ახალი სასწავლო წელი მორიგი ცვლილებებით დაიწყო

6 საჯარო სკოლის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ სკოლებში სწავლა სარემონტო სამუშაოების გამო ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადაეცათ, 42 ათას პირველკლასელს კი - სასკოლო კომპიუტერებიც. სასწავლო წელი ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებით, ხოლო 100 საპილოტე სკოლაში ექიმის კაბინეტის გახსნითაც დაიწყო.

53-ე სკოლის მეხუთეკლასელ ნიკა მესხს ახალი სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ მეგობრებთან შეხვედრის გამო გაუხარდა:

„გამიხარდა - კლასელები მომენატრნენ, თორემ სკოლა არა, მასწავლებლები მომენატრნენ და ყველა, აბსოლუტურად“.

ამავე სკოლის მოსწავლის მშობელი ხათუნა ბურჭულაძე ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების თაობაზე ინფორმირებულია და ახალი სასწავლო წლიდან სასიკეთო ცვლილების მოლოდინშია:

„ჩემი შვილი 53-ე სკოლაში სწავლობს და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. კლასში არის 26 ბავშვი - ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ყველა საგნის სწავლებით კმაყოფილი ვარ. ველოდები უფრო მეტს. ახალი გამოწვევებია განათლების სისტემაში და, ვფიქრობ, ეს ჩვენს ბავშვებს წაადგებათ. ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც ცვლილებებია შეტანილი და ეს ცვლილებები, ალბათ, სწავლების პროცესზე აისახება“.

სიახლეები არის როგორც სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგების კუთხით, ასევე სიახლეებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში...
თამარ სანიკიძე

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებსა და სკოლის ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. ის 133-ე სკოლაში სწავლის დაწყების მისალოცად იყო მისული პრემიერ- მინისტრსა და თბილისის მერთან ერთად:

„სიახლეები არის როგორც სკოლების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგების კუთხით, ასევე სიახლეებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილებები შეეხება მეორე უცხო ენის სწავლებას, თვითონ სასწავლო ხანგრძლივობის გაზრდას: 36-კვირიან სასწავლო განრიგზე გადავდივართ, რითაც უკვე მოვდივართ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. უცხო ენა ვახსენეთ და ჩვენ დავიწყებთ მეხუთე კლასიდან უცხო ენის შესწავლას“.

ცნობილია, რომ თბილისის 100 საპილოტე სკოლაში ექიმის კაბინეტი ამუშავდება. წელს, ისევე როგორც შარშან, მოსწავლეებმა სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღეს, თუმცა ამ საკითხს ახლაც კრიტიკულად აფასებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის წევრი გიორგი გახელაძე:

„სამინისტრომ კი არ იყიდა გამომცემლობებისა და ავტორებისგან საავტორო უფლება და ის შრომა, რომელიც მათ გასწიეს, არამედ, უბრალოდ, ჩამოართვა, რითაც ჩვენს მოსწავლეებს, თუკი ასე გავაგრძელებთ, ვასწავლით იმას, რომ ადამიანის საკუთრება, ადამიანის შრომა არაფერი არ ღირს. ამ ინიციატივამ გააუფასურა სახელმძღვანელო. უფასო ნიშნავს არანაირი ღირებულების მქონეს და თუკი ასეთი საზოგადოების შექმნა გვინდა. ეს არ ვარგა“.

რაც შეეხება ექიმის კაბინეტის გახსნას, გიორგი გახელაძის თქმით, ასეთი მზრუნველობითი მომსახურებისკენ მიმართული ინიციატივები არის ძალიან კარგი, მათ შორის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგის მომსახურება სკოლებში, მაგრამ ეს არის საბიუჯეტო მიზანშეწონილობის საკითხი. გიორგი გახელაძის თქმით, კარგია, თუ ამის უზრუნველყოფა ბიუჯეტს შეუძლია და ეს მომსახურება არ დადგება შემდგომში კითხვის ნიშნის ქვეშ.

მაგალითად, თელავში, სადაც სასმელი წყალი მიეწოდებათ გრაფიკით, კვირაში სამჯერ 2-2 საათით, და ამ პირობებში ძალიან ძნელია სისუფთავის დაცვა. ასევე საყურადღებოა ბუფეტიც...
თამარ მოსიაშვილი

გიორგი გახელაძე კრიტიკულად აფასებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ კიდევ ერთ ცვლილებას, რასაც სადამრიგებლო საათის შემოღება ჰქვია. მისი თქმით, ამ საათის დეტალური რეგულირება, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების მოთხოვნაზეა ეს დამყარებული, მაინც შეამცირებს მასწავლებლების ავტონომიურობას და შორდება დეცენტრალიზაციის პრინციპს.

სკოლების საჭიროებებზე საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ, მისი აზრით, მთავარ მოუგვარებელ პრობლემად რჩება რეგიონების სკოლებში ჰიგიენური ნორმების საკითხი:

„მაგალითად, თელავში, სადაც სასმელი წყალი მიეწოდებათ გრაფიკით, კვირაში სამჯერ 2-2 საათით, და ამ პირობებში ძალიან ძნელია სისუფთავის დაცვა. ასევე საყურადღებოა ბუფეტიც. შარშან ერთი წლის განმავლობაში შეხვედრები მქონდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ძალიან ბევრი მოსწავლე აღნიშნავდა, რომ არ იყო კმაყოფილი კვების მომსახურებით“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი სკოლა საჭიროებს რეაბილიტაციას ან, თუ ისინი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ახლის მშენებლობას. მინისტრის სიტყვებით, ამგვარი სკოლების რაოდენობა ეტაპობრივად მცირდება, თუმცა სამინისტროს პრიორიტეტული სკოლებიდან უფრო პრიორიტეტულების ამორჩევა უწევს იმისათვის, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით მოგვარდეს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები.