლების ისე შეცვლა, რომ მათი მეშვეობით სისხლძარღვებში უფრო სწრაფად მოხვედრილიყო ბეტა ამილოიდის პლაკი და სწრაფად მომხდარიყო მისი ტრანსპორტირება ტვინიდან.
მეცნიერებმა ექვსი კვირის განმავლობაში ხუთჯერ გამოიყენეს ულტრაბგერა გენეტიკურად შეცვლილ თაგვებზე, რომლებსაც თავის ტვინში ჭარბი რაოდენობის პლაკი წარმოექმნებოდათ. ამ პროცედურის შემდეგ საცდელი ცხოველების თავის ტვინის ქსოვილის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ მკვეთრად შემცირებული ჰქონდათ დაგროვილი ბეტა ამილოიდი, თაგვების 75%-ს ის საერთოდ გაუქრა.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ცდის პროცესში ჯერჯერობით უცნობი მიზეზით აქტიურდებოდა თავის ტვინის იმუნური უჯრედები და ისინი ბეტა ამილოიდს შლიდნენ. ანუ ულტრაბგერის გამოყენებამ ორმაგი ეფექტი იქონია: გააქტიურდა დამცავი უჯრედები და გაიზარდა ჰემატოენცეფალური ბარიერის გამტარუნარიანობა.
რაც მთავარია, ულტრაბგერით ზემოქმედების შედეგად შეიცვალა საცდელი ცხოველების თავის ტვინის ფუნქციებიც. მათ ალცჰაიმერით დაავადებულ სხვა თაგვებთან შეადრებით საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მეხსიერება.
ულტრაბგერის გამოყენება აუმჯობესებს არა მხოლოდ მავნე ნივთიერებების გამოტანას თავის ტვინიდან, არამედ საპირისპირო მიმართულებითაც აადვილებს სასარგებლო ნივთიერებების ტრანსპორტირებას და, შესაბამისად, მედიკამენტებისა და ანტისხეულების ზემოქმედებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ შესაძლებელი უნდა იყოს ულტრაბგერის გამოყენება გენურ თერაპიასა და იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში. მაგრამ ჯერ ისინი აპირებენ, ეს მეთოდი სხვა ცხოველებზე გამოცადონ.