საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებიდან ორთვე-ნახევრის თავზე, საქართველოს პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებებს საფუძვლად უდევს მიმდინარე წლის ოქტომბერში ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები. კონსტიტუციური კანონის ახალი პროექტი ხუთ ცვლილებას ითვალისწინებს: საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებას, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლისთვის შენარჩუნებას, შესწორებებს აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში და, გარდა ამისა, პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებს. წინასწარვე ცნობილია, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი, პროცესს უპასუხისმგებლოს უწოდებს:
Your browser doesn’t support HTML5
„კონსტიტუციის მიღების დღესვე დააანონსეს, რომ იწყებდნენ მუშაობას კონსტიტუციის ცვლილებებეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ძალა ვერ აცნობიერებს, თუ რა პასუხისმგებლობის წინაშეა, და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოლიგარქიული კლანის და ერთი ოჯახის ინტერესებს ემსახურებიან“.
დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძეც:
„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველად განხორციელების დროს ძალიან მწვავე კრიტიკა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვენეციის კომისიისგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მათ ეს კრიტიკა მიიღეს სწორედ იმ ე.წ. ბონუსის სისტემის გამო, რომლის გაუქმებასაც ისინი ახლა გეგმავენ, და ეს არის პასუხი ვენეციის კომისიის ძალიან მწვავე კრიტიკაზე“.
პრეზიდენტის ხელმოწერა არ იყო გაციებული იმ ძველ პაკეტზე, ახალი ცვლილებების ინიცირება რომ დაიწყეს. თუ თქვენ ჩახედავთ იმ ხუთ თუ ექვს ცვლილებას, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, მინიმუმ ნახევარი იმ ცვლილებებში არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მათ შორის ბონუსი...მამუკა კაციტაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი. ამასთან, ის აცხადებს, რომ პარლამენტი მიმდინარე კვირაში მიიღებს ისეთ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც საბოლოოდ ამოწურავს საკონსტიტუციო რეფორმას:
„პარადოქსულობის ხარისხი ოპოზიციური პარტიების განცხადებებისა ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავის დროზე ამ ცვლილებებს ეთანხმებოდნენ, დღეს კი აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადებები. მთავარია, რომ საქართველოს ამ ცვლილებების შედეგად ექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, იქნება ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით იმუშავებს“.
ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მკაცრად გააკრიტიკა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ. მისი სიტყვებით, მთელი ამ პროცესის მსვლელობისას ხელისუფლებამ ოპოზიციის აზრი არანაირი ფორმით არ გაითვალისწინა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება ასეთ მოკლე დროში დაუბრუნდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს, მათ შორის კი იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიცია მიუთითებდა:
„პრეზიდენტის ხელმოწერა არ იყო გაციებული იმ ძველ პაკეტზე, ახალი ცვლილებების ინიცირება რომ დაიწყეს. თუ თქვენ ჩახედავთ იმ ხუთ თუ ექვს ცვლილებას, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, მინიმუმ ნახევარი იმ ცვლილებებში არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მათ შორის ბონუსი. სწორედ ბონუსის სისტემაზე ვამბობდით, რომ ეს არის უსამართლო. და როდესაც მაჟორიტარული სისტემის პირობებში ჩვენ ვამბობდით, რომ მაჟორიტარული სისტემა იძლევა დამატებითი მანდატების მითვისების თუ მოპარვის საშუალებას, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვიწუნებდით იმ ცვლილებებს“.
ახალი ცვლილებების თანახმად, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე. წ. ბონუსის სისტემის ამოღებას. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღება იყო ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა ხელისუფლებას. ეს სისტემა მიუღებელი აღმოჩნდა ვენეციის კომისიისთვისაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეს მექანიზმი ზღუდავდა პროპორციული სისტემის გავლენას უფრო მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ.
ესენი არის სახელმწიფო უსაფრთხოება, მართლმსაჯულების განხორციელება და დანაშაულის თავიდან აცილება. ვერც ერთ საერთაშორისო კონვენციაში ვერ ნახავთ, მაგალითად, რელიგიის თავისუფლებაში ამ საფუძვლებით ჩარევის შესაძლებლობას. სწორედ ამაზე გამოვთქვით ჩვენ უკმაყოფილება...მაკო ღავთაძე
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახალი კანონპრექტით იგეგმება, შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლს. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მუხლი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ შესახებ ევროპის კონვენციის შესაბამისად დაზუსტდება. სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, „სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით”. ახალი ცვლილებების მიხედვით კი, ამ ჩანაწერიდან ამოღებული იქნება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფრაზების ამოღებას ითხოვდნენ გასულ ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ აგვისტოს დასაწყისში ღია წერილით მიმართეს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ვენეციის კომისიას. ისინი წერილში მიუთითებდნენ, რომ ამგვარი ჩანაწერით სახელმწიფო რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს აფართოებდა. წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია იყო „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“. მაკო ღავთაძე, ორგანიზაციის გამგეობის წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერების არსებობა კონსტიტუციაში საგანგაშო სიგნალის მანიშნებელი იყო:
„ესენი არის სახელმწიფო უსაფრთხოება, მართლმსაჯულების განხორციელება და დანაშაულის თავიდან აცილება. ვერც ერთ საერთაშორისო კონვენციაში ვერ ნახავთ, მაგალითად, რელიგიის თავისუფლებაში ამ საფუძვლებით ჩარევის შესაძლებლობას. სწორედ ამაზე გამოვთქვით ჩვენ უკმაყოფილება. ვენეციის კომისიამ არ დააყოვნა და საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა ასეთი ჩანაწერის გაჩენას საქართველოს კონსტიტუციაში - სახელმწიფოს უთხრა, რომ არ შეიძლება იზღუდებოდეს რელიგიის თავისუფლება ასეთი საფუძვლებით“.
რაც შეეხება სხვა დაგეგმილ ცვლილებებს, ფართოვდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო, ეს წესი უცვლელი რჩება. კერძოდ, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში შედის საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, შეიცვლება ტერმინი „ხმოსანი“ და მას საარჩევნო კოლეგიის წევრი ეწოდება.