ახალციხის მერი: ,,2019 წლიდან ახალციხის ციხეს სუბსიდირება შესაძლოა აღარ დასჭირდეს“

ახალციხის ციხე

ახალციხის ციხეს ფუნქციონირებიდან ხუთი წლის თავზე ყველაზე მეტი ტურისტი გასულ წელს სტუმრობდა. 141 591 უცხოელი ვიზიტორიდან პირველ ადგილზე რუსეთია. ციხე შარშან 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მოინახულა. მეორე ადგილზეა ისრაელი 7 700–ზე მეტი ვიზიტორით, ხოლო მესამე ადგილს პოლონეთი იკავებს 5 400 ტურისტით. ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი განმარტავს, რომ, 2016 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის 4 ათასით არის გაზრდილი.

Your browser doesn’t support HTML5

ახალციხის მერი: ,,2019 წლიდან ახალციხის ციხეს სუბსიდირება შესაძლოა აღარ დასჭირდეს“

98 ქვეყნიდან ახალციხის ციხეს გასული წლის განმავლობაში, ჯამში, 203 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, შემოსულმა თანხამ კი 800 ათასზე მეტი ლარი შეადგინა

ახალციხის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ 2017 წელს ციხისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. გელა დემეტრაძე, რომელიც ციხის აშენების დროს ახალციხის გამგებლის პოზიციას იკავებდა, აქცენტს ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებზე აკეთებს.

2016 წელს ციხე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარით ფინანსდებოდა, გასულ წელს კი დაფინანსება განახევრდა. 98 ქვეყნიდან ახალციხის ციხეს გასული წლის განმავლობაში, ჯამში, 203 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, შემოსულმა თანხამ კი 800 ათასზე მეტი ლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 100 ათასი ლარით არის გაზრდილი. ქალაქის მერი ზაზა მელიქიძე არ გამორიცხავს, რომ 2019 წელს ახალციხის ციხეს ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ დასჭირდეს.

"ახალციხის ციხის" ვიზიტორთა სტატისტიკა გახსნიდან დღემდე ასე გამოიყურება:

2012 წელი – 83 955 ვიზიტორი
2013 წელი – 132 072 ვიზიტორი
2014 წელი – 117 548 ვიზიტორი
2015 წელი – 118 921 ვიზიტორი
2016 წელი – 137 633 ვიზიტორი

სტატისტიკის მიხედვით, 2014/15 წწ-ში ახალციხის ციხის ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო, 2016 წლიდან კი მათი რიცხვი ისევ იზრდება.