არასამთავრობო სექტორის შეფასებით, 21 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესში, გამოვლინდა სრულიად ახალი ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა სარეგისტრაციო ნომრებით დაინტერესებას უკავშირდება. მესამე სექტორის ნაწილი ამომრჩევლის ნების კონტროლზე აკეთებს აქცენტს და კანონდარღვევად მიიჩნევს, როცა საარჩევნო უბნებზე უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს, რადგან, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი მათგანის პერსონალური მონაცემების გარკვევა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთ ფაქტებში კანონდარღვევას ვერ ხედავს, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე ლაპარაკობენ.
კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი ახალი ტენდენცია, რომელმაც მთელი თბილისის მასშტაბით იჩინა თავი, თავდაპირველად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაახმაურა. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა 21 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში გამართულ ბრიფინგზე, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების პროცესმა, რომელსაც უბნის გარეთ კოორდინატორები უძღვებოდნენ, ახლა კენჭისყრის სივრცეში გადაინაცვლა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიათა წარმომადგენლები ხელს უშლიან, ერთი მხრივ, იმ ადამიანების მუშაობას, რომლებიც აწარმოებენ ამომრჩეველთა რეგისტრაციას და ზოგ შემთხვევაში ისინი აგროვებენ ამ ამომრჩევლების პირად ინფორმაციასაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის არაპირდაპირ ამომრჩევლებზე ზეწოლა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ცესკომ გააკეთოს რეაგირება“.
კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ ამ ახალ ტენდენციას ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელწერად მიიჩნევს როგორც არასამთავრობო სექტორის ნაწილი, ასევე პოლიტიკური ოპონენტები. 21 ოქტომბერს ამის შესახებ აქტიურად ლაპარაკობდა, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და აღინიშნებოდა, რომ ეს ყველაფერი ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით ხდება, ხოლო „ქართული ოცნება“ კანონდარღვევასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ იზიარებდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა 21 ოქტომბერს, აკრძალული არაფერი ხდება:
„ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა აწარმოოს (საარჩევნო უბნის) გარეთ თუ შიგნით, საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“.
სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან კანონდარღვევას არ წარმოადგენს, - აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, რეგისტრაციის ნომერი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ის დასამალი არ არის:
„დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტის წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს ცესკოს პოზიციას, რომ თითქოს ამომრჩეველთა სარეგისტრაციო ნომრების გადამოწმება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა 21 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისი მუხლების დასახელებით (კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი და ასევე ცესკოს 2012 წლის 42-ე დადგენილება), განმარტა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, ის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. განიმარტა ისიც, თუ რატომ არის საფრთხილო ამომრჩევლის სარეგისტრაციო ნომრის გამჟღავნება:
„ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივად არის შესაძლებელი სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით მესამე პირმა გაიგოს რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობა - სახელი, გვარი და სხვა ინფორმაცია. მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი აჩენს სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტის ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის დადგენა, არამედ უბანზე მისული ამომრჩევლის ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში, რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შეგვახსენებს, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, ხოლო საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლი არჩევნების მთავარ პრინციპებად ასახელებს კენჭისყრის ფარულობასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლებას. შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება და კონტროლი, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფლებას.