საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადადის.მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალაქის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. სამცხე-ჯავახეთში ციფრული სიგნალის გაშვება 18 აგვისტოს იგეგმება. მოსახლეობის ნაწილმა პროცესისთვის მზადება უკვე დაიწყო და ტექნიკის მაღაზიებს მიმართა, ნაწილი კიახალი ვითარების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.
ტელევიზორები, რომლებიც ციფრულ გამოსახულებას სპეციალური მოწყობილობების გარეშე მიიღებენ, ახალციხის ტექნიკის მაღაზიებში ბოლო პერიოდში აქტიურად იყიდება. „ფასები 600 ლარიდან იწყება და ფუნქციების მიხედვით იმატებს“, – აცხადებს მაღაზიის კონსულტანტი. ნია გელაშვილის თქმით, ვისაც ფერადი ტელევიზორი აქვს, მისთვის ახლის შეძენა აუცილებელი არ არის, რადგან ანალოგური სიგნალის ციფრულად გარდაქმნა სპეციალური მოწყობილობის – სეთ-თოფ-ბოქსის - საშუალებითაა შესაძლებელი.
ციფრული სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც მოსახლეობისთვის სეთ-თოფ-ბოქსების გადაცემას გულისხმობდა, ჯერ ბოლომდე არ შესრულებულა. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა, რომელიც რეგიონალური ტელევიზიების ძირითად აუდიტორიას წარმოადგენს, პროცესში ნაკლებად არის ჩართული.ტელეკომპანია ,,ბორჯომის“ განვითარების მენეჯერი ფიქრობს, რომ რეგიონალური ტელეკომპანიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადავლენ, თუმცა აღნიშნული პროცესი მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი ტელემაუწყებლები გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან. ტრისტან ცუცქირიძე მთავარ პრობლემად მაინც მოსახლეობის არაინფორმირებულობას მიიჩნევს.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ მსგავსად, 18 აგვისტოსთვის ემზადება ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი". არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერიამბობს, რომ პროცესი დიდ ძალისხმევასა და, რაც ყველაზე მთავარია, ფინანსებთანაა დაკავშირებული. თიკო კურტანიძის განმარტებით, ყველა რეგიონალურ მაუწყებელში გასაახლებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გარდა ამისა, აუცილებელია თანამშრომელთა გადამზადება და არხის შინაარსობრივ მხარეზე ზრუნვა.
საქართველოში მოქმედი 14 მულტიპლექსის მფლობელი რეგიონალური ტელევიზია ქსელის სახით ერთიანდება. მათი მიზანი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ტექნიკური მხარის ერთობლივი ეფექტური დაგეგმვაა, რათა საკუთარ მაყურებლებს კარგი ხარისხის მაუწყებლობა უსასყიდლოდ შესთავაზონ. გარდა ამისა, ასოციაციის წევრი ყველა რეგიონალური ტელევიზია გადაცემების შინაარსობრივ მხარეზე ერთად იმუშავებს.
2015 წლის 30 ივლისს, 10:00 საათზე,ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში; 2015 წლის 6 აგვისტოს, 10:00 საათზე, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში; 2015 წლის 18 აგვისტოს, 10:00 საათზე, ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში; 2015 წლის 25 აგვისტოს, 10:00 საათზე, დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურასა და საჩხერეში.
სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, თავის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქსს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, “საქართველოს ფოსტის” შესაბამის სერვისცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა გაციფრულების პროცესის ვადის გახანგრძლივება უკვე მოითხოვეს. შესაბამისად, ამ დროისათვის იმის საჭიროება, რომ საქართველო აუცილებლად 2015 წლიდან გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე, აღარ არის.