რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სამუშაოები განაახლეს, ისინი სოფელ ავლევში ორი სატვირთო მანქანით გამოჩნდნენ და ავლეველების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ამ მიწაზე ავლეველებს სიმინდი და ხორბალი მოჰყავდათ.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ერთი ბანერი ცოტა მოშორებით, ოკუპირებულ ოსურ სოფელ იონჩას მიმდებარედ დაამონტაჟეს, მეორე ბანერი კი, დაახლოებით, 20 მეტრის სიღრმეში ერთ-ერთი მოქალაქის მიწის ნაკვეთზე დადგეს და მოსახლეობას კიდევ 100 მეტრით მიახლოება აუკრძალეს. ავლეველებმა ზუსტად არ იციან, საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს რა ტრაექტორიით გაავლებენ და კიდევ რამდენ მიწას მიითვისებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბანერების დამონტაჟების შემდეგ რუსეთის მესაზღვრეებმა ტერიტორია დატოვეს, ავლეველები დაკავების შიშით საკუთარ ნაკვეთებში ვეღარ მიდიან.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ავლევში არსებული პრობლემის შესახებ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა. იგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს, სადაც ბანერები დაამონტაჟეს, ოდითგანვე ავლეველები ამუშავებდნენ და ამჟამად მათი მიწების ოკუპაცია ხდება.
დღეს საღამოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ავლევში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ავლევის განაპირას ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, რომელიც ”მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.