2015 წელს ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს, რომ ზეითუნის ზეთს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამასთან, ის არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. ამ კეთილ საქმეს სწევს ოლეოკანთალი - ნივთიერება, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს.
გამოკვლევის ავტორების, ნიუ-იორკის ჰანტერის კოლეჯის თანამშრომლების, დევიდ ფოსტერისა და ონიკა ლეჯენდრის, და რატგერსის სკოლის დიეტოლოგიის პროფესორის, პოლ ბრესლინის თანახმად, ლაბორატორიული ცდების პირობებში ოლეოკანთალს იერიში მიაქვს კიბოს უჯრედებში შემავალ ბუშტუკებზე, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Molecular and Cellular Oncology.”
ოლეოკანთალი რომ კიბოს უჯრედების ნაწილს კლავს და კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს, ეს ადრეც ცნობილი იყო. მაგრამ გაუგებარი იყო ამ პროცესის მექანიზმი.
ბრესლინს მიაჩნდა, რომ ოლეოკანთალს იერიში მიჰქონდა კიბოს უჯრედებში შემავალ მნიშვნელოვან პროტეინზე, რაც იწვევდა უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილს, ანუ აპოპტოზს. ის ფოსტერთან და ლეჯენდრთან ერთად სწორედ ამ ჰიპოთეზის შემოწმებას ცდილობდა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოლეოკანთალის გამოყენების შედეგად კიბოს უჯრედები ძალზე სწრაფად, დაახლოებით 30-60 წუთში კვდებოდა. მაშინ, როცა დაპროგრამებული კვდომა 16-24 საათს გრძელდება. მეცნიერები მიხვდნენ, რომ საქმე რაღაც სხვაში უნდა ყოფილიყო.
შემდგომი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კიბოს უჯრედების კვდომას მათი საკუთარი ფერმენტები იწვევს. ოლეოკანთალი ხვრეტს კიბოს უჯრედების ბუშტუკებს, ლიზოსომებს, რომლებიც უჯრედის ნარჩენ ნივთიერებებს შეიცავს.
ლიზოსომების გახსნა პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს. თუმცა, როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, მსგავსი პროცესი არ შეიმჩნევა ჯანსაღი უჯრედების შემთხვევაში - ოლეოკანთალი მათ არ ვნებს. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ დროებით აჩერებს მათ სიცოცხლის ციკლს - ისინი იძინებენ. ერთი დღის შემდეგ ჯანსაღი უჯრედების ციკლი კვლავ გრძელდება.
ამერიკელი მეცნიერების თანახმად, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს კვლევის გაგრძელება ლაბორატორიის გარეთ, ცოცხალ არსებებზე.
როგორც ფოსტერი ამბობს, ამის გარდა, დასადგენია, რატომ არის კიბოს უჯრედები ჯანსაღ უჯრედებზე უფრო მგრძნობიარე.
ჯანმრთელობაზე ზეითუნის ზეთის დადებითი გავლენა აქამდეც ცნობილი იყო. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მის შემადგენელ კომპონენტებს ჟანგვის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს და რომ ის კარგი საშუალებაა ანთებითი პროცესების, გულის დაავადებებისა და კიბოს წინააღმდეგ.
მეცნიერთა კვლევას ამყარებს დაკვირვება ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონების მოსახლეობაზე. დიდი ხანია, ითვლება, რომ ხმელთაშუაზღვისპირა სამზარეულო დადებით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება კიბოს სტატისტიკას, ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში კიბოთი დაავადების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში თუ აშშ-ში.
ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევამ უკვე ამ ზემოქმედების მექანიზმს ახადა ფარდა.