KOK2-ის მრავალფეროვნება

„ეს ახალგაზრდული წამოწყება არ არის ის, რაც აქამდე საქართველოში შეგხვედრიათ. ეს არ არის ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ტიპური მაღაზია ან საქართველოში შემოსული ყველასთვის კარგად ნაცნობი უცხოური ბრენდი, არც 21-ე საუკუნის აღმოჩენაა და, მით უმეტეს, არც უცხოეთიდან ნივთების გამოსაწერი ონლაინ პორტალი. KOK2 – ეს ახალი ქართული ბრენდია, რომლის იდეა და მიზანი ქართულ რეალობაში მეტი მრავალფეროვნების შემოტანაა“, – ასე ახასიათებენ კომპანიის შემქმნელები kok2-ს.

კომპანია რამდენიმე თვის წინ სამმა მეგობარმა დააფუძნა. გარდა კომერციული ინტერესებისა, kok2-ის მიზანი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გაცნობა და მათი პოპულარიზაციაა, რაც, თავისთავად, ხელოვნების ამ დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

Your browser doesn’t support HTML5

KOK2-ის მრავალფეროვნება

არჩილ ავალიშვილი: „იდეა მას შემდეგ წამოვიდა, ჩემმა მეგობარმა facebook-ში თავისი ნამუშევრები ატვირთა და ერთ-ერთი პოსტერის გაყიდვა სცადა. შეიძლება თავიდან მარტივად მოეჩვენოს ვინმეს სოციალურ ქსელში ატვირთული ნახატის გაყიდვა. საქართველოში ილუსტრაციების დაბეჭდვა და შემდეგ გაყიდვა ნაკლებად გვხდება, შესაბამისად, არ არსებობს ეს ბაზარიც. მოგვეწონა ილუსტრაციების ხარისხი, ნამუშევრები და შევთანხმდით იმაზე, რომ ნამუშევრებისთვის კომერციული სახე მიგვეცა და ნამუშევრები მაისურებზე გადაგვეტანა, რომელსაც ყველა ჩაიცვამდა და არ იქნებოდა ჩამოკიდებული მხოლოდ კედელზე“.

იდეას განხორციელება სჭირდება, მაისურზე A4 ფორმატზე დაბეჭდილი ნამუშევარი kok2-ის შემქმნელების გემოვნებაში არ ჯდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ეგრეთ წოდებული all over print-ის ხაზით წასულიყვნენ. სანამ გასაყიდად გამოუშვებდნენ, დატესტეს კიდევაც და სააბოლოო შედეგიც მიიღეს.

ნიკა კოხრეიძე: „რაც შეეხება არტისტებს, პირველ პერიოდში ჩვენ თვითონ ვარჩევდით, ვფიქრობდით, რომ ვიყავით ის ადამიანები, ვინც შევძლებდით მრავალფეროვნების შემოტანას. ის ილუსტრატორები, რომლებიც თავიდან ავარჩიეთ, ნაკლებად ცნობილები იყვნენ ამ კუთხით, ვგულისხმობ მაისურზე ბეჭდვას. მათი მხრიდანაც დიდი იყო დაინტერესება. ერთი მხრივ, ეს იქნებოდა ახალი გამოცდილება, მეორე და მნიშვნელოვანი – მათი დიდი პიარი ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, თითქმის ყოველდღე მოდის არტისტებისგან თხოვნები, რომ მათი ნამუშევრებიც გადავიტანოთ მაისურებზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა“.

Kok2-ის პროდუქციის ფასს ხარისხი და იმ არტისტების ჰონორარი განსაზღვრავს, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ. არტისტებისთვის კი კომერციაზე მეტად მნიშვნელოვანი ის მოტივაციაა, რაც იმ მაისურების გაყიდვიდან მიიღება, რომლებზეც მათი ნამუშევრებია დატანილი. კომპანია სამომავლოდ ამერიკულ ბაზარზეც ფიქრობს გასვლას, შერჩეულია პარტნიორი კომპანიაც, რომელიც ამერიკული ბაზრისთვის შეკერავს და გააფორმებს მაისურებს. Kok2-ის, როგორც დამწყები კომპანიის წარმატების მიზეზი, ნიკა კოხრეიძის თქმით, არის მრავალფეროვანი, ორიგინალური, ხარისხიანი პროდუქტი და ქართველი არტისტების ჩართულობა, რაც პროდუქტს უფრო მეტად ეროვნულს ხდის. გარდა მაისურებისა, უახლოეს მომავალში Kok2 კაპიუშონიანი სვიტერების (hud jacket) გაფორმებას და აქსესუარების გამოშვებას გეგმავს.