მესხეთში 2017-ს იმედებით ხვდებიან

მესხეთში მცხოვრები კათოლიკე მრევლი ახალ წლამდე შობას აღნიშნავს. მათი დიდი ნაწილისთვის ეს დღე გაცილებით მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, შობისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მესხი კათოლიკეებისთვის საშობაო და საახალწლო რიტუალები უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი შესრულება ყველას ევალება. ტრადიციის ნაწილია გამომშრალი ხორცი, აპოხტი, რომელიც საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან. ოჯახური ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემაო, ამბობს მაკა ჯანაშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

მესხეთში 2017-ს იმედებით ხვდებიან

ვერა ხაჩატურიანი ვაზის ფოთლებში ტოლმას ახვევს, მისი მეუღლე ღვინოს ტოლჩაში ასხამს, შვილები კი ნაძვის ხეს რთავენ. ოჯახი საახალწლოდ ემზადება. ტრადიცია სომხურ ოჯახშიც წინაპრებიდან მოდის, თუმცა ეროვნული კერძების გარდა საახალწლო სუფრაზე ახალქალაქელების ოჯახში ქართული კერძებიც მზადდება. ოჯახის დიასახლისი ვერა ხაჩატურიანი ტოლმის მომზადების რეცეპტს გვიმხელს.

ახალციხეში მცხოვრებმა ებრაულმა თემმა ახალი წლის აღნიშვნა 24 დეკემბრიდან, მზის ჩასვლის შემდეგ, დაიწყო. ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. დღესასწაული ძვ.წ. მეორე საუკუნეში დაწესდა. ხანუქას შემდეგ ახალციხელი ებრაელები ახალ წელს, პირველ იანვარს, ქართული ტრადიციული კერძებითაც აღნიშნავენ. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ სიმონ ლევიშვილმა პირველი სანთელი სინაგოგაში აანთო. ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს თითო სანთელს ანთებდა სალოცავში.

ვიდრე ებრაელი თემი მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობდა, ჯავახეთში მცხოვრები დუხობორები წინასაახალწლო სამზადისში იყვნენ, თუმცა თემის წინამძღვარს ახალი წლის თარიღიც ეშლება. ბორია კრიკუნოვი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს მაყვალა ასპანიძეც. მის სადღესასწაულო სუფრას მესხური ტრადიციული კერძები ამშვენებს. ერთ-ერთი ასეთი კერძი ბაქმაზისგან მზადდება. როგორც მასპინძელი ირწმუნება, თუთის წვენისგან დამზადებული ტკბილეული, გემოსთან ერთად, ჯანმრთელობისთვისაც საუკეთესოა.

განსხვავებული რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ახალი წელი უკეთესი ცხოვრების იმედსა და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება.