"ხალხს საძოვრები არა აქვს“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, რათა მათი პირუტყვი უსაძოვრებოდ არ დარჩეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სოფელში საძოვრებისა და სათიბების გაყიდვა იგეგმება. საყუნეთის მკვიდრნი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ტერიტორიების შესყიდვას სთავაზობს, რის ფინანსური რესურსიც არ გააჩნიათ და ამიტომ შიშობენ, რომ მათი პირუტყვი მალე საკვების გარეშე დარჩება, რაკი არც საძოვრები ექნებათ და აღარც სათიბი ტერიტორიები.

საყუნეთის მოსახლეობას კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ თემისა და გამგეობის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სოფლის სათიბ–საძოვარი, ეგრეთ წოდებული „დარანეთის“ მიწები, არ იყიდება და ადგილობრივ მოსახლეობაში მცდარი ინფორმაციაა გავრცელებული. როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ ტალახაძე განმარტავს, ამ დროისათვის ტერიტორია სახელმწიფოს ბალანსზეა და იმისათვის, რომ მომავალში მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მათ სათიბების შესყიდვასა და საძოვრების იჯარით აღებას ურჩევენ.

ეგრეთ წოდებული „დარანეთის“ ტერიტორია, სადაც წლებია საყუნეთის მოსახლეობა საკუთარ პირუტყვს აძოვებს და სათიბად იყენებს, 36 ჰექტარს შეადგენს. გამგეობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ისინი მოსახლეობას სათიბისა და საძოვრების გარეშე არ დატოვებენ, ინფორმაცია კი იმის თაობაზე, რომ ვინმეს ტერიტორიის შესყიდვა სურს, გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის რამინ მარტინენკოს თქმით, პროვოკაციულია.

„ნუ დავკარგავთ იმას, რის დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებთ“ – ასეთი განცხადება გამოაკრეს სოფელ საყუნეთის ცენტრში დაახლოებით სამი კვირის წინ თემის წარმომადგენლებმა. განცხადებაში ისინი ადგილობრივებს მოუწოდებდნენ სოფლის კრებას დასწრებოდნენ, სადაც „დარანეთის“ მიწების საკითხი უნდა განხილულიყო. კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში მოსახლეობისგან საძოვრების შესყიდვის საკითხი, გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ საყუნეთში განმარტა, რომ ადგილობრივებისთვის ახლა სწორედ ეს საკითხიაპრიორიტეტული. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას ახმაურებს.

საძოვრების პრობლემა, საყუნეთის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთამდე სოფელში დგას.