სხვილისში ვაშლის ხეებს ჭრიან

ვაშლის ბაღები

მესხი ფერმერებისთვის ივლის–აგვისტოს თვე ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. მათ ამ დროს, ერთი მხრივ, მოსავალი სტიქიისგან უნდა გადაარჩინონ და, მეორე მხრივ, მის რეალიზაციაზე იზრუნონ, თუ არადა, ოჯახის შესანახად სხვა გზების ძიება მოუწევთ. რატომ იჩეხება ვაშლის ბაღები და რას ითხოვენ მესხი ფერმერები?

Your browser doesn’t support HTML5

სხვილისში ვაშლის ხეებს ჭრიან

სამცხეში, მეოთხე წელია, მოწეული მოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სტიქია ანადგურებს, სეტყვას გადარჩენილი ხეხილი და ბოსტნეული კი დიდწილად გლეხის სარდაფში რჩება. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ამბობენ, რომ ვაშლში აღებული ფასი ხშირად დანახარჯებსაც ვერ ფარავს. აკოფ აბრამიანისთვის მოწეული მოსავლის რეალიზაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხილის მოვლა-პატრონობა და დაბინავება მას ორი ათას ლარზე მეტი უჯდება, რეალიზაციით მიღებული თანხა კი ხშირად ხარჯის ნახევარიც არ არის.

აკოფ აბრამიანის მსგავსად, ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსავლის რეალიზაცია რჩება. იმის გამო,რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმო სამცხე–ჯავახეთში არ არსებობს, მოსავალზე ფასი კიდევ უფრო ეცემა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, ამბობს ტრისტან თამაზაშვილი, რომელიც ხილს ადგილობრივებისგან ყიდულობს და შიდა ქართლში საწარმოს აბარებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც სხვილისში ლაპარაკობენ, გაჩეხილი ვაშლის ბაღებია. მარიამ კაზარიანი იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ფერმერებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურში ფიქრობენ, რომ პროდუქტის ბრენდირებისა და შეფუთვის შემთხვევაში ვაშლის რეალიზაცია არ უნდა გაჭირდეს. აგროკონსულტანტების აზრით, რეალიზაციის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ჯიშების გამოცვლაა. პავლე გიქოშვილი ევროპის ბაზრის მოთხოვნებზეც ლაპარაკობს.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ლია თედორაძემ ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ვაშლის ბაღების გაჩეხა ადგილობრივებმა სოფლად არსებული გაუმართავი სარწყავი სისტემის გამო დაიწყეს.

ვიდრე ჯიშების გამოცვლა ან პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა მოხდება, მანამდე ადგილობრივმა ფერმერებმა სათანადო ცოდნა უნდა მიიღონ, თორემ მათ შრომას ფასი არც ამ შემთხვევაში ექნება.