მედიცინაში ცნობილია, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა კიბოს უჯრედების ზრდას ამუხრუჭებს. დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ნათელყო, თუ როგორ ხდება ეს. მათ თაგვებზე ცდებით დაადგინეს, რომ ამ ეფექტის მთავარი გამომწვევი მიზეზია სისხლში ადრენალინის დონის დროებითი ძლიერი ზრდა. ადრენალინის ზრდასთან ერთად სისხლში ხვდება იმუნური სისტემის უფრო მეტი ე.წ. ბუნებრივი მკვლელი უჯრედი.
ამავე დროს კუნთებში გამომუშავებული ნივთიერებები, რომლებიც სიგნალის გადამტანის ფუნქციას ასრულებს, იწვევს იმუნური უჯრედების გადასვლას სისხლიდან სიმსივნეზე. იქ ისინი ანადგურებენ კიბოს უჯრედებს და ამგვარად ხელს უშლიან სიმსივნის ზრდას. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში “Cell Metabolism”. თუკი მოხერხდა მათი გამოყენება ადამიანის შემთხვევაში, ამან შესაძლოა სერიოზულად შეუწყოს ხელი კიბოს მკურნალობას.
„ჩვენი გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს ფიზიკური ვარჯიში, რათა ადრენალინის დონის მკვეთრი ამაღლებით მოხდეს მკვლელი უჯრედების გააქტიურება“, ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის თანამშრომელი პერნილე ჰოიმანი. მისმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა, თაგვების შემთხვევაში რა გავლენას ახდენს სირბილი სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარებაზე.
ცხოველთა ერთ ჯგუფს საშუალება მისცეს, ოთხი კვირის განმავლობაში სურვილისამებრ ერბინა სარბენ წრეში. ისინი დღეში საშუალოდ 4-7 კმ-ს გადიოდნენ. ამის შემდეგ მათ სხეულში შეჰყავდათ სხვადასხვა სახის კიბოს უჯრედები ან კიბოს გამომწვევი ნივთიერებები.
იმ ცხოველებს, რომლებიც სარბენ წრეს გამოიყენებდნენ, სიმსივნის რიცხვი და ზომა 60%-ზე მეტით შეუმცირდა. ფიზიკურად აქტიური ცხოველების კიბოს ქსოვილში საგრძნობლად მეტი მკვლელი უჯრედი აღმოჩნდა, ვიდრე სხვებისაში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმსივნეებში მკვლელი უჯრედების რიცხვის ზრდა გამოწვეული იყო სირბილის გამო სისხლში ადრენალინის დონის ამაღლებით. საგულისხმოა, რომ იგივე ეფექტი ჰქონდა სხეულში ადრენალინის შეყვანას შპრიცით: სისხლში იზრდებოდა მკვლელი უჯრედების რაოდენობა.
მაგრამ კიბოს განვითარების შესაჩერებლად მარტო ადრენალინის მომატებით მკვლელი უჯრედებისთვის სიგნალის მიწოდება არ კმარა. საჭირო აღმოჩდა მეორე სიგნალი. დანიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კუნთების დატვირთვის შედეგად გამოყოფილი სიგნალის გადამტანი ნივთიერება ინტერლეიკინი „ამცნობს“ მკვლელ უჯრედებს, რომ კიბოს სიმსივნეში გადაინაცვლონ.
საბოლოო დასკვნა ასე ჟღერს: თუკი კიბოთი დაავადებულები მკურნალობასთან ერთად ფიზიკურ ვარჯიშსაც შეძლებენ, ამით ისინი გაძლიერებენ იმუნურ სისტემას. მართლაც შეიძლება თუ არა თაგვებზე ჩატარებული გამოკვლევით მიღებული დასკვნების გადატანა ადამიანზე, ეს მომავალმა კვლევამ უნდა აჩვენოს.