ზუგდიდში „ენგურის ორივე მხარის დამაკავშირებელი“ საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო

ახალი სამედიცინო ცენტრის მაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 აგვისტოს, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა რუხში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობას. მშენებლობის ადგილზე, სოფელ რუხში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, გაიმართა პროექტის პრეზენტაციაც. პრემიერი შეკრებილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა. მისი თქმით, ეს სწორედ ის პროექტია, წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა, რომ დააანონსა:

„მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება. ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კი დასაქმებულები 600-მდე სამედიცინო პერსონალით განისაზღვრება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირობა დადო, რომ საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს პირადად მიადევნებს თვალს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრი არ იქნება მარტო ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი, არამედ მოემსახურება აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს:

პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი სოფელ რუხში

„აშენდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა. საავადმყოფოს ძირითად კორპუსთან ერთად აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც მოთავსდებიან რეზიდენტები და პაციენტთა ნათესავები. აგრეთვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. ამ პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა - ერთმანეთთან დაგვაკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ, ამ საავადმყოფოში, მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით შეეძლებათ სარგებლობა, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საავადმყოფოს მშენებლობის იდეა ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მისივე ცნობით, სამედიცინო ცენტრი 220 საწოლზე იქნება გათვლილი და მასზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, პროექტი სამინისტროებმა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით შეიმუშავეს:

„ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი არ იქნებოდა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის გარეშე. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, დავით შავლიაშვილს, რომლის სამინისტრომაც ჩაიბარა პროექტი, როგორც ჩვილი, და უკვე 2 წელიწადში ფუნქციონირებაში მყოფ მოზრდილს დაგვახვედრებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალი სამედიცინო ცენტრის საფუძვლის ჩაყრა

მშენებლობის შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა გააცნო:

„კომპლექსის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. სამშენებლო აქტივობა 30 თვის შემდეგ დასრულდება. მშენებლობას სახელმწიფო სამშენებლო კომპანია განახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობაზე დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და გამოყენებული იქნება ადგილზე წარმოებული სამშენებლო მასალები“.

რუხში მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, თვითმმართველი ქალაქების ზუგდიდისა და ფოთის მერებიც იმყოფებოდნენ.