შოთა ნასყიდაშვილი: „ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავარდნა გვაქვს"

ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგით მე-11 სხდომაზე დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლების ექვსთვიანი მუშაობა შეაფასეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ნასყიდაშვილმა, აღნიშნა, რომ სამსახურების მუშაობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მერიას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავარდნა აქვს.

Your browser doesn’t support HTML5

შოთა ნასყიდაშვილი: „ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავარდნა გვაქვს"

საკითხში გარკვევას დეპუტატები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად შეეცადნენ. ჩავარდნის მიზეზად ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, გელვასი გელაძემ, ის გაუთვალისწინებელი სამუშაოები დაასახელა, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელების დროს გამოჩნდა.

საბოლოოდ, დეპუტატებმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი. დაგეგმილი მტვერსასრუტი მანქანისთვის გამოყოფილმა 180 000 ლარმა ინფრასტრუქტურული პროექტების მუხლში გადაინაცვლა. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება ასევე ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან გამოთავისუფლებული და ტენდერებიდან ეკონომიის სახით მორჩენილი თანხები, რამაც ჯამში 690 000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. საკრებულოს დეპუტატმა ,,ევროპული საქართველოდან", მალხაზ გიქოშვილმა, საკითხის ასე დაყენება გააპროტესტა.

ქალაქ ახალციხის მერი პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მომავალ წელს შეიძენენ მტვერსასრუტ მანქანას ქალაქისთვის. ვლადიმერ ზედგინიძე დაწყებული პროექტების დასრულებაზე საუბრობს.

თანხიდან 280 000 ლარი 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში, 29 მეასედ ფართობზე, 4 000 მესხის სახელობის სკვერის მოწყობას მოხმარდება. ამავე მუხლიდან გამოიყოფა წიქვაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა. ასევე, ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება 16 000 ლარი, რომლითაც ქალაქის მერია საყვავილეების შეძენას აპირებდა.