ახალციხის შეუსრულებელი პროექტები

ახალციხე

ქალაქ ახალციხის მერიას სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი (173 ათას ლარამდე გამოყოფილი იყო გვარამაძის ქუჩის მოასფალტებისათვის, დაახლოებით 121 000 ლარი ამავე ქუჩაზე არსებული ხიდის, 585 000-მდე კი ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის) აუთვისებელი დარჩა. მერის მოადგილე ზაზა გელაძე ამის მიზეზად კლიმატურ პირობებსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ასახელებს - ამბობს, რომ ქუჩებზე სამუშაოები მიმდინარე წელს განახლდა და მარტის თვეში შესრულებულ პროექტებს ჩაიბარებენ. 2014 წელს შეუსრულებელიპროექტებიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი მხოლოდ ორს ასახელებს, ზარზმელის ქუჩის მოწესრიგებისათვის განსახორციელებელ სამუშაოებს კი გასული წლის პროექტად არ მიიჩნევს, რადგან მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სამინისტროდან გასულ წელს დაფინანსდა და ტენდერი იმავე წელს იყო გამოცხადებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება; პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება; ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; გვარამაძის ქუჩაზეგზისა და სანიაღვრე არხის, ასევეგადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია – ეს ის პროექტებია, რომელთა შესასრულებლადაც 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეში 3 მილიონამდე ლარი გამოყო, თუმცა სამუშაოები განსაზღვრულ, ანუ 1-წლიან, ვადაში ვერ შესრულდა, ამიტომ პროექტები გარდამავალი გახდა და სამუშაოები მიმდინარე წელს განახლდა. 2014 წელს შეუსრულებელიპროექტებიდან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი მხოლოდ ორს ასახელებს.

აღნიშნული 5 პროექტიდან 2-ზე პასუხისმგებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტს, ხოლო სამზე ახალციხის მერიას ეკისრება. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ პროექტები კლიმატური პირობების გამო ვერ დასრულდა და სამუშაოები აპრილის თვიდან განახლდება.„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონალური კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მასშტაბით პროექტების ჩავარდნის მიზეზად ადგილობრივ თვითმმართველობებში კლიმატური პირობების დასახელებას არამართებულად მიიჩნევს. იგი ვარაუდობს, რომ პროექტები ხელოვნურად გაჭიანურდა, რადგან მშენებარე ფირმებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კორუმპირებული გარიგება მიმდინარეობდა.

შეუსრულებელი სამუშაოებისა და ჩავარდნილი პროექტების შესახებ ლაპარაკობენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისშიც. პარტიის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე, რომელსაც წინა წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ 2012 წლიდან პროექტების უმრავლესობა შეუსრულებელი რჩება. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, პროექტები ჩავარდა წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვისაც. ამის მიზეზად გელა დემეტრაძე თანამდებობის პირების მხრიდან უპასუხისმგებლობასა და საქმის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ასახელებს.

2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მერიის მასშტაბით, მხოლოდ აღნიშნული 5 პროექტი დააფინანსა. ყოველი მათგანი იმავე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გეგმა ვერ შესრულდა. ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიჩნევენ, რომ შეუსრულებელი პროექტების თაობაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებაახალციხეს არ ეხება.