ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის 150-მდე მძღოლის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ვადა 23 მარტს ამოიწურა. დაჯარიმებულებმა ძალოვან უწყებას ეს ვადა მესამედ გამართული აქციის დროს მისცეს და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ამ ვადაში მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ბორჯომში ცენტრალურ გზას გადაკეტავდნენ. მძღოლები ამბობენ, რომ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ბრალდებით ავტომობილები მათ რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს და ამ დრომდე საქმე გამოძიებული არ არის. სამასალე მერქნით დატვირთული და დალუქული მანქანები ღია ცის ქვეშ საჯარიმო სადგომზეა გაჩერებული.
Your browser doesn’t support HTML5
,,ეს მანქანები ზოგი აგვისტოს მერეა დაკავებული, ზოგი მოგვიანებით. იდგა პოლიციაში, ახლა გადმოყვანილია საჯარიმოზე. ზოგი კანონიერად არის დაკავებული, ზოგი უკანონოდ. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ დასაჯარიმებელია, დაგვაჯარიმონ, თუ არადა, გაგვიშვან. დალპა მასალაც და გაფუჭდა მანქანებიც. იძახიან, გამოძიება მიმდინარეობსო. არადა, ვისიც არის მანქანები, ჯერ ის ხალხიც არ ჰყავთ დაკითხული. გავმართეთ აქციები, პროკურატურასაც მივმართეთ და პრემიერსაც, მაგრამ ყურადღება არავინ არ მოგვაქცია“, –აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მძღოლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მათ მათ შორის სამართლებრივად დავეხმაროთ. ჩვენ ,რა თქმა უნდა, მზად ვართ როგორც სამართლებრივი ბრძოლისთვის, ასევე ამ ადამიანებთან ერთად, მათ შორის, ქუჩის აქციებით მივაღწიოთ სამართალს...ლევან ხაბეიშვილი
,,სულ რაღაც ერთ კუბამეტრამდეა მასალა მანქანაზე დადებული. მანქანაც ვითხოვე, რომ მონასტრამდე მიმეტანა. მუხის ხმელი მასალა მქონდა დადებული, ნაძვი და ფიჭვი არც ყოფილა, არც მეგონა ამის გამო ვინმე თუ გამაჩერებდა. მანქანები ზოგს ნათხოვარი ჰყავს, ზოგს ბანკიდან აქვს გამოყვანილი და ზოგს რა და ზოგს რა. რა გამოვიდა, თუ ასე 3 და 6 თვე და 1 წელი მიუსაჯეს, რითი ირჩინოს ამ ხალხმა თავი. თუ დანაშაული ჩაიდინა, კი ბატონო, მიესაჯოს, მაგრამ ასე უსასრულოდ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი“, – ამბობს ხაშურის ტაძრის მღვდელმსახური მამა გაბრიელი.
მძღოლები ძალოვან უწყებას საქმის დროულ გამოძიებას სთხოვენ. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან და მზად არიან სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადონ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჯერ საქმეები სასამართლომდე არ მისულა. მძღოლების მიერ გამართულ ბოლო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოჩდნენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, დაზარალებულებმა პარტიას დახმარებისთვის თავად მიმართეს.
ჩვენ ვთხოვეთ პროკურორს, რომ პარასკევის ჩათვლით იქნებ რამე შედეგი მივიღოთ, რომ დაიწყონ საქმის მსვლელობა და გამოძიება. ვთხოვეთ, რომ დაგვიბრუნონ მანქანები. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას...პაატა ბლიაძე
,,მძღოლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მათ მათ შორის სამართლებრივად დავეხმაროთ. ჩვენ ,რა თქმა უნდა, მზად ვართ როგორც სამართლებრივი ბრძოლისთვის, ასევე ამ ადამიანებთან ერთად, მათ შორის, ქუჩის აქციებით მივაღწიოთ სამართალს, იმიტომ რომ, თუ სამართალი უნდოდათ, 7 და 8 თვე და ერთი წელი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ თუ ვინმე დასაჯარიმებელია, დააჯარიმონ და არა დაულპონ ავტომანქანები“.
„დაგვიბრუნეთ თვეების წინ ჩამორთმეული ავტომობილები“ – ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა, რისთვისაც ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია ბოლო სამ თვეში მესამედ გამართეს. 150-მდე მძღოლი ახალციხეში ბოლოს 19 მარტს შეიკრიბა და მხარის გუბერნატორისა და პროკურატურისგან პრობლემის გადაჭრაში დახმარება მოითხოვა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან მძღოლებს პროკურორი გიორგი აღლემაშვილი შეხვდა.
,,ჩვენ ვთხოვეთ პროკურორს, რომ პარასკევის ჩათვლით იქნებ რამე შედეგი მივიღოთ, რომ დაიწყონ საქმის მსვლელობა და გამოძიება. ვთხოვეთ, რომ დაგვიბრუნონ მანქანები. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. უბრალოდ, გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი მანქანები, რომ გავაგრძელოთ შრომა ლუკმაპურისთვის. პირველ რიგში, გადავკეტავთ გზებს. თუ მაგანაც არ გვიშველა, ჩავალთ კანცელარიაში, მივაკითხავთ პრემიერ–მინისტრს დასახმარებლად“, – ამბობს პაატა ბლიაძე.
საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მანქანები გამოძიების ფარგლებშია ამოღებული და გადაწყვეტილება ძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მუხლით, უწყებას 8 ავტომობილი აქვს დალუქული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბოლო 7 თვის განმავლობაში საჯარიმოზე 222 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანეს. ძალოვან უწყებაში თვეობით გაჭიანურებულ გამოძიებაზე კომენტარს არ აკეთებენ.