2014 - ვისთვის კარგი და ვისთვის არაფრის მომცემი

ლაგოდეხი

ახლა დილის 8 საათია. სოფელს უკვე ღვიძავს. აქ დილა გარიჟრაჟზე იწყება და გვიან ღამით სრულდება. ძროხა, ქათამი, ინდაური და რამდენიმე ღორი ჩითინაშვილების მრავალსულიანი ოჯახის მთელი წლის მონაგარია, ამიტომ ყოველი დილა მათზე ზრუნვით იწყება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში მცხოვრები 4 შვილის მამა, ჯუმბერ ჩითინაშვილი, ამბობს, რომ 2014 წელი მისი ოჯახისთვის ერთი ჩვეულებრივი წელი იყო, რომელსაც განსაკუთრებული შედეგები არ მოუტანია - კვლავ სოციალურად დაუცველ ოჯახდ რჩება და სახელმწიფო შემწეობა არ ჰყოფნით:

„მხურვალი წელი იყო, ყველანაირი გაგებით. ხელფასი მე არ მაქვს და სამსახური, სახლში ვზივარ და ვარ. სახელმწიფო გვეხმარება. მართალია, არ გვყოფნის, მაგრამ ხომ გაგიგიათ, საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფაროო... ხან მშიერი ვარ, ხან ფეხშველა და ასე გრძელდება წლები“.

განსხვავებულია ოჯახის დიასახლისის პოზიცია. 48 წლის ბელა არუთინიანი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ ამ წელს შეძლო, როდესაც სახელმწიფომ მისი სამედიცინო მომსახურება სრულად დააფინანსა:

„მე იმით ვიმშვიდებ ხოლმე თავს, რომ ჩვენზე გაჭირვებული ოჯახებიც არიან - აი, მაგალითად, სახლი ვისაც არ აქვს. მადლობა უფალს , რომ ჩემ შვილებს სახლ-კარი მაინც აქვთ და საკვებიც არ გვიჭირს“.

სოფელ აბაშისწილში მცხოვრები 80 წლის ვარო ყულაშვილს მიაჩნია, რომ გლეხი ამ წელმაც კვლავ მშიერი და შიშველი დატოვა, პასუხისმგებლობას კი ამაზე არა2014 წელს, არამედ ქვეყნის მთავრობას აკისრებს:

„ჩემი თხოვნა იქნება მთავრობასთან, რომ გლეხის მდგომარეობა ოდნავ მაინც გააუმჯობესონ. მართალია, ასეთი გამოთქმა არსებობს, გლეხი არ უნდა გააძღოო, მაგრამ არც ხომ ის არის მართალი, რომ მშივრები უნდა ვიყოთ?!“

წლის მთავარ პრობლემად მოსახლეობა უმუშევრობას და სოციალურ მდგომარეობას ასახელებს. 32 წლის უსინათლო ეკოემიგრანტ გულნარა ირემაძისთვის კი 2014 წელი უამრავ ტკივილთან ასოცირდება:

„მე ამ წელს უფრო მეტად ვიგრძენი, რომ უსინათლო ქალი ვარ (ტირის). სესხი ავიღე და ახლა მისი დაფარვის საშუალება არ მაქვს. ახლა სხვასთან ვარ, ანა დეიდა გვივლის. დილით სკოლაში ერთად მიგვყავს ჩემი შვილები“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია წლის მთავარ მიღწევად ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობას მიიჩნევს. 39 წლის გამგებლის მეხსიერებაში კი 2014 წელი თვითმმართველობის არჩევნებით დარჩება, არჩევნებით, რომელმაც ის გამგებელი გახადა:

„მე ეს წელი დამამახსოვრდება იმით, რომ გამგებლი გავხდი და აქ ჩამოსულს უამრავი პრობლემა დამხვდა. ძალიან ბევრმა პრობლემამ ამიხილა თვალი. ამ პრობლემებს ეტაპობრივად გადავწყვეტთ“.

აღმოსავლეთმცოდნე და ჟურნალისტი ევა ლომთაძე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია, ამბობს, რომ 2014 წელი მის მეხსიერებაში უამრავი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნით და ქალთა მიმართ გამოჩენილი ძალადობით დარჩება:

„სამწუხარო რეალობაა. მახსენდება ილია ჭავჭავაძის ცნობილი შეძახილი ქართველი ერის მიმართ. დღესაც, ამ სიტუაციაშიც, ამავე შეძახილით გვიხდება ქართველებს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება“.

და მაინც, როგორი იყო 2014 წელი? ამ კითხვაზე პასუხი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვინ არის კითხვის ადრესატი, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ყველასთვის საერთო პრობლემად რჩება: ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე და უმუშევრობა.