აკრძალული გარევაჭრობა და სტუდენტების სოლიდარობა ბუკინისტებს

თსუს პირველი კორპუსის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაც ბუკინისტების სახელდახელო დახლია მოწყობილი, სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სტუდენტები თბილისის მერიას მოუწოდებენ არ აამოქმედოს „გაფრთხილება“ და ბუკინისტებს ვაჭრობის საშუალება მისცეს. სტუდენტების თქმით, 19 მარტს თსუს პირველი კორპუსის წინ წიგნებით მოვაჭრეეები გააფრთხილეს აიღონ დახლები, დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ „უნებართვო გარევაჭრობის“ აკრძალვის ფარგლებში ბუკინისტებისთვის ვაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 19 მარტს მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლება არ მისცა. ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის სრულ აკრძალვას გეგმავს, გარემოვაჭრეებს კი ალტერნატიულ ფართს ჰპირდება.

Your browser doesn’t support HTML5

აკრძალული გარევაჭრობა და სტუდენტების სოლიდარობა ბუკინისტებს

ოლეგ ბიტკაში 15 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ბუკინისტურ ლიტერატურას ყიდის. ამ საქმისთვის ხელის მოკიდება სამსახურის დაკარგვის შემდეგ გადაწყვიტა და ფიქრობს, რომ წიგნებით ვაჭრობა უნივერსიტეტის სიახლოვეს, უბრალოდ, ლოგიკურიც კია:

„სასწავლებელთან წიგნი უნდა გაიყიდოს, აუცილებელია, იმიტომ რომ აქ ლექტორები, სტუდენტები მოძრაობენ, სტუმრები ჩამოდიან და ინტერესდებიან“.

სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, რომელთაც ბუკინისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გამართეს, ამბობენ, რომ გასულ კვირას მერიის ზედამხედველობის სამსახურის თნამშრომლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მოვაჭრე ბუკინისტებს, დახლების მფლობელებს რამდენიმედღიანი ვადა მისცეს და წიგნების ალაგებისკენ მოუწოდეს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან. ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით უამრავი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას, ამბობს ვაჟა ქათამაძე, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი.

„ბუკინისტები ასოცირდებიან ჩვენს ქალაქთან, ჩვენს უნივერსიტეტთან, ეს არის ჩვენი ქალაქის ერთგვარი აქსესუარი და სილამაზე. დღეს უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ირგვლივ არსებულ სივრცეს ვიცავთ, სადაც ბუკინისტებიც არიან. ვინ დაიცავს ბუკინისტებს მეტრო „თავისუფლების მოედანთან“, ვინ დაიცავს მარჯანიშვილზე? ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამიტომ ჩვენ დღეს ვერთიანდებით და ძალიან გვინდა, რომ ბუკინისტები დავიცვათ“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მწერალი აკა მორჩილაძე ქალაქებში ბუკინისტების ყოფნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს და ხაზგასმით ამბობს, ბუკინისტების მთავარი ხიბლი ისაა, რომ ქალაქში სწორედ თვალსაჩინო ადგილას უნდა იყვნენო:

„ყველგან არიან დიდ ქალაქებში: ლონდონში - ხიდის დაბლა, ტემზის ნაპირზე, შაბათ-კვირაობით; პარიზშია ყველაზე ცნობილი, რაც ამათ მაგალითად მოჰყავთ ხოლმე, მდინარის ჩაყოლებაზე. უნდა იყოს ყველგან და აზრი ის არის, რომ უნდა იყოს ქალაქში კარგ ადგილას. მშრალ ხიდზე თუ დაალაგე, ის ბრწყინვალება არ აქვს და მიზიდულობა. ჩვენთან ეს შემიმჩნევია და ამიტომ არიან ქუჩაში და თუ ქუჩაში არიან, უნდა იყვნენ კარგ ადგილას. თუ სადღაც გამოუყავი ადგილი, იქ არავინ მივა, წიგნის მაღაზიაში არ შედის არავინ და...“

ბუკინისტები უნივერსიტეტის წინ

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „უნებართვო გარევაჭრობის“ წინააღმდეგ ღონისძიებების ფარგლებში არ იგეგმება ბუკინისტებისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ვაჭრობის აკრძალვა.

19 მარტს მერიამ თბილისის რამდენიმე უბანში, მათ შორის, მარჯანიშვილის მეტროსა და მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების გაშლის უფლება არ მისცა გარემოვაჭრეებს. მერიის განცხადებით, გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორის, შეფერხებაზე გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლაზე, ანტისანიტარიაზე, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობაზე, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვაზე, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მერია გარემოვაჭრეთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფას გეგმავს, გარემოვაჭრეთა ნაწილი მერიის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა. ისინი გაუფრთხილებლად ვაჭრობის აკრძალვაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას:

„ჩვენი საარსებო წყარო არის ის, რომ ქუჩაში ვვაჭრობთ. უცებ მოვიდნენ და არ დაგვაყენეს. რომ გავეფრთხილებინეთ, წინა დღით მაინც ეთქვათ, მეტი არ გვინდოდა, მხედველობაში მაინც გვექნებოდა. ასე უცებ მოვიდნენ და აგვყარეს“.

„მე არ მაქვს დიდი მაგიდა, რომ ამ მაგიდით შევიდე ბაზრობაზე. მე ამით მხოლოდ პურის ფულს ვაკეთებ, მეტს ვერაფერს. 50 ლარის საქონელი მაქვს და რომელ ბაზრობაზე გამოჩნდები ამ საქონლით?“

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მედიასთან საუბარში ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ბაზრობის ხელმძღვანელთან, რომ გარემოვაჭრეებს შეღავათიანი პირობები დაუწესდეთ:

„ბაზრობების ასოციაციას და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბაზრობების ადმინისტრაციასთან და ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას მაქსიმალური შეღავათით 6 თვის განმავლობაში შესთავაზონ სავაჭრო ლოკაციები ამ ადამიანებს“.

გარემოვაჭრეთა უფლებების დაცვისთვის მზადაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის იურისტ მიშა ჯახუას თქმით, შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა იმავე კოდექსით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განსაზღვრულია არა ყოველგვარი გარევაჭრობისთვის, არამედ ვაჭრობისთვის “შესაბამისი ნებართვის გარეშე”. თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი წესები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს:

„[მერია] ხალხს, ვინც საქმიანობას ახორციელებს, არ აძლევს საშუალებას, რომ შესაბამისი ნებართვა მოიპოვოს, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს გაწერილი ასეთი პროცედურა და, მეორე მხრივ, არ ახდენენ ადმინისტრირებას სამართალდარღვევის და დამოკიდებულს ხდიან ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას მათ კეთილ ნებაზე, ანუ როცა მოუნდებათ, მაშინ დაერევიან ამ ხალხს და აყრიან ისე, რომ არ ითვალისწინებენ მათ სოციალურ მდგომარეობას და ახლა მუშაობენ ალტერნატიული ფართების შეთავაზებაზე“.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები აცხადებენ, რომ ისინიც შეიმუშავებენ გეგმას გარემოვაჭრეებისადმი სოლიდარობის აქციების გასამართად.