„ფლოკის“ სენსორი, რომელიც ინდივიდუალურად მონტაჟდება სახლზე და წელიწადში 50 დოლარი ღირს, აღრიცხავს და იმახსოვრებს ყველა გამვლელი მანქანის სარეგისტრაციო ნომერს და ფოტოებს უღებს მათს მძღოლებს. მომავალში სენსორის საშუალებით შესაძლებელი გახდება ფოტოსურათზე აღბეჭდილი სახეების ამოცნობაც.
მოქალაქეებს, რომელთა უბნებშიც დამონტაჟებულია ეს კამერები, შეუძლიათ, თავიდან აიცილონ მონიტორინგი. მაგრამ სტუმრებსა თუ შემთხვევით გამვლელებს ამის საშუალება არ აქვთ.
Your browser doesn’t support HTML5
ბიბისის თანახმად, პროექტის მთავარი დამფინანსებელი და მხარდამჭერია კომპანია „Y კომბინატორი“.ეს არის ე.წ. სტარტაპ-კომპანიების მთავარი სპონსორი, რომელიც აფინანსებს ახალ იდეებს და თავიანთი გეგმების განხორციელებაში ეხმარება გამომგონებლებს. იმავე ბიბისის თანახმად, „Y კომბინატორმა“ დააფინანსა ისეთი აწ უკვე წარმატებული კომპანიები, როგორებიცაა „რედიტი“, „დროპბოქსი“ და „ერ-ბი-ენ-ბი“.
ზოგი ექსპერტის აზრით, ეს მოწყობილობა არ ეწინააღმდეგება აშშ-ის კანონმდებლობას, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დისკუსია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე. როგორც უკვე ითქვა, კამერა იმახსოვრებს ავტომანქანების სალიცენზიო ნომრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემთა ბანკში მოხვდებიან ის მანქანებიც, რომლებსაც გეზი სხვაგან უჭირავთ და იმ კონკრეტულ უბანთან, სადაც კამერაა დამონტაჟებული, ფაქტობრივად, არაფერი ესაქმებათ. ამასთანავე, კამერა ყველა ფეხით მოსიარულესაც დააფიქსირებს. ეს კი პრობლემაა, რადგან ამა თუ იმ სახლთან გავლა სულაც არ ითვლება ვიღაცის კერძო ტერიტორიაზე შესვლად. კომპანია „ფლოკის“ თქმით, ეს მონაცემები მხოლოდ სამეზობლოს ექნება და ინფორმაცია 30 დღის შემდეგ წაიშლება. კომპანიის მესვეურთა განცხადებით, მოწყობილობის მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენციაა.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ აშშ-ის კანონის ერთ-ერთი სუსტი წერტილი ის არის, რომ კანონი ვრცელდება მხოლოდ ვიღაცის კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე, და არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე“, ამბობს ალბერტ გიდარი, სტენფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. „ამა თუ იმ უბანში გაყვანილი სამანქანო გზები, ავტომანქანების სარეგისტრაციო ნომრები, ფეხით მოსიარულეები საზოგადოებრივ ტროტუარებზე - ყველაფერი ეს ‘სამართლიანი თამაშის’ ნაწილია“, დასძენს გიდარი ბიბისისთან საუბარში. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიები ხშირად წარმოშობს ისეთ სიტუაციებს, რომელთა გათვალისწინებაც კანონმდებლებისათვის ადრე შეუძლებელი იყო.
„ახლა, როცა ეს სისტემები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება და გამოსახულების გადასაღები ახალი პლატფორმები თანდათან იაფდება, აუცილებელია, გადავსინჯოთ ჩვენი დამოკიდებულება პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობისადმი. მაგალითად, რამდენიმე შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვებას. ამ შტატებში სახის ამოცნობის ფუნქციამ შეიძლება სერიოზული პრობლემა გააჩინოს.“
მიუხედავად იმისა, რომ „ფლოკის“ ტექნოლოგია შედარებით ახალია, მისი დახმარებით უკვე მოხერხდა ერთი პირის დაკავება. „ეს უიღბლო კაცი შევიდა ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ უბანში“, ამბობს გარეტ ლენგლი, „ფლოკის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. „მან მოიპარა ველოსიპედი, ჩადო ის თავისი მანქანის საბარგულში და წავიდა ჩაწეული მინითა და გახსნილი საბარგულით. ამრიგად, ჩვენ გვაქვს როგორც მისი მანქანის სარეგისტრაციო ნომერი, ისე მისი სახის ამსახველი ფოტოსურათი და ველოსიპედის სურათი, რომელიც საბარგულიდან ჩანს,“ კმაყოფილებას ვერ მალავს
მასალა მოამზადა რადიო თავისუფლების პრაქტიკანტმა ნოდარ ფხალაძემ.