თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი ცნობილია. პრეზიდენტის განმარტებით, ის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატების დასახელება და წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ დედაქალაქში დაიწყეს.
Your browser doesn’t support HTML5
ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას შეუდგნენ, ახალციხის ქუჩებში კი გასული წლის სააგიტაციო მასალებს ჯერ კიდევ შეხვდებით. ქალაქში წარმომადგენელი სულ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ დაუწყია. მმართველი ძალა ახალციხეში კანდიდატისა და პროპორციული სიის წარდგენას არ ჩქარობს. „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კომენტარს არ აკეთებენ, ცენტრალურ ოფისში კი გნმარტავენ, რომ პარტია წინასაარჩევნო მარათონში აგვისტოს ბოლოს ჩაერთვება.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი სახეების დასახელებას ფიქრობენ „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის ოფისში ამბობენ, რომ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის შერჩეულ კანდიდატებთან ერთად პროპორციული სიაც შედგენილი აქვთ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყებენ მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევა არ უჭირთ.
პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადებიან, „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი ახალციხეში ოფისი დახურა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ამბობს, რომ აქტიურ კამპანიას ორი თვის შემდეგ დაიწყებენ, მანამდე კი სურთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთი ზეპარტიული კანდიდატი შეარჩიონ.
მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შერჩევა თითქმის დაასრულა ,,ევროპულმა საქართველომ“, პროპორციულ სიაზე მუშაობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. პარტიის ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ შიდა კონსულტაციები გრძელდება, კანდიდატების წარდგენას კი ქალაქ ახალციხის მაჟორიტარული საზღვრების დაზუსტების შემდეგ აპირებენ.
მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ახლა ადგენს. ცვლილებები თემისა და ქალაქის გაერთიანებამ გამოიწვია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ახალი რედაქციით, ქალაქს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, თემს კი - 15. მათ გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 დეპუტატი პროპორციული სიით შევა.