ნიდერლანდელი დიზაინერი სმარტფონზე უფრო „ჭკვიან“ ტელეფონს გვთავაზობს

ნიდერლანდელი დიზაინერი დეივ ჰაკენსი ცდილობს თავისი პროექტის - „ფონბლოკის“ - მომხრეები მოიპოვოს. ჰაკენსის იდეაა, შექმნას ახალი სმარტფონი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კომპონენტის - ბატარეის, კამერის, პროცესორის, ასევე ეკრანის - გამოცვლა, მათი ახალი, სურვილისამებრ განვითარებული კომპონენტებით შეცვლა. ამ იდეის განხორციელების მიზნით, დიზაინერი ცდილობს მიიზიდოს მომხრეები. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალი სმარტფონი ბაზარზე არც კი გამოსულა, მაგრამ ასეულათასობით ადამიანს უნდა მისი შეძენა. ჰაკენსს სურს სმარტფონის ბაზარზე შევიდეს თავისი „ფონბლოკით“, რომელიც ისევე ადვილი დასაშლელი და ასაწყობი იქნება, როგორც ლეგო. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უკვე თითქმის 16-მა მილიონმა ადამიანმა ნახა ნიდერლანდელი დიზაინერის ვიდეო, რომელიც მან „იუტუბით“ გაავრცელა და სადაც ის განმარტავს, რატომ არის მისი გამოგონება უფრო იაფი და მოხერხებული:

„ყოველდღიურად ვყრით მილიონობით ელექტროხელსაწყოს, რადგან ისინი ფუჭდება ან ძველდება, თუმცა პრობლემას, როგორც წესი, მხოლოდ ერთი კომპონენტი ქმნის ხოლმე - სხვა ყველაფერი მუშაობს. მაგრამ მაინც გვიწევს მთელი აპარატის გადაგდება, რადგან ის არ არის შექმნილი ისე, რომ ნაწილები გამოვუცვალოთ“.

ვიდეოში მისი ავტორი მომხმარებელს აქეზებს და, ალბათ, საბოლოო ჯამში, დაარწმუნებს კიდეც თავისი იდეის რენტაბელურობაში იმითაც, რომ ირწმუნება, არა მხოლოდ სიძველის გამო, თქვენი გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ ააწყოთ სმარტფონის მომავალი თაობა, „ფონბლოკიო“:

„ვთქვათ, ეს თქვენი ტელეფონია და ყველაფერს ინახავთ პროგრამა „კლაუდში“. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს მეხსიერების ამ ბლოკის გამოცვლა უფრო დიდით? ან, ვთქვათ, გიყვართ ფოტოს გადაღება. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს მხოლოდ უკეთესი კამერის შეძენა და მისი გამოყენება? ან კიდევ ეს არ გაინტერესებთ და სრულიად უბრალო ტელეფონი გსურთ. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს უფრო ძლიერი დინამიკების დაყენება?“

იდეა კარგია, მაგრამ მის განსახორციელებლად საჭიროა ინვესტიცია, საჭიროა ფაბრიკები. თავისი იდეის პოპულარიზებისთვის ჰაკენსი იყენებს ინტერნეტს, სხვადასხვა სოციალურ ქსელს. ამ ეტაპზე სამასმა მილიონმა ადამიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა „ფონბლოკის“ პროექტს. 29 ოქტომბერს გამოაცხადებს მისი ავტორი, როგორი პირი უჩანს იდეისთვის ფრთების შესხმას. ექსპერტები თვლიან, რომ პროექტი დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ დღევანდელ გარემოში ბაზარზე არსებული სმარტფონების დამარცხება გაძნელდება. ლორი ლამბერტმა, უკაბელო აპარატურის მრეწველობის ანალიტიკოსმა, მოგვწერა, რომ ჰაკენსის იდეა შესანიშნავია, რომ სმარტფონები სავსეა ათასი გამოუდეგარი ფუნქციით. თუმცა ასეთი იდეის განხორციელება, რათა კონცეფციამ იმუშაოს, დაკავშირებულია ასევე იმასთან, თუ როგორ მიიღებს მომხმარებელი საბოლოო პროდუქტს, როგორი იქნება ის ხელში, მაგალითად, რა მოხდება, თუ აპარატი ძირს დავარდა. აშშ-ის ტექნოლოგიური მრეწველობის ანალიტიკოსი ჯეფ კეიგანი იდეას უწოდებს კარგსა და ნოვატორულს, მაგრამ დასძენს, რომ უკაბელო აპარატების ბიზნესის ეკონომიკური მოდელის შეცვლა უძნელესი საქმეა.