ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის გამო ჩივიან

ახალციხე

მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი ხშირ შემთხვევაში ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კანონი ავტობუსების მძღოლებს წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას ავალდებულებს, თუმცა საქალაქო და სატრანზიტო მარშრუტები მოძველებული ავტოპარკით ხორციელდება.

Your browser doesn’t support HTML5

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის გამო ჩივიან

ტარიელ ადეიშვილი, მესამე წელია, ახალციხეში დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს. 75 წლის მძღოლი ყოველდღიურად ერთსა და იმავე მარშრუტს ასრულებს სადგურიდან უნივერსიტეტისა და საავადმყოფოების მიმართულებით. საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი ჰყვება, რომ ავტობუსი ხშირად მწყობრიდან გამოდის.

ახალციხეს ძირითადად ორი მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსი და მიკროავტობუსი - ემსახურება. დილის საათებში მგზავრთა რაოდენობა მეტია. ახალციხელები ამბობენ, რომ მიკროავტობუსი ხშირად მგზავრებს ვერ იტევს, არაკომფორტულია და ბევრად მეტი ტექნიკური ხარვეზი აქვს, ვიდრე ავტობუსს.

ახალციხეს საქალაქო ტრანსპორტით შპს ,,ჯეოტვ“ უზრუნველყოფს. ქალაქის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მგზავრებისგან ღირებულების ნახევარს იღებს, დანარჩენს კი ადგილობრივი ხელისუფლება ანაზღაურებს. ,,ჯეოტვ“–ის დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი განმარტავს, რომ მერიას შეუძლია საქალაქო გადაზიდვებზე კონკურსი გამოაცხადოს და შესაბამისი კრიტერიუმები დააწესოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას ორგანიზება ქალაქის მერიამ უნდა გაუწიოს. დღეისათვის ახალციხის თვითმმართველობა მხოლოდ მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსებასა და გარკვეული კატეგორიის ბენეფიციართათვის შეღავათების დაწესებას უზრუნველყოფს. ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე მედიასთან განმარტავს, რომ თბილისიდან მეორადი ტრანსპორტის ჩამოყვანა იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმა ვეღარ განხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა უკეთესი საქალაქო ტრანსპორტის მოთხოვნით. ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებმა თვითმმართველობას ჩატარებული კვლევის შედეგები და იურისტების მიერ შემუშავებული დებულება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური ტრანსპორტის კრიტერიუმები განისაზღვრება. მესამე სექტორის მიმართვის მიუხედავად, ქალაქს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში კვლავ ძველი ტრანსპორტი მოემსახურება.